ხელოვნება

“ოქროს თვალი 2011” ბათუმში

26 ოქტომბერი, 2011 • 1712
“ოქროს თვალი 2011” ბათუმში

ბათუმმა წელს უკვე მესამედ უმასპინძლა კინო და ტელეოპერატორთა საერთაშორისო ფესტივალს “ოქროს თვალი”. ეს მსოფლიოში ერთადერთი კინოფესტივალია, რომელიც მხოლოდ ტელე და კინოოპერატორების ნამუშევარს აფასებს და ფესტივალის ფარგლებში გამართული ყველა მასტერკლასი და სემინარიც ოპერატორებისთვის ტარდება.

მიუხედავად ამისა “ოქროს თვალი 2011” მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილა.

კინომცოდნე თეო ხატიაშვილი ფესტივალს არ დასწრებია თუმცა თვლის რომ, განსაკუთრებით საქართველოში, მსგავსი მოვლენები ყურადღების ცენტრში უნდა იყოს:

“ოპერატორი ქმნის ფილმის მხატვრულ მხარეს, მართალია, ეს ყველაფერი რეჟისორის ჩანაფიქრია, მაგრამ ოპერატორი არის რეალიზატორი. კინო კი პირველ რიგში გამოსახულებაა, ამიტომ არის კარგი ამ ფესტივალის იდეა, მითუმეტეს ქართული კინოსთვის, სადაც განსაკუთრებით ამ ბოლო დროს  გამოსახულება, როგორც ასეთი,  აღარ არსებობს. ამიტომ ამაზე ყურადღების გამახვილება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არ ვიცი ეს ფესტივალი რამდენად პასუხობდა მოთხოვნებს, რადგან რატომღაც დიდი რეზონანსი მედიის მხრიდან არ ჰქონია”, – ამბობს თეო ხატიაშვილი.

წელს ფესტივალზე მსოფლიოს 21 ქვეყნის: შვედეთის, ჰოლანდიის, გერმანიის, არგენტინის, ლიტვის, დანიის, ინდოეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს მასპინძლობდა, სპეციალური სტუმრის სტატუსით კი ბათუმში ოსკარების აკადემიის ასოციაციის წევრი ჰარი ნარიტა, ცნობილი რეჟისორის კვენტინ ტარანტინოს ფილმების “ოთხი ოთახისა” და “გრაინდჰაუსის” ოპერატორი ფილ ფარმეტი და გახმაურებული ფილმის “ავატარის” ერთ–ერთი ოპერატორი ჯონათან აბრამსი იმყოფებოდნენ.

ფესტივალის დამფუძნებლის ზურაბ გეგენავას თქმით, დაარსების დღიდან ფესტივალის განუყოფელი ნაწილი მასტერკლასები და სემინარებია: “ჩამოდიან ოპერატორული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები, “სონი” “ქენონი” “პანასონიკი” და სხვა მოწინავე მწარმოებელი ბრენდების წარმომადგენლები და ისინი ატარებენ სემინარებს და მასტერკლასებს. თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე კი ფესტივალი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თუ პირველად “ოქროს თვალს” 15 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, წელს უკვე ფესტივალი კონტინენტს გასცდა”

წელს ასევე პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ფესტივალში მონაწილეობის უფლება სტუდენტებს მიეცათ. გიგი სამსონაძე ერთ–ერთია, რომელიც ჟიურიმ საუკეთესო ორიგინალური კადრისთვის დააჯილდოვა. გიგის თქმით, მსგავსი ფესტივალის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და წამახალისებელია ამ პროფესიის ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის: “პრიზი რეჟისორ გვანცა ჟღენტის ფილმისთვის “ხიდი” ავიღე. ძნელია აღწერო მაგრამ დაახლოებით ასეთი ეპიზოდია, ადამიანი ხიდზე დგას და კამერა რომ უახლოვდება თავს იკლავს, თავიდან ჩვეულებრივი კადრია რომელიც შემდეგ ბრუნდება და ამობრუნებული სამყარო ჩანს.”

იმის გამო, რომ სხვა პროექტზე მუშაობს გიგი სამსონაძემ ფესტივალზე დასწრება ვერ მოახერხა, თუმცა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო და ტრადიციულ ჯილდოსთან ერთად, რომელიც შტატივზე დადგმულ კამერას წარმოადგენს პროფესიონალური ფოტოაპარატიც გადაეცა.

რადგან ფესტივალი საქართველოში ტარდება ჟიურის თავმჯდომარე ქართველია, ხოლო ჟიურის შემადგენლობაში აუცილებლად შედიან სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები.

უკვე მეორე წელია ჟიურის თავმჯდომარე ოთარ ლითონაშვილია: “მე მგონია, რომ წლევანდელი ფესტივალი მაღალი დონის იყო, კვალიფიცირებული სტუმრებით და გამოცდილი და მიუკერძოებელი ჟიურის წევრებით.

ჟიური განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა სტუდენტური ნამუშევრებით, ერთ–ერთი მონაწილის კობა შველიძის ნამუშევარი იმდენად კარგი იყო, დიდხანს ვიფიქრეთ, მისთვის გრამპრის გადაცემა გვინდოდა, მაგრამ საბოლოოდ ეს პრიზი გერმანულ ფილმს გადავეცით, რომლის ავტორიც პროფესიულადაც უფრო გამოცდილი და დახვეწილი იყო. შველიძის ფილმმა კი საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრისთვის განკუთვნილი პრიზი აიღო”.

სულ კი ჟიურიმ გამარჯვებულები რვა ნომინაციაში გამოავლინა:
1. გრან პრი “ოქროს თვალი” – მატეო კოკო “ციმა” –  გერმანია
2.საუკეთესო ორიგინალური კადრი – გიგი სამსონაძე “ხიდი” – საქართველო
3. საუკეთესო ვიდეო ჩანახატი – დავით ჭიკაძე “სანამ მოთოვს” – საქართველო
4.  საუკეთესო სიუჟეტი – ჰელენ იანოვსკი “ტკბილი ისრაელი” – ისრაელი
5. სარისკო კადრი – მაიკლ ბრენანი “დასასრული” – ავსტრალია
6.  საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი – კობა შველიძე “ანტრაქტი” – საქართველო
7. საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი – გიორგი შველიძე “დაბადებულები საქართველოში” – საქართველო
8. საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი –  ჰანს ზონეველდი,პოლ კოქსი, ტონი კლარკი “კალაუპაპა ჰევან” – ავსტრალია, ჰოლანდია.

ფესტივალის ერთ–ერთი ორგანიზატორის ნინო ტაბატაძის განცხადებით, იმის გამო, რომ კონკურსზე 114 ფილმი იყო წარდგენილი, სრულად ფილმების ჩვენება ვერ მოხერხდა: “თუმცა ფილმების ნაწილი ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებამაც იხილა, “ოქროს თვალი2011”–ის ფარგლებში ხდებოდა ფილმების ჩვენება ორი დღის განმავლობაში. ასევე დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებული და ნომინანტი ფილმების ფრაგმენტები აჩვენეს.”

ფილმების მიღება “ოქროს თვალი 2011”–ისთვის 1 სექტემბერს დაიწყო, 10 სექტემბრიდან ჟიურიმ უკვე დაიწყო ფილმებზე მუშაობა, ხოლო სემინარები, მასტერკლასები და ფილმების ჩვენებები 19–დან 22 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ღონისძიებები და ფესტივალის დახურვის ცერემონიალი ბათუმის “შერატონში” გაიმართა. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს ფესტივალი უფრო მასშტაბური გახდება და მეტ ხალხს მიიზიდავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი