ხელოვნება

“როგორც რუსული სიტყვები შეიცვალა ქართულით, ასევე შეიცვლება ინგლისურიც”

20 ოქტომბერი, 2011 • 2811
“როგორც რუსული სიტყვები შეიცვალა ქართულით, ასევე შეიცვლება ინგლისურიც”

“სიდი–რომი”  – დისკამძრავი, “ტაიმკოდი” – ტიტრების საიმედო არე, “კლაპერი” – ტკაცუნა, “ზუმი” – მოახლოება. შეცვლის თუ არა უკვე დამკვიდრებულ ტერმინებს ახალი ქართული ტერმინები და ვინ რას ფიქრობს აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით.

კინოტერმინოლოგიის კვლევისა და ქართულენოვანი შესატყვისების შემუშავების პროექტის აღწერაში წერია, რომ უნდა გამოიცეს ლექსიკონი, რომლის მიზანი იქნება მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ახალი ქართული კინოტერმინოლოგიის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს კინოს სფეროში კვლევისა და სწავლების ხარისხის ამაღლებასა და   კინოპროფესიონალებს შორის თანამშრომლობის გამარტივებას.

“პროექტის იდეა შარშან წამოვიდა და კინოცენტრმაც მაშინვე დაუჭირა მხარი. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და დაახლოებით 8 თვის განმავლობაში თანამედროვე ტელე და კინოინდუსტრიებში გამოყენებული ტერმინების მოძიება ხდებოდა. შემდგომ ტერმინები დავახარისხეთ და მოხდა დაახლოებით 4 000–მდე ტერმინისა და ქართული შესატყვისების შემუშავება” – აცხადებს პროექტის ერთ–ერთი თანაავტორი ნოშრევან ჩხაიძე. მისივე თქმით, სამუშაო ვარიანტი დახვეწის მიზნით უკვე გამოქვეყნებულია საიტზე http://glossary.isi.ac.ge/ .

თუმცა კინომცოდნე ლელა ოჩიაურის აზრით, ენაში ქართული ტერმინების დამკვიდრება ცოტა ძნელი იქნება: “კინემატოგრაფიაში არსებობს ძალიან სპეციფიკური ტერმინოლოგია, რომელიც უკვე მრავალი წელია გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერმინებს შეიძლება გააჩნდეს ქართული შესატყვისი, მათი ჩანაცვლება ალბათ ცოტა ძნელი იქნება” – ამბობს ლელა ოჩიაური. მისი თქმით, არა მარტო კინემატოგრაფიაში, ისედაც გვახსოვს შემთხვევები, როდესაც უცხოური ტერმინების ქართულით შეცვლა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ. ლელა ოჩიაური ასევე თვლის, რომ “თუკი ის ხალხი, ვისაც არა მარტო ლექციებზე, არამედ გადასაღებ მოედანზეც უწევს მუშაობა, მხოლოდ ქართული ტერმინების გამოყენებას დაიწყებს, ახალგაზრდებმა, რომლებსაც ეს სიტყვები ჯერ არ აქვთ გამჯდარი,   შეიძლება მომავალში უკვე ქართული ტერმინების გამოყენება დაიწყონ.”

იმის გასაგებად, თუ რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად ახალგაზრდები, “ნეტგაზეთი” ახალგაზრდა რეჟისორებს ესაუბრა.

“ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ისწავლებოდეს, რომელი უცხოური ტერმინი რას ნიშნავს, ვიდრე ვთარგმნით თუ არა  ამ სიტყვებს შემდეგ სუფთა ქართულად. მაგალითად, იგივე სიდი–რომი და დისკამძრავი რომ ავიღოთ, მე მგონი, ის უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანმა იცოდეს, რას ნიშნავს ეს სიტყვა, ვიდრე სიდი–რომს დავუძახებთ თუ დისკამძრავს. თუმცა მაინც მგონია, რომ ქართულ შეასტყვისებს ჯობს სიტყვები ისე ვიცოდეთ, როგორც ამას მთელი მსოფლიო იცნობს. ქართულში ისედაც მრავლად გვაქვს რთული, ან რუსულიდან შემოსული ტერმინები და, ჩემი აზრით, ამ სიტყვების საერთაშორისო ტერმინებზე მორგება უნდა ხდებოდეს და არა უკვე დამკვიდრებული სიტყვების გადაკეთება.” – ამბობს რეჟისორი მარგო ზუბაშვილი.

სხვაგვარად ფიქრობს ახალგაზრდა რეჟისორი სოფო მიქიაშვილი: “თუ ქვეყანას აქვს პრეტენზია, რომ სახელმწიფო ენა არის ქართული, ასეთ რამეებზეც უნდა იზრუნოს. მე მაღიზიანებს, როდესაც გადასაღებ მოედანზე ძალიან ბევრი რუსული სიტყვა იხმარება, ასევე მაღიზიანებს ინგლისურიც. არა მარტო კინემატოგრაფიულ ენაში, ზოგადადაც, ბევრი რუსული სიტყვა იხმარებოდა, რაც დროთა განმავლობაში გაქრა, ასევე მოხდება ამ შემთხვევაშიც.”

მიქიაშვილის აზრით,  ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლების დროს ქართულ სიტყვებთან ერთად ინგლისური შესატყვისებიც ისწავლებოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში სტუდენტმა ადვილად შეძლოს ადაპტაცია.

ქართული კინოტერმინოლოგიის შემუშავების პროექტის პარტნიორები საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ინოვაციური სისტემების ინსტიტუტი არიან.

თუმცა არსებული სიტყვები, რომლებიც უკვე გამოქვეყნებულია საიტზე, ენათმეცნიერებს ჯერ არ დაუმუშავებიათ.

“ის სიტყვები, რომლებიც ახლა საიტზეა განთავსებული,  ჩვენი მონაწილეობით არ არის გაკეთებული. აქამდე პროექტის ხელმძღვანელები და დარგის სპეციალისტები აგროვებდნენ მასალას, თუმცა საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებაში ინსტიტუტის ტერმინოლოგიის განყოფილება მთლიანად ჩაერთვება” – განაცხადა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, მარიამ მანჯგალაძემ.

გამოქვეყნებული ტერმინების და მათი ქართული შესატყვისების ნახვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. “ჩვენ მივიღებთ შემოთავაზებებს ცვლილებებთან დაკავშირებით და შემდეგი ორი–სამი თვის მანძილზე შევაჯამებთ მონაცემებს” –  ამბობს ნოშრევან ჩხაიძე.

მისი თქმით, ამ პოცესის დასრულების შემდეგ უკვე ქართული კინოტერმინოლოგიის წიგნად გამოშვება იგეგმება.

კინოტერმინოლოგიის კვლევისა და ქართულენოვანი შესატყვისების შემუშავების პროექტი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ავტორები არიან: პროდიუსერი ნოშრევან ჩხაიძე და რეჟისორი გიორგი ხარებავა. პროექტის პირველადი, ციფრული ვერსიის პრეზენტაცია დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი