ხელოვნება

აღმაშენებლის გამზირის ახალი სიცოცხლე

17 ნოემბერი, 2011 • 4130
აღმაშენებლის გამზირის ახალი სიცოცხლე
აღმაშენებლის გამზირის ერთი ნაწილის რეაბილიტაციის პროექტი ხელოვნებათმცოდნეების შენიშვნების გათვალისწინების გარეშე სრულდება.  “ჩვენ რასაც ვამბობთ ბოლომდე მივიყვანთ, მიუხედავად იმისა, ვინ როგორ გაგვლანძღავს” – ეს  სიტყვები პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  2010 წლის იანვარში აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების მონახულებისას წარმოთქვა.

თბილისში პროექტ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ფარგლებში აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია 2009 წლიდან დაიწყო. თუმცა მუშაობის დაწყებისთანავე შენობების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით პრობლემებმა იჩინა თავი.

სარეაბილიტაციო არეალი მოიცავდა ტერიტორიას, დაწყებული თამარ მეფის გამზირიდან  დასრულებული მარჯანიშვილის მოედნით.  ამ დროის განმავლობაში რამდენიმე სახის სამუშაო უნდა ჩატარებულიყო:

“ჩვენი პროგრამა – „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“– რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: ერთი არის მშენებლების სტიმულირება, ძველი სახლებიდან მოსახლეობისთვის ახალი ბინების მიცემა, მეორე არის  პირდაპირი რეაბილიტაცია, რომელშიც იგულისხმება მთელი კომუნიკაციები, რადგან სწორედ კომუნიკაციები აზიანებენ სახლებს და იგულისხმება სახლების ფუნდამენტური გამაგრება”, – განაცხადა თბილისის მერმა, გიგი უგულავამ სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების შემდეგ, 2010 წლის იანვარში.

ხელოვნებათმცოდნეების აზრით, რეაბილიტაციის შემდეგ აღმაშენებლის გამზირს ისტორიული იერსახე დაეკარგებოდა. თუმცა ”თბილისის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელის გიორგი საბანაძის განცხადებით, ხდებოდა მხოლოდ შენობების ისტორიული იერსახის აღდგენა, ამ პრობლემების განსახილველად ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარმა” განვითარების ფონდსა და იმ ექსპერტებს შორის, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ, შეხვედრა მოაწყო.

როგორც თამარ ამაშუკელი ამბობს, შეხვედრის შემდეგ პროექტში გარკვეული დეტალები შეიცვალა. მსჯელობის ძირითად საგანს კინოთეატრი” აპოლო” წარმოადგენდა. პროექტის მიხედვით აპოლოზე სართულნახევრის დაშენება იგეგმებოდა, შეხვედრის შემდეგ კი აპოლოს სახურავმა დაიწია.

თუმცა, გარდა კინოთეატრისა, კულტუროლოგ ცირა ელისაშვილის განცხადებით, არასწორი რეაბილიტაცია ჩაუტარდა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე თითქმის ყველა შენობას.
შეიძლება გამოიყოს ორი მთავარი პრობლემა
1.დაშენებები
2.შენობების ფასადები

“თითქმის მთელ ქუჩაზე კეთდება არასწორი დაშენებები. დაშენება გაკეთდა პასტერის ქუჩასთან მდებარე ორ შენობაზე, ასევე გაურკვეველი გუმბათები აქვს დაშენებული აგურის შენობას, რომელიც აღმაშენებლისა და თამარ მეფის კუთხეში დგას და ფაქტიურად ყველა სახლზე, რომელიც აღმაშენებელზე დგას და რომელსაც მანსარდი აქვს. ცოტა პარადოქსულია, თუკი სახლები იყო დაზიანებული და გასამაგრებელი, მაშინ რატომ ვამატებთ კიდევ დამატებით სართულს, რომელიც უფრო ამძიმებს ამ მდგომარეობას?!” – ამბობს ცირა ელისაშვილი.

მისივე განცხადებით, ეს მანსარდები ისტორიულად შენობებს არასოდეს ჰქონიათ. ეს კარგად ჩანს თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტში არსებულ ფოტომასალაშიც.

რაც შეეხება შენობის ფასადებს, ცირა ელისაშვილის თქმით, შენობებზე მთლიანად ხსნიან და ახალ, სრულიად სხვა მასალისგან დამზადებულ ფასადებს ამაგრებენ:

“თუ ადრე ეს ფასადები “სტუკოს” ტექნიკით იყო შესრულებული, ახლა ეს არის მხოლოდ თაბაშირში ჩამოსხმული დეტალები, ეს ორი კი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. იქ, სადაც ადრე კირი იყო გამოყენებული, ახლა ცემენტით ლესავენ. ფასადზე მთლიანად მოიხსნა ნალესობა, დავიდნენ აგურის დონეზე და შემდეგ ახალი ჩამოსხმული ფასადი მიაწებეს შენობას”.

იგივე პრობლემაზე საუბრობს თამარ ამაშუკელიც:

„როდესაც რაიმე შენობა არის კულტურული მემკვიდრეობა, მნიშვნელოვანია მისი ნებისმიერი დეტალი: ფასადი, კარი, ფანჯარა და ა.შ.“ – განმარტავს ის და იმ კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს, რომლითაც აღმაშენებლის გამზირზე მთელი რიგი შენობების ავთენტიკურობა იქნა დარღვეული:

„მაგალითად, აღმაშენებლის 93 ნომერში იყო ძველი კარი, რომელიც ჩამოხსნეს და თითქოს ისევ ისეთივე გააკეთეს, მაგრამ რეალურად ეს ახალი კარი ძველისგან ძალიან შორს დგას. თითქმის ყველგან ხის ნაცვლად მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებია მიმაგრებული, ასევე, თითქმის ყველგან ჩამოხსნეს ძველი აივნები და შენობებს ახალი აივნები გაუკეთეს. წარმოიდგინეთ, რომელიმე ფერწერული ნამუშევარი, მხოლოდ იმიტომ, რომ დაზიანებულია, ჩამოვფხიკოთ და ახალი დავხატოთ. ეს აღარ იქნება ორიგინალი, ეს იქნება ასლი. შენობა კარგავს ავთენტიკურობას და ჩნდება კითხვა, არის თუ არა ის კულტურული ძეგლი?”

“ჩვენ რასაც ვამბობთ, ბოლომდე მივიყვანთ, მიუხედავად იმისა, ვინ როგორ გაგვლანძღავს” – ეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია, რომელიც მან 2010 წლის იანვარში აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების მონახულებისას წარმოთქვა.

მართლაც, სამუშაოები ისე სრულდება, ხელოვნებათმცოდნეების აზრი არ გაუთვალისწინებიათ. თუმცა უკმაყოფილება რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვიერად გამოითქვა, ამ საკითხზე არანაირი საჩივარი არ დაწერილა.

იმას, რომ საჩივარი არ შესულა, გიორგი საბანიძეც ადასტურებს:

“პროექტები შეთანხმებული და დამტკიცებულია, თუკი ვინმეს პრეტენზია გააჩნია, ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს საჩივრით გაერთიანებულ სამეცნიერო მეთოდურ საბჭოს”.

როგორც თამარ ამაშუკელი ამბობს, აღმაშენებლის იმ ნაწილთან დაკავშირებთ, რომლის რეკონსტრუქციაც თითქმის დამთავრებულია, შენიშვნების შეტანას არ აპირებენ:

“აღმაშენებლის იმ ნაწილს, რომლის მშენებლობაც სრულდება, უკვე აღარაფერი ეშველება. ახლა უკვე შევეცდებით, აღმაშენებლის მეორე ნაწილის გადასარჩენად ვიზრუნოთ.”

მიხეილ სააკაშვილის აზრით კი, აღმაშენებლის გამზირს გადარჩენა არ სჭირდება:
“ახლა ამ უბანს იმაზე უკეთესი სახეც კი უბრუნდება, ვიდრე თავის დროზე იყო მათი დამპროექტებლების მიერ დაგეგმილი,” – განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, თბილისის ეს ნაწილი ყველაზე მეტად უნდა დაემსგავსოს პარიზს.

განახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნა 2011 წლის 23 ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა სამუშაოების დასრულება ამ დროისთვის ვერ ესწრება, რის გამოც გახსნის ცერემონია ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისისთვის გადაიდო. შემდეგ კი აღმაშენებლის მეორე ნაწილის რეკონსტრუქცია დაიწყება, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი