კინოხელოვნება

“ნადერი და სიმინი, გაყრა”

7 დეკემბერი, 2011 • 2449
“ნადერი და სიმინი, გაყრა”

ფესტივალის მეორე დღე სპეციალური ჩვენებით გაიხსნა – “ნადერი და სიმინი, გაყრა”, ირანელი რეჟისორის ასღარ ფარჰადის ფილმი ერთადერთი აზიური ნამუშევარია, რომელიც წლევანდელ ფესტივალზე აჩვენეს.

როგორც ფესტივალის გენერალური დირექტორი გაგა ჩხაიძე ამბობს, წელს აზიური ფილმების სექცია ფინანსური პრობლემების გამო არ არის:

“ასღარ ფარჰადი ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია. მისი ერთი ფილმი ბერლინის კინოფესტივალზე აჩვენეს, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ამიტომ ველოდი მის შემდეგ ნამუშევარს. “გაყრა” არის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, რაც ბოლო წლებში მინახავს. ფილმმა “ოქროს დათვი” აიღო და მთელი მსოფლიოს ფესტივალები მოიარა. ჩვენ წელს ფესტივალზე აზიური სექცია არ გვაქვს, თუმცა ჩავთვალეთ, რომ ამ ფილმის გამო ყველანაირი საფასურის გადახდა ღირდა. მოვიწვიეთ რეჟისორიც, თუმცა, სამწუხაროდ, ჩამოსვლა ვერ მოახერხა.”


ფილმი ერთი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. სამინს ქმართან და ქალიშვილთან ერთად ირანის დატოვება უნდა და ამისთვის ყველაფერი მომზადებული და შეთანხმებული აქვს, მაგრამ ნიდერი, მისი ქმარი, გამგზავრებაზე უარს იტყვის. მას არ უნდა მიატოვოს მამა, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება აქვს, სიმინი სახლიდან მიდის, ხოლო ნადერს მამის მომვლელად უცხო ქალბატონის აყვანა უხდება.

ჩვენებას ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძეც ესწრებოდა:

“საერთოდ, ირანული კინო ძალიან საინტერესოა, ხშირად ჰგონიათ ხოლმე, რომ ირანელი რეჟისორები მხოლოდ პოლიტიკური სიტუაციით არიან დაინტერესებული და ფილმებს აქედან გამომდინარე იღებენ, თუმცა ასე არაა. მე რამდენიმე წლის წინ ფესტივალზე ასარჩევად 25-ზე მეტ ფილმს ვუყურე და აღმოვაჩინე, რომ ყველა ირანულ ფილმს, მიუხედავად იმისა, ხარისხიანია თუ არა, აქვს რაღაც საინტერესო თემა, რაც გაიძულებს, რომ ბოლომდე უყურო.

დღევანდელი ფილმი შთამბეჭდავი და საინტერესო იყო. მე ვისურვებდი, რომ საქართველოში ასეთ ადამიანურ პრობლემებზე დაიწყონ ფილმების გადაღება და არა იმ სრულიად უაზრო და უგემოვნო, თითიდან გამოწოვილ ისტორიებზე, რაზეც იღებენ. ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ირანული კინოსგან. არის თემები, რომლებზეც მედია ხშირად არ საუბრობს, ირანული კინო კი ცდილობს ეს ჩაანაცვლოს. ეს ეხება არა მარტო პოლიტიკას, ეხება რელიგიას და სხვადასხვა ტაბუდადებულ თემებს. ირანული კინო ცდილობსმ საზოგადოებას შეუქმნას საფუძველი, რომ მსგავს თემებზე ისაუბრონ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი