ხელოვნება

“პორტრეტი შებინდებისას”

9 დეკემბერი, 2011 • 1251
“პორტრეტი შებინდებისას”
თბილისის მე–12 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ამ წუთებში ანგელინა ნიკონოვას ფილმის, “პორტრეტი შებინდებისას” ჩვენება შედგა.

მარინა, რომელიც ცუდ დროს ცუდ ადგილზე ხვდება, დრამატული მოვლენების მორევში აღმოჩნდება. განცდილი დამცირება და ტკივილი მის მანამდე სტაბილურ, უზრუნველყოფილ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. მარინა შურისძიების შანსს ეძებს. ის ყოველდღე ბრუნდება ქალაქის გარეუბანში, სადაც საბედისწერო შეხვედრა შედგა. მაგრამ, როდესაც ბოროტმოქმედს მიაგნებს, ბანალური შურისძიების ნაცვლად ახალგაზრდა ქალი სულ სხვა გზას ირჩევს.

ფილმის ჩვენებას რეჟისორი ანგელინა ნიკონოვაც ესწრება. ნიკონოვამ 2001 წელს დაამთავრა ნიუ იორკის ვიზუალური ხელოვნების სკოლა. მისმა სადიპლომო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა Isosceles მოიპოვა ფლორიდის კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმისთვის და მოსკოვის წმინდა ანას ფესტივალის პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის. 2005 წელს საკუთარი სცენარით გადაიღო დოკუმენტური ფილმი „შემობრუნების წერტილი. “პორტრეტი შებინდებისას” კი მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. რეჟისორის თქმით, ფილმი რეკორდულად მცირე თანხებით გადაიღეს:

“ჩვენ ამ ფილმზე მუშაობისას, მე მგონი, რეკორდი დავამყარეთ, რადგან ფილმი, ფაქტობრივად, ფულის, კინოკამერების და  პროფესიონალი მსახიობების გარეშე გადავიღეთ. გვქონდა მხოლოდ ორი კამერა, თუმცა გვქონდა დიდი სურვილი, გადაგვეღო ნამდვილი კინო.”

ფილმის ბიჯეტი მართლაც რეკორდულად მცირე, 20 000 დოლარია. ანგელინა ნიკონოვას თქმით, მას შემდეგ, რაც ნიუ იორკში სწავლა დაამთავრა, მას რუსეთში კინოს გადაღების საშუალება არ მიეცა, ამიტომ სასოწარკვეთის ზღვარზე მყოფმა, გარისკა და ფილმის ასეთი მცირე თანხებით გადაღება დაიწყო:

“მე ჩემს პატარა გადამღებ ჯგუფს დავპირდი, რომ ის სირთულეები, რაც ჩვენ გადაღებებისას გვქონდა, ეკრანზე არ გამოჩნდებოდა, ვერც ვერავინ გაიგებს იმ სირთულეს, რაც ჩვენ გამოვიარეთ გადაღებებისას. მე ჩემი დაპირება შევასრულე.
ჩემთვის ძალიან საინტერესოა ქართველი მაყურებლის რეაქცია. იმედი მაქვს, რომ კარგად მიიღებენ ფილმს. ჩემი აზრით, ქართველებსა და რუსებს შორის ბევრი საერთოა, ჩვენ იუმორის გრძნობაც ერთნაირი გვაქვს, ემოციურადაც მსგავსი, ძალიან ემოციური ხალხი ვართ. ფილმში არის განსხვავებული კადრები, ისეთიც, რომელმაც შეიძლება შეაშფოთოს მაყურებელი და არის სასაცილო მომენტებიც, რომელზეც იმედი მაქვს რომ პუბლიკა გულიანად იცინებს.” 

თბილისში ფესტივალზე დასასწრებად მთავარი როლის შემსრულებელი ოლგა დიხოვიჩნაიაც ჩამოვიდა:

“ჩვენ გვქონდა სირთულეები, თუმცა ეს არ იყო ის სირთულეები, რაც შემდეგ შეგვხვდა. ჩვენ ამაზე შეგნებულად წავედით, გვინდოდა, რომ გადაგვეღო ფილმი, რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, ყველანაირი მხარდაჭერის გარეშე, პროდიუსერების გარეშე და ჩვენ ეს გაგვაკეთეთ. ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა. ფილმის რეჟისორი დებიუტანტია და ძალიან ძნელია, დააჯერო პროდიუსერი, მხარი დაუჭიროს ადამიანს, რომელიც შეიძლება ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ეს თავისი საქმით ჯერ არ დაუმტკიცებია. ამიტომ ორი გზა არსებობს, ან უნდა ელოდო საჭირო ადამიანებს და საჭირო მომენტს, ან უნდა იმოქმედო. ჩვენი ფილმი დასტურია იმისა, რომ თუკი ძალიან გინდა კინოს გადაღება, შენ ამას გააკეთებ, რადაც არ უნდა დაგიჯდეს. “

რეჟისორიც და მსახიობიც შედეგით კმაყოფილნი არიან. ფილმი „პორტრეტი შებინდებისას“ მთავარი პრიზებით აღინიშნა კინოფესტივალებზე: რეიკიავიკში (The Golden Puffin, Discovery Award) და კოტბუსში (საუკეთესო მხატვრული ფილმი). აგრეთვე, 2011 წელს ნაჩვენები იყო  ვენეციის კინოფესტივალზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი