ხელოვნება

Candy-მ საბავშვო ევროვიზიაზე გაიმარჯვა

4 დეკემბერი, 2011 • 1801
Candy-მ საბავშვო ევროვიზიაზე გაიმარჯვა

საბავშვო “ევროვიზია 2011”-ის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი “Candy” გახდა. ჯგუფმა 108 ქულა მოიპოვა სიმღერით Candy Music.

მეორე ადგილზე 103 ქულით ჰოლანდიის წარმომადგენელი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ბელორუსიას ხვდა წილად 99 ქულით.

რიგით მეცხრე საბავშვო “ევროვიზიაზე”, რომელიც ერევანში, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში ჩატარდა, სულ 13 კონკურსანტი ქვეყანა მონაწილეობდა.

გამარჯვებული მაყურებლის ხმის მიცემის და ჟიურის ერთობლივი ძალისხმევით გამოვლინდა.

საქართველო “საბავშვო ევროვიზიის” გამარჯვებული მეორედ გახდა, პირველად 2008 წელს კვიპროსზე ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი “ბზიკები” გახდნენ, ისინი Candy-ს მხარდასაჭერად წლევანდელ კონკურსზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ.

ჯგუფი Candy კი, რომელმაც საქართველოს გამარჯვება მოუტანა, 5 წევრისგან შედგება: მარიამ ღვალაძე, ირა კოვანენკო, ირინა ხეჩანოვი, გვანცა სანებლიძე და ანა ხანჩალიანი.
ჯგუფმა დისკო სტილში შექმნილი სიმღერა Candy Music შეასრულა. სიმღერის თემა ტკბილეულია. სპეციალურად სიმღერისთვის დაიდგა ცეკვაც შოუს ელემენტებით.

საქართველო საბავშვო “ევროვიზიის” კონკურსში წელს მეხუთედ მონაწილეობდა.
2007 წელს მარიამ რომელაშვილმა როტერდამში მე-4 ადგილი დაიკავა;
2008 წელს კვიპროსზე ჯგუფმა “ბზიკებმა” გაიმარჯვეს
2009 წელს კიევში “პრინცესები” მეექვსე ადგილზე გავიდნენ
2010 წელს მინსკში მარიამ კახელიშვილმა მეოთხე ადგილი დაიკავა.
წელს კი გამარჯვება ჯგუფმა Candy-მ მოიპოვა.

2012 წლის საბავშვო ევროფესტივალს ჰოლანდია უმასპინძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი