კინოხელოვნება

კინოფესტივალს რეჟისორი ლეო კარაქსი სტუმრობს

8 დეკემბერი, 2011 • 1637
კინოფესტივალს რეჟისორი ლეო კარაქსი სტუმრობს

თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალს ცნობილი რეჟისორი ლეო კარაქსი ეწვეია. ფესტივალზე რეჟისორის სამ ფილმს აჩვენებენ.

7 დეკემბერს, 21:00 საათზე, ფილმის ჩვენების შემდეგ, რეჟისორი მაყურებელს და ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

ცნობილი ფრანგი კინორეჟისორის, „ახალი ტალღის“ ერთ–ერთი უკანასკნელი წარმომადგენლის, ლეო კარაქსის ფილმები პოეტური სტილით და სიყვარულის თავისებური აღქმით გამოირჩევა.

ლეო კარაქსი რეჟისორის ფსევდონიმია და მისი ნამდვილი სახელის ანაგრამას წარმოადგენს (Alex Oscar – Leos Carax). ლეო კარაქსმა თავისი პირველი ფილმის, „ბიჭი ხვდება გოგოს“ გადაღებებზე დაიწყო თანამშრომლობა იმ დროს უმუშევარ მსახიობთან დენი ლავანთან, რომელიც მისი ალტერ–ეგო გახდა და ყველა მის მომდევნო ფილმში მიიღო მონაწილეობა.

კარაქსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „ბიჭი ხვდება გოგოს“ (1984), „ბინძური სისხლი“ (1986), „შეყვარებულები ხიდზე“ (1991), „პოლა იქსი“ (1999).

7 დეკემბერს მაყურებელმა ფილმი “ცუდი სისხლი” იხილა.

საფრანგეთი,1986

პარიზი უახლოეს მომავალში. ხანშიშესულ ქურდებს, მარკსა და ჰანსს, საშიში ამერიკელი ქალის დიდი ვალი აქვთ, რომელიც ორ კვირაში უნდა დააბრუნონ. მარკი და ჰანსი გადაწყვეტენ, მოიპარონ და გაყიდონ ვაქცინა ახალი უცნაური დაავადების წინააღმდეგ, რომელიც ახალგაზრდებს კლავს, თუ მათ სექსი აქვთ სიყვარულის გარეშე. მაგრამ ამ საქმეს სწრაფი და მტკიცე ხელები სჭირდება, ამიტომ ისინი მეამბოხე მოზარდს, ალექსს დაიქირავებენ. ალექსი მეგობარ გოგონას, ლიზას მიატოვებს, რადგან მარკის ახალგაზრდა საყვარელი, ანა შუყვარდება…

8 დეკემბერს, 19:00 საათზე, შეგიძლიათ იხილოთ ფილმი “შეყვარებულები ხიდიდან” (საფრანგეთი,1991).

ორი უსახლკარო ახალგაზრდის სიყვარულის ამბავი პარიზის უძველეს ხიდზე, პონტ ნეფზე ვითარდება, რომელიც სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო დაკეტილია. ალექსი, ცირკის ყოფილი მსახიობი, ხიდზე ცხოვრობს, სვამს, ქურდობს და ნარკოტიკებს ყლაპავს. ხიდს შეაფარებს თავს მიშელიც, მხატვარი, რომელმაც სახლი დატოვა, რადგან სიყვარულში არ გაუმართლა და თვალის დაავადების გამო ნელ-ნელა ბრმავდება…

 

9 დეკემბერს, 15:00 საათზე, ნაჩენები იქნება “პოლა იქსი” (საფრანგეთი / შვეიცარია / გერმანია / იაპონია,1999)

ნორმანდიაში, სენის სანაპიროზე, პიერი დედასთან ერთად ცხოვრობს სასახლეში. ისინი ძალიან ლამაზები არიან, მდიდრები და უზრუნველები. ყოველ დილას პიერი მამის დანატოვარი ველოსიპედით თავისი საცოლის, ლუსის მოსანახულებლად მიდის. ერთ ღამეს დედა პიერს უცხადებს, რომ მისი და ლუსის ქორწილის თარიღი გადაწყვეტილია. პიერი მაშინვე ველოსიპედზე ჯდება და ლუსისთან მიდის, რომ ახალი ამბავი შეატყობინოს. გზად, ტყეში, პიერს ნაღვლიანი ახალგაზრდა ქალი ეცხადება, რომელიც უცნაური აქცენტით ამცნობს, რომ ის მისი დაა, იზაბელი…

მასალების გადაბეჭდვის წესი