ხელოვნება

ეშმაკის სახე ფრესკაზე

7 ნოემბერი, 2011 • 1981
ეშმაკის სახე ფრესკაზე

არტ-რესტავრატორებმა ეშმაკის დამალული სახე აღმოაჩინეს იტალიაში, ქალაქ ასიზიში მდებარე წმინდა ფრანჩესკო ასიზელის სახელობის ეკლესიაში, ერთ-ერთ ფრესკაზე, რომელიც იტალიელი ფერმწერის, ჯოტოს შესრულებულია.

ეშმაკის სახე დამალული იყო ფრესკის ერთ-ერთ ნაწილში, რომელზეც ღრუბლებია გამოსახული.

აღმოჩენა იტალიელ ისტორიკოსს ჩიარა ფრუჯონეს ეკუთვნის. მისი თქმით, შორიდან ამ ყველაფრის დანახვა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ფრესკის ამ ნაწილზე ახლოდან დაკვირვების შემდეგ კარგად ჩანს ფიგურის პროფილი, რომელსაც მოკაუჭებული ცხვირი და ცბიერი ღიმილი აქვს, ხოლო მუქი ფერის რქები ღრუბლებშია დამალული.

ფრესკაზე, რომელიც მეცამეტე საუკუნეშია შესრულებული, წმინდა ფრანჩესკო ასიზელის სიკვდილის სცენაა ასახული.

ტაძრის მთავარი რესტავრატორი სერჯიო ფუსეტი აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, ჯოტოს არ უნდოდა ფრესკის მთავარ ნაწილზე გამოესახა ეშმაკი, ამიტომ ნაკლებად შესამჩნევ ადგილზე, ღრუბლებში ჩახატა. მისივე ვარაუდით, ცნობილმა ფერმწერმა,  სავარაუდოდ, ეშმაკის სახედ მისთვის ნაცნობი ადამიანის პროტოტიპი აიღო.

ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

წმინდა ფრანჩესკო ასიზელის სახელობის ტაძრის რესტავრაციაზე მუშაობა 1997 წლის მიწისძვრის შემდეგ მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი