კინო, რომელიც გელაპარაკება და არ გაჩვენებს

“როგორ შეიძლება აჩვენო კინოში წვიმა?” – სვამდა ფარაჯანოვი კითხვას და მოკლედ პასუხობდა –  “საწვიმარი ლაბადებით”.

“როგორ შეიძლება აჩვენო კინოში წვიმა?” – სვამდა ფარაჯანოვი კითხვას და მოკლედ პასუხობდა –  “საწვიმარი ლაბადებით”.

“ხმის მოსვლამ კინოში სიჩუმე [სიჩუმის მნიშვნელობა] გამოიგონა” –  ეს თითქოს წინააღმდეგობრივი ფრაზა ბრესონს ეკუთვნის.

მსგავსი ციტატები მრავლად შეიძლება გავიხსენოთ, მაგრამ ინტელექტუალურ სნობიზმში რომ არ ჩამითვალოთ, აღარ გავაგრძელებ და უბრალოდ შეგახსენებთ მარტივ ჭეშმარიტებას: კინო, უპირველეს ყოვლისა, გამოსახულების ენით მეტყველი ხელოვნებაა, რომელიც მაყურებელს კი არ უნდა აუხსნა, არამედ უნდა აჩვენო, დაანახვო.

ამის შეხსენება იმიტომ დამჭირდა, რომ ქართულმა კინომ, დიდი ხანია, ეს უნარი დაკარგა. ბოლო წლებში შედარებით ინტენსიურად წარმოებული ფილმები, რასაკვირველია, სრულიადაც არ ნიშნავს ქართული კინოს აღმავლობის დასაწყისს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მასში ასახული თემებისა და პრობლემების სიმწირეზე ან პრობლემების საერთოდ ვერდანახვაზე და თითქმის აღარც ვახსენებთ გამოსახულების ენას, რადგან ის, ფაქტიურად, აღარ არსებობს; ქართული კინო გელაპარაკება და არ გაჩვენებს. გელაპარაკება გიორგი მასხარაშვილის ახალი ფილმიც “მესაათე” და იმას, რასაც გიხსნის პირველივე ეპიზოდში, მთელი ფილმის განმავლობაში გიმეორებს, თითქოს არა მხოლოდ გამოსახულებას არ ენდობა, არამედ მაყურებელსაც, რომ რაღაცას ვერ გაიგებს.

პრობლემა, რომელიც ფილშია დასმული, თავისთავად მეტად მტკივნეული და მნიშვნელოვანია –  როგორ ხდება ადამიანის სტიგმატიზაცია, მისი მარგინალიზირება და როგორ იქცევა ის მსხვერპლად. პრობლემა, რომელიც უცხოს, განსხვავებულის მიმართ შეუგუებლობის გამო ჩნდება და მეტ-ნაკლებად ყველა საზოგადოებას ახასიათებ(და)ს, მედიით რეგულირებულ საზოგადოებასა და ეპოქაში განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს. სწორედ მედიის საშუალებით იქმნება მორიგი მითი ბოროტმოქმედ მანიაკზე _ გელა რუსაძეზე, ნამდვილ მონსტრზე, რომელსაც რამდენიმე ქალიშვილის გაუპატიურებასა და სასტიკ მკვლელობაში ედება ბრალი, რადგან ის ღამით სასაფლაოზე დაიჭირეს, მის სახლში კი ფორმალინის ხსნარში შენახული სხეულის ნაწილები იპოვეს. ახალგაზრდა რეჟისორი, რომელსაც ეჭვი ეპარება გავრცელებული ინფორმაციის სიმართლეში, გადაწყვეტს მასზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას –  შეუძლებელია ადამიანი ასეთი მონსტრი იყოს. ახალგაზრდა რეჟისორი ფილმის საწყის რამდენიმე ეპიზოდში იმეორებს თავის ვარაუდს და შენც უკვე თავიდანვე ზუსტად იცი, რომ გელა რუსაძე არ არის მანიაკი –  მეტიც, ის სრული ანტიპოდი, ყოველმხრივ “დადებითი” გმირია. დანარჩენი ფილმის განმავლობაში უბრალოდ მისი ბიოგრაფიის დეტალებს აგროვებ – იგებ, რომ ის ბავშვთა სახლშია გაზრდილი (რაც მედიისა და საზოგადოებისთვის ასევე კარგი საფუძველია, დააჯეროს და დაიჯეროს მისი ბოროტმოქმედება), რომ ბავშვობიდანვე უცნაურობით გამოირჩეოდა, მუდამ რაღაც მექანიზმებს აკეთებდა, ყველაფრის ამოძრავების ვნება ჰქონდა. მეგობრის სიკვდილის მერე კი გაჩერებულ საათს ვერ იტანს – ამიტომაც დადიოდა სასაფლაოზე და ახლად დამარხული მიცვალებულების საათებს იღებდა, როგორც თავად ამბობს, ამით დროს ათავისუფლებდა… კიდევ რა? _ ჰყავდა საყვარელი გოგო და მეგობარი ბიჭი, რომლებიც ყვებიან მასზე, როგორც ძალიან ნიჭიერ და მაძიებელ ადამიანზე… მოკლედ დამნაშავე/მსხვერპლის დიალექტიკური წყვილი ტიპურ მითოლოგიურ ანტინომიაში გამოვლინდება: “ცუდი”/”კარგი”, “ანტიგმირი”/”გმირი”.

შემთხვევითი არ არის, რომ ფილმში ჩართული ანიმაცია “ურჩხული და მზეთუნახავის” მოტივებზეა შექმნილი. ზღაპრულ რეალობაში საკმარისია (და დამაჯერებელი) ერთი კოცნა, სიყვარულის გაცემა, რომ “ბოროტი ურჩხული” გადაიქცეს “კეთილ პრინცად”, ანტიგმირი _ გმირად… მითიურ რეალობაში ჩვეულებრივი ადამიანები არ არსებობენ – ის ან “გმირი” უნდა იყოს ან “ანტიგმირი”. ამიტომაც ფილმის ავტორი თავის პერსონაჟებთან ერთად დაჟინებით გვიმეორებს, რომ გელა ძალიან კარგი ადამიანია (მართალია, ცოტა უცნაურიც არის, მაგრამ ეს “დადებითობის” აპრიორული თვისებაა _ “შერეკილობა” ხომ ქართული ხასიათისა და ქართული კინოს საყვარელი მდგომარეობაა), თბილი, მოსიყვარულე, კრეატიული და უაღრესად განათლებული, რომელსაც ფინალში საერთაშორისო სიმპოზიუმზეც კი იწვევენ. დადებითობის ამ იმიჯს ისეთივე დაჟინებით გვიქმნიან/გვიმეორებენ ფილმში, როგორც მედია _ ბოროტმოქმედისას. უბრალოდ + და _ სიდიდეებშია სხვაობა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ამოყირავდეს, თუ კარდინალურ პოლუსებს შორის მერყეობ.

ფილმში არის ერთი პატარა, თითქოს უმნიშვნელო ეპიზოდი, რომლის არსებობა არაფერს მატებს მას, მაგრამ დაეჭვებით კი დაგაეჭვებს, რომ თავად ფილმის ავტორი ვერ თავისუფლდება საზოგადოებრივი სტერეოტიპებისგან და სტიგმის სტიგმითვე დამარცხებას ცდილობს. იზოლატორში შესულ რეჟისორს გელა ერთ ისტორიას უყვება (იმაზე აღარ შევჩერდები, რამდენად არადამაჯერებელია გამოძიების პროცესში იზოლატორში მყოფ ეჭვმიტანილთან გადამღები ჯგუფის შეშვება, მაგრამ კარგი, დავუშვათ _ ეს საქართველოა და ნაცნობობით ყველაფრის გაკეთება შეიძლება) _ ის იხსენებს საბავშვო სახლში მოხვედრილ ერთ უცნაურ გოგოს, რომელიც აღმოჩნდა, რომ ბიჭი იყო, თუმცა კაბა ეცვა და გრძელ თმას ატარებდა. გელა აღარაფერს ამბობს იმაზე, როგორი იყო ის ბავშვი? – ცუდი, კარგი, საშიში, უწყინარი, დაბოღმილი, დამფრთხალი?.. სავარაუდოდ, ისეთივე მარგინალიზირებული და სტიგმატიზირებული, როგორც მოგვიანებით გელა აღმოჩნდება. თუმცა თავად სტერეოტიპების მსხვერპლი ასევე სქემებად ყოფს და აფასებს ადამიანებს; მისთვის აქსიომატურია, რომ ისეთი “ნორმიდან გადახრილი ადამიანი”, როგორიც ბავშვთა სახლის უცნაური აღსაზრდელი იყო, ვერაფრით იქნება “კარგი”: “წარმოგიდგენია, ის ტიპი აქ გამეჩითა, პოლიციას აწვდის ინფორმაციას” – გელასა და ახალგაზრდა რეჟისორისთვის ამ მშრალი ფაქტებით ყველაფერი ცხადია, ეჭვგარეშე. ისინი ცდილობენ, დაანგრიონ მედიით კონსტრუირებული მითი მონსტრის შესახებ, მაგრამ სრულიად ენდობიან საზოგადოებრივი ნორმებით გამყარებულ მითებსა და სტერეოტიპებს.

საბოლოოდ იჭერენ ნამდვილ დამნაშავეს, მაგრამ გელა ამ დროისთვის უკვე პარალიზებულია (ის ერთ-ერთი ქალიშვილის მამამ დაჭრა) და საეჭვოა, აღიდგინოს სასიცოცხლო ძალები, რეჟისორის მეგობარი და ფილმის თანაავტორი (ასევე იდეოლოგიური პროპაგანდის მსხვერპლი)  ერაყში მიდის და იქ იღუპება, გელას მეგობარ მხატვარს დაუნდობლად სცემენ ღია ცის ქვეშ გამართულ ახალგაზრდულ ფესტივალზე, რადგან მის ტილოში ამოიცნობენ “სასტიკ ბოროტმოქმედს” – გელა ნოზაძეს… ყველაფერი ძალიან ტრაგიკულ სახეს იღებს, მაგრამ ამ ტრაგედიას ვერ განიცდი, რადგან ფილმი მასში გამოჩენილი ფსიქოლოგი-ექსპერტისა თუ ტელეწამყვანის დაზეპირებულ ტექსტს ემსგავსება; რადგან ფილმი გელაპარაკება, მაგრამ ვერ გაჩვენებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თეო ხატიაშვილი