კინოხელოვნება

ანჯელო კურტიმ მასტერკლასი ჩაატარა

8 დეკემბერი, 2011 • 1165
ანჯელო კურტიმ მასტერკლასი ჩაატარა
თბილისის მე–12 საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იტალიელი პროდიუსერი ანჯელო კურტი იმყოფება.

ფესტივალის გენერალური დირექტორის, გაგა ჩხაიძის თქმით, ინდუსტრიული შეხვედრები, რომელშიც ანჯელო კურტმაც მიიღო მონაწილეობა, ფესტივალის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია:

“ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ წელს იტალიური ფილმების პროგრამა ფართოდ წარმოგვეჩინა, ჩამოგვეტანა ბატონი ანჯელოს ფილმები და სულ რამოდენიმე ფილმითაა წარმოდგენილი ის ქვეყანა, რომელიც კლასიკური კინემატოგრაფიის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.”

ანჯელო კურტი წლების მანძილზე საერთაშორისო მასშტაბის ავანგარდულ თეატრში მოღვაწეობდა. ის 1987 წელს ნეაპოლში დაარსებული თეატრისა და ფილმების მწარმოებელი კომპანიის, Teatri Uniti-ის ერთ–ერთი დამფუძნებელია. კომპანიამ ფილმების წარმოება 1990–ანი წლების დასაწყისში დაიწყო, რომელთაგანაც ბევრი ფილმი მთავარ საერთაშორისო ფესტივალებზე, მათ შორის, ვენეციის, კანის, ბერლინის და ა.შ  იყო წარდგენილი.

ანჯელო კურტის მიერ გამართული მასტერკლასიც თეატრსა და კინოს შეეხებოდა.
მასტერკლასი თემაზე “თეატრსა და კინოს შორის” დაგვიანებით დაიწყო:

“ნეაპოლიტანელები და ქართველები რაღაცით გვანან და მე ქართულ დაგვიანებასაც გავიგებ”, – აღნიშნა პროდიუსერმა, რომელმაც მასტერკლასი სწორედ ქვეყნებზე საუბრით დაიწყო:

“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს, რომ შესაძლებლობა მომცეს, პირველად ჩამოვსულიყავი საქართველოში, იმ ადგილას, რომლის შესახებაც სხვადასხვაგვარად მსმენია. იმ გამოცდილებიდან, რაც ამ ქვეყანასთან დაკავშირებით მაქვს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსა და ნეაპოლს შორის ძალიან მჭიდრო კავშირი არსებობს”.

ანჯელო კურტის თქმით, მან საქართველოს შესახებ პირველად ერთ–ერთი ფილმიდან გაიგო, რომელსაც “ფრენის ელეგია” ჰქვია და რომელიც ბრიუსელში მცხოვრები ქართველი მხატვრის შესახებ მოგვითხრობს:

“მე ვიყავი პროდიუსერი ფილმისა, რომელიც ბელგიაში და თბილისშია გადაღებული და სადაც თბილისის ძალიან ლამაზი პეიზაჟებია. ვნახე საქართველოში გადაღებული ულამაზესი ვიზუალური კადრები, არაჩვეულებრივი ქართული მუსიკა, ცეკვა და სუფრა. ამის შემდეგ მე ძალიან დიდი ინტერესი გამიჩნდა, სიმართლე გითხრათ, ჯერ არც მინახავს არაფერი, გვიან ჩამოვედი, მაგრამ სასტუმროდან სანამ ფეხით მოვედი, ამ ქვეყნის სული უკვე ვიგრძენი.”

მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ზემოთ აღნიშნული ფილმის ნაწყვეტი იხილა, ანჯელო კურტიმ საუბარი კინოსა და თეატრზე გააგრძელა:

“იტალიაში კინოსა და თეატრის მსახიობები ძალიან გამიჯნულები არიან, შეიძლება ითქვას, სხვადასხვა ჯგუფებად არიან გაერთიანებული, თუმცა  დღეს კინოს და თეატრის გავლენა ერთნაირად შესუსტებულია. გასულ საუკუნეში კინო, ისევე, როგორც ოპერა, კომუნიკაციის ერთ ერთ–ერთი ენა იყო. თუ უფრო ღრმა წარსულში წავალთ, იგივე ფუნქცია ჰქონდა მხატვრობას, მას შემდეგ, რაც ინტერნეტი და DVD შემოვიდა, კინემატოგრაფია, როგორც ინდუსტრია, აღარ არსებობს, მისი ფუქნქციები შეიცვალა”.

პროდიუსერის თქმით, დღეს ფილმების უმეტესობას ადამიანები კომპიუტერში უყურებენ და არა – კინოში. მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიების შემოსვლის შემდეგ კინოს საუკეთესო მომავალი არ ელის, თუმცა ამავე დროს ახალმა ტექნოლოგიებმა კინოს ისეთი შესაძლებლობები მისცა, რაზეც ადრე ვერასოდეს ვიოცნებებდით.

ანჯელო კურტიმ საზოგადოებას იტალიაში არსებული სიტუაცია გააცნო:

“დღეს იტალიაში ვეღარ იგებენ ფელინისა და ანტონიონის ფილმებს. საზოგადოება ითხოვს, რომ ყველაფერი იოლი და ადვილად გასაგები მიაწოდო, ისეთი, როგორიც იაფფასიანი ტელესერიალებია. ამიტომ დღეს იტალიაში უფრო მეტი თანხები სერიალებსა და ტელე–შოუებში იდება, ვიდრე კინოში. დღეს იტალიის ტელევიზიებით კვირაში მაქსიმუმ ორი მხატვრული ფილმი გადის, რადგან ხალხი ამ ფილმებს უბრალოდ ვერ იგებს”.

ბოლოს ანჯელო კურტიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ხდება ტელევიზიის მეშვეობით საზოგადოებაზე ზეგავლენა, რომ ამას პოლიტიკოსები ძალიან კარგად იყენებენ. პროდიუსერმა დამსწრე საზოგადოებას ქართული თეატრისა და კინოს შესახებაც დაუსვა შეკითხვები.

იტალიელი პროდიუსერის საქართველოში სტუმრობა იტალიის საელჩოს დახმარებით მოხერხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი