კინოხელოვნება

“ჩემი ცხოვრების ერთი დღე”

7 დეკემბერი, 2011 • 3162
“ჩემი ცხოვრების ერთი დღე”

დღეს თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალზე “ევროპის სახლის” პროექტის ფარგლებში ოთხი რეჟისორის მიერ ერთ თემაზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართა.

რეჟისორებს ფილმები უნდა გადაეღოთ თემაზე – “ჩემი ცხოვრების ერთი დღე”.

ფესტივალზე ნაჩვენები იქნა ფილმები: “ბედისწერა” (ესმა ხურხუმალი), “პატარძალი” (ასკოლდ კუროვი), “ასეთი უსასრულოა დრო” (ვიქტორ ცატრიანი) და “მირზას დაბადების დღე” (კონსტანტინე ჩლაიძე).

“ვცდილობდი, რომ ფილმი სახალისო და სასაცილო გამოსულიყო. გადაღება ახლახან დამთავრდა და მაყურებელმა პირველად დღეს ნახა ფილმი. მომავალში ალბათ “ევროპის სახლი” ფესტივალებზეც ოთხივე ფილმს ერთად  გაგზავნის, თუმცა რეჟისორებსაც გავქვს უფლება, ნებისმიერ ფესტივალზე ისე წარვადგინოთ, როგორც დამოუკიდებელი ფილმი,” – ამბობს კონსტანტინე ჩლაიძე.

„ჩემი ცხოვრების ერთი დღე“ ევროპის სახლის მიერ ორგანიზებული პროექტის „მოიმარჯვეთ კამერები! ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების საერთაშორისო კინოკამპუსის“ ნაწილია.

კინომცოდნე ნინია კაკაბაძის თქმით, ასეთი პროექტები ყოველთვის საინტერესო შედეგს იძლევა:

“მე მიყვარს ასეთი გაერთიანებული პროექტები. ექსპერიმენტის სახე აქვს ხოლმე, როცა თემა ერთია და სხვადასხვა ავტორი მუშაობს. ბუნებრივია, ყოველთვის არ ხდება ისე, რომ ყველა ნაწილი ერთნაირად კარგი იყოს. ეს არის პატარა კინოპროექტი, რომელიც ძალიან მინიმალური დაფინანსებითაა გაკეთებული მინიმალურ დროში და ფილმებიც 5-6 წუთზე მეტხანს არ გრძელდება. ყველა ფილმი ერთად, შეიძლება ითქვას, რომ განწყობას ქმნის. ალბათ არ ვიქნები მიკერძოებული, თუ ვიტყვი, რომ ქართული ფილმი დანარჩენ ფილმებთან შედარებით უკეთესი იყო, არა მარტო შინაარსობრივად, არამედ კინემატოგრაფიული თვალსაზრისით– გამოსახულება, მონტაჟი, გრაფიკა– ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ქართული ფილმი ყველაზე დახვეწილი იყო.”

ფილმზე მუშაობასთან ერთად ახალგაზრდა რეჟისორები მონაწილეობას იღებდნენ კინორეჟისურის პრაქტიკულ სასწავლო სესიებშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი