კინოხელოვნება

კინოფესტივალი “პრომეთე” 6 დეკემბერს გაიხსნება

4 დეკემბერი, 2011 • 1533
კინოფესტივალი “პრომეთე” 6 დეკემბერს გაიხსნება
თბილისის მე–12 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში, რომელიც 6 დეკემბერს გაიხსნება, ცვლილებაა. როგორც ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა, გაგა ჩხაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “საერთაშორისო კონკურსი გაუქმდა და ცოტა ხნით ჩვენმა პრომეთემ დაისვენა”, შესაბამისად, წელს ოქროს და ვერცხლის პრომეთე არ გადაიცემა.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის გაუქმება ფინანსების ნაკლებობამ გამოიწვია:

“ჩვენ თავიდან გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნებოდა სტიმული განსაკუთრებით ახალგაზრდა რეჟისორებისთვის და გადავცემდით ოქროს და ვერცხლის პრომეთეს. თუმცა კინოინდუსტრიაში ფასები ყოველ წელს იზრდება, თუკი შარშან ფილმზე ლიცენზიის საშუალო ფასი 500 ევრო იყო, წელს ეს რიცხვი 1000–მდე და 1500–მდეც კი გაიზარდა. სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ ფესტივალებს შორის მუდმივად მიდის ხოლმე კონკურენცია და ვინც მეტს გადაიხდის, ფილმიც მისია. დღეისათვის ვიტყოდი, რომ ფინანსური თვალსაზრისით იმ თანხის 50% გვაქვს, რასაც ვისურვებდით, რომ გვქონდეს.” – განაცხცადა გაგა ჩხაიძემ. მისივე თქმით, სახელმწიფო სტრუქტურებიდან ფესტივალის დაფინანსება 80 000 ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.

როგორც  საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პროექტების დაფინანსების მენეჯერი მანანა მაისურაძე აცხადებს, კინოცენტრის მხრიდან დაფინანსების შემცირებას ობიექტური მიზეზები აქვს:

“შარშან ფესტივალს 70 000 მივეცით, წელს ეს ციფრი 50 000–მდე შემცირდა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ კინოცენტრს წელს ნაკლები ბიუჯეტი ჰქონდა ფესტივალებისთვის გამოყოფილი, ჩვენ ყველა ფესტივალს ვაფინანსებთ და ვუჭერთ მხარს, რაც კი საქართველოში ტარდება. წელს ახალი ფესტივალები დაემატა და თანხის გადანაწილება ისე მოხდა, რომ ამ ფესტივალის დაფინანსბეა შემცირდა.”

თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელის ნეკა სებისკვერაძის თქმით, წელს ფესტივალს მათი მხრიდან დაფინანსება პირიქით გაეზარდა:

“შარშან 40 ათასი ლარით ვაფინანსებდით, წელს 50 ათას ლარამდე გავზარდეთ თანხა. ვთვლით, რომ ფესტივალი არის ძალიან პრესტიჟული და პრიორიტეტული ქალაქის კულტურული ცხოვრებისთვის და სჭირდება დახმარება მეცენატისებისგან თუ კერძო სექტორისგან. ვისაც კინო უყვარს, დამეთანხმება, რომ ეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი მოვლენაა. როგორც ყოველთვის, ფესტივალი საინტერესოა თავისი მრავალფეროვანი პროგრამით და ვფიქრობ, რომ ის მაყურებელი, ვინც ფესტივალს წლიდან წლამდე ელოდება, ნამდვილად ისიამოვნებს”

ფესტივალის დირექტორის, ნინა ანჯაფარიძის განცხადებით, ერთ–ერთი პრობლემური საკითხი ფილმების ჩამოტანასაც უკავშირდება:

“გარდა იმისა, რომ დიდ წინაღობას ქმნის რუსეთის საბაჟო, პრობლემა ისიცაა, რომ ქალაქში არ არის მუნიციპალური კინო, არ არსებობს საფესტივალო კინოთეატრი, რაც ჩვენთვის ზედმეტი ხარჯია, რადგან მინიმუმ 20 000 ლარი მარტო კინოთეატრის დაქირავებაშია გადახდილი.”

აღნიშნულიდან გამომდინარე, წლევანდელი ფესტივალი “კინოთეატრი რუსთაველის” ნაცვლად კინოთეატრ “ამირანში” ჩატარდება.

გაგა ჩხაიძის განცხადებით, მიუხედვადა ყველაფრისა, ფესტივალი წელს მაინც ბევრ სიურპრიზს და საინტერესო პროგრამას პირდება აუდიტორიას.
ფესტივალს 11 დეკემბერს ალექსანდრე მინდაძის ფილმი “შაბათ დღეს”(რუსეთი/გერმანია/უკრაინა) დახურავს. ფილმი ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქების შესახებ მოგვითხრობს. ფილმი წელს ბერლინის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა.

თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იქნება შვედური პროგრამა “სიყვარულით შვედეთიდან”, რომლის ფარგლებშიც შვედური 9 ფილმის ჩვენება შედგება. არც ერთი ფილმი მანამდე საქართველოში არ უჩვენებიათ.

ფესტივალის ერთ–ერთი მხარდამჭერი გოეთეს ინსტიტუტია. ინსტიტუტის დირექტორის სტეფან ვაკვიცის განცხადებით, ფესტივალი როგორც საქართველოსთვის, ასევე გერმანელი რეჟისორებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა:

“ჩემი აზრით, საქართველო კულტურული კუთხით უფრო და უფრო საინტერესო ხდება. გერმანიიდან 7 ფილმი იქნება ნაჩვენები. პანორამა “made in Germany”–ს ფარგლებში ჩამოდიან რეჟისორები, ერთ–ერთი ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი და კინოკრიტიკოსები.”

გარდა შვედური და გერმანული პროგრამის,ა ფესტივალზე 60–ზე მეტი ფილმი იქნება წარმოდგენილი:

  • ევროპული კინოს ფორუმი
  • დამოუკიდებელი ამერიკული კინო
  • რეჟისორი ფოკუსში
  • თბილისელი დიდოსტატები
  • სპეციალური ჩვენება
  • მოიმარჯვეთ კამერები!
  • ქართული პანორამა
  • Pitch.Doc
  • მასტერკლასები

Pitch.Doc–ს, ანუ დოკუმენტური ფილმების სცენარების ტრადიციულ კონკურსს წელს ეროვნული კინოცენტრი აფინანსებს, რომელმაც გამარჯვებულისთვის 2500 ლარი პრემია დააწესა. გარდა ამისა, ქართული პანორამიდან საუკეთესო ფილმისთვის პრიზი დააწესა საქართველოს ბანკმაც, სიმბოლური პრიზები გაიცემა ფესტივალის მხარდამჭერებისგანაც, თუმცა ეს ყველაფერი დახურვის დღეს გაირკვევა.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან 30–ზე მეტი სტუმარი ეწვევა, მათ შორისაა: ესტონეთი, რუსეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, აშშ, ჩეხეთი ისრაელი და ა.შ.

პროფესიონალებისთვის მოეწყობა მასტერკლასები, ხოლო მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს და გაესაუბროს რეჟისორებს, მსახიობებსა და პროდიუსერებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

თბილისის მე–12 საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორი კინოხელოვნების ცენტრი “პრომეთეა”, ხოლო ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, ეროვნული კინოცენტრი, შვედეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო, ფრანგული ინსტიტუტი თბილისში.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 3 ლარი იქნება. კინოთეატრ ამირანში ბილეთების გაყიდვა პროგრამის მიწოდებისთანავე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი