2016 წლის გაზაფხული და ზაფხული მსოფლიო მოდის არეალზე კონტრასტებისა და ექსპერიმენტების სეზონი იქნება – ასე აფასებს მოდის მთავარ ტენდენციებს ფრანგული გამოცემა Vogue. მათი შეფასებით, წელს მსოფლიო მოდაში 70-იანი წლების გავლენა დომინირებს.
მაქმანის დეტალები, ნაზი და დახვეწილი ქსოვილები, ამავდროულად, ყურადღების მიმპყრობი კაშკაშა ტექსტურა, მბზინვარე ვერცხლისფერი მატერია, რომელიც სინათლეს ირეკლავს, გრაფიკული პრინტები და მრავალფეროვანი ქსოვილები – ეს იმ ტრენდების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც Vogue-ის თქმით, ამ სეზონს დაიპყრობს.
საგაზაფხულო მოდის მთავარ ტენდენციებზე წერს Forbes. გამოცემის თქმით, ამ სეზონზე შერეული ფერის სამოსი კვლავ დაიბრუნებს აქტუალობას. მაქმანიანი კაბები კი წლის მთავარ ტენდენციად სახელდება. რაც შეეხება აქსესუარებს, მოდის კრიტიკოსებმა ნახევარმთვარის ფორმის ჩანთებს მიანიჭეს უპირატესობა.
გაზაფხულეზე აქტუალურია ლურჯი ფერი. კრიტიკოსები მოდის მიმდევრებს ლურჯი ჩრდილების გმაოყენებას ურჩევენ. სეზონის ტრენდად მაკიაჟში მეტალისებრი, მბზინავი ჩრდილებიც დასახელდა.
სეზონისთვის გარდერობის განახლებას კაცებსაც ურჩევენ. GQ კაცების მოდაში მთავარ ტენდენციად 50-იანების ჩაცმულობას ასახელებს. მსუბუქი ქსოვილებით შეკერილი, რეტროსტილის მოკლემკლავიანი პერანგები სეზონის ტრენდად სახელდება. კაცების მოდაში გამოიკვეთა აღმოსავლური გავლენაც. გაზაფხულზე მოდურად აღმოსავლური ორნამენტებით გაფორმებული სამოსი ჩაითვლება.
მოდური იქნება საწვიმარი ლაბადები და სპორტული ქურთუკებიც. როგორც GQ-ს მოდის კრიტიკოსები ამბობენ, ამ სეზონზე არც ჯინსის შარვლები დაკარგავს აქტუალობას და მოდის მოყვარულებს ღია ფერის შარვლების შეძენას ურჩევენ. რაც შეეხება აქსესუარებს, გაზაფხულზე კაცებს სადა ტყავის ზურგჩანთების გამოყენებას ურჩევენ.
სამოსის შერჩევისას მნიშვნელოვანი დეტალი ქუდი იქნება. ამ სეზონზე დიზაინერებმა და მოდის კრიტიკოსებმა ე.წ. ბეისბოლის კეპებს მიანიჭეს უპირატესობა. რაც შეეხება ფერებს, ამ დრომდე ჩატარებულ მოდის კვირეულებზე კაცების სამოსში ნაცრისფერი და მწვანე დომინირებდა. როგორც GQ წერს, წელს იტალიურმა მოდის სახლებმა ფეხსაცმელებიდან სანდლებს მიანიჭეს უპირატესობა.