კინოხელოვნება

“საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და კინოცენტრის ერთობლივი პროექტი

3 ნოემბერი, 2011 • 1209
“საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და კინოცენტრის ერთობლივი პროექტი

დღეს “საზოგადოებრივ მაუწყებელსა” და ეროვნულ კინოცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმების ინიციატივა ეროვნული კინოცენტრისგან მოდიოდა და მის ფარგლებში კინოცენტრი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მხარდაჭერით დოკუმენტური ფილმების წარმოებას, ამ თემაზე ერთობლივი ტელეგადაცემის მომზადებას და საავტორო უფლებების დაცვის კუთხით ერთიანი პოლიტიკის გატარებას გეგმავს.

ეროვნული კინოცენტრის დირექტორის, თამარ ტატიშვილის განცხადებით, ფილმების ფინანსური მხარდაჭერისთვის კინოცენტრი ყოველ წელს კონკურსს აცხადებს. კონკურსში გამარჯვებულებს, მემორანდუმის მიხედვით, ტექნიკურ მხარდაჭერას უკვე “საზოგადოებრივი მაუწყებელი” გაუწევს:

“მემორანდუმის მიხედვით,  გათვალისწინებულია ტრენინგები დოკუმენტური კინოს რეჟისორებისთვის და ერთობლივი გადაცემის პოპულარიზაცია კინოზე. ჩვენ გადაცემის პროექტზე ვმუშაობთ და ეს პროექტი 2012 წლიდან “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გავა. ეს არის ურთიერთობის ფორმა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებლებთან არსებობს თითქმის ყველა ქვეყანაში და ამის მთავარი მისია საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებაა,” – განაცხადა თამარ ტატიშვილმა.

მისი თქმით,  კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ რეჟისორსა თუ საპროდიუსერო კომპანიას შეეძლება. ისინი არც თემატურად იქნებიან შეზღუდულნი, ხოლო “საზოგადოებრივ მაუწყებელს” ფილმების პირველადი ჩვენების უფლება მიენიჭება.

Image 5065
Image 5065

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის გიორგი ჭანტურიას განცხადებით, რიგ შემთხვევებში, ტექნიკური მხარდაჭერის გარდა, ისინი ფინანსურადაც დაეხმარებიან პროექტში მონაწილეებს:

“ყველა სფეროს სჭირდება გვერდში დგომა და წახალისება. კონკრეტული პროექტის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ჩვენ დავადგენთ, რა არის საჭირო ამ პროექტისთვის, რომ ისინი შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. ღირებული პროექტების განხორციელებისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ”.

გიორგი ჭანტურიას თქმით, მემორანდუმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც საავტორო უფლებების შესახებ პუნქტია:

“ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ავტორმა იცის, რომ მისი პროდუქტის საავტორო უფლებები დაცულია. საავტორო უფლებების დაცვა ეს ის თემაა,  რომელსაც ჩვენთვისაც არაერთხელ შეუქმნია პრობლემა და იმედი გვაქვს, ეს საკითხი საქართველოში თანდათან მოგვარდება”.

გიორგი ჭანტურიას განცხადებით, პროექტის წარმატების შემთხვევაში, შეიძლება მსგავსი მემორანდუმის გაფორმება უკვე მხატვრულ ფილმებთან დაკავშირებითაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი