ხელოვნება

ნიგვზიანი ბადრიჯანი, “ჯორჯია, ჯორჯია” და რობი უილიამსი დინამო არენაზე

28 მაისი, 2016 • 2274
ნიგვზიანი ბადრიჯანი, “ჯორჯია, ჯორჯია” და რობი უილიამსი დინამო არენაზე

დამოუკიდებლობის დღის მისალოცად ნამღერი “Georgia, Georgia”, თაყვანისმცემლისათვის შესრულებული სასიყვარულო ბალადა და დუეტი მამასთან – ცნობილმა ბრიტანელმა შემსრულებელმა, რობი უილიამსმა ქართველ მსმენელს დინამო არენაზე საათნახევრიანი შოუ შესთავაზა.

მსმენელმა სპორტულ მოედანზე შეკრება 17:00 საათიდან დაიწყო. საკმაოდ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათზე, სცენაზე ბენდი “გრივსონიქსი” გამოჩნდა, რომლებმაც ერთი საათის შემდეგ სცენა ვილიამსს დაუთმეს. მომღერლის შოუს დაწყების დრო ბოლო წუთამდე არ იყო დაზუსტებული. როგორც ორგანიზატორები აცხადებნენ, ეს თავად რობი უილიამსის პირად გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული.

კონცერტზე შესრულდა მომღერლის გულშემატკივრებისათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერები: Feel, Love supreme, Rock DJ, Angels, Millennium. რობი უილიამსმა შოუზე საკუთარი ჰიტების გარდა ცნობილი სიმღერების ქავერებიც იმღერა. მათ შორის Bohemian Rhapsody და We Will Rock You. მომღერალმა ტრადიციისამებრ სიმღერა “She is the One”-ის შესასრულებლად სცენაზე წინა რიგებიდან მსმენელი აიყვანა და მას მიუძღვნა. დინამო არენაზე შეკრებილ მაყურებელს სიმღერა Better Man რობი უილიამსთან ერთად მისმა მამამ შეუსრულა.

მასპინძელი ქვეყნისათვის დამოუკიდებლობის დღის მისალოცად უილიამსმა სიმღერის New York, New York ახალი ვერსია შეასრულა, რომლის ტექსტში სიტყვები “Georgia”-თი ჩაანაცვლა. სიმღერა მოედანზე შეკრებილმა მსმენელმა ერთხმად იმღერა.

კონცერტის დასასრულს სცენაზე წამოწოლილმა მომღერალმა არენაზე შეკრებილ მსმენელთან ერთად იმღერა ფრენკ სინატრას სიმღერა My Way და ასე გამოემშვიდობა საქართველოს.

“მათ ჩემი სიმღერა “ქენდიც” კი იცოდნენ. არც კი მეგონა, ვინმემ თუ იცოდა ქენდის შესახებ,” – დინამო არენაზე შეკრებილმა აუდიტორიამ რობი უილიამსი გააოცა. როგორც თავად განაცხადა, ძალიან მოეწონა ქართველი მსმენელი, თბილისური კლიმატი და ქართული სამზარეულო. როგორც თავად ამბობს, განსაკუთრებით ნიგვზიანმა ბადრიჯანმა და წიწაკამ მოხიბლა.

ბრიტანელი შემსრულებელი რობი უილიამსი დინამო არენაზე. 26.05.16

ბრიტანელი შემსრულებელი რობი უილიამსი დინამო არენაზე. 26.05.16

ბრიტანელი შემსრულებელი რობი უილიამსი დინამო არენაზე. 26.05.16

ბრიტანელი შემსრულებელი რობი უილიამსი დინამო არენაზე. 26.05.16

“სენსაციური შოუ იყო, განსაკუთრებით თბილი აუდიტორიაა, გულწრფელი. გაოცებული ვარ, რომ ჩემი სიმღერების ტექსტები იცოდნენ, იმის მიუხედავად, რომ მე აქ არასდროს ვყოფილვარ.

ექვსი თვეა კონცერტი არ ჩამიტარებია. საკმაოდ ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი სცენაზე დავდექი, ქართველმა მაყურებელმა ხელში ამიტაცა და შოუს ბოლომდე ასე მატარა. ეს მოგონება ჩემთან დარჩება სამუდამოდ. უზომოდ ბედნიერი ვარ და ველი უკან დაბრუნებას,” – განაცხადა უილიამსმა შოუს დასრულების შემდეგ.

კონცერტის შემდეგ კმაყოფილებას ვერ მალავდნენ თავად ორგანიზატორებიც.

“საქართველო არა მხოლოდ “დაჩექინდა” მსოფლიო მუსიკალურ რუკაზე, არამედ ბრწყინავს,” – ასე შეაფასა საღამო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი რამდენიმე კვირით ადრე გაიყიდა. შოუს ქართველი მსმენელის გარდა მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებიც ესწრებოდნენ.

პროექტი “Check in Georgia” უკვე 8 ივნისს ბათუმში ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტით გაგრძელდება „Check In Georgia“ არის კულტურული პროექტი, რომელიც, მთავრობის გათვლით, ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს, მოსახლეობას კი, მეტ შემოსავალს მოუტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი