ხელოვნება

ანტუან დ’აგატას “დაბნელება” – თბილისური ღამის ცხოვრება ფოტოწიგნად

27 აპრილი, 2016 • 2388
ანტუან დ’აგატას “დაბნელება” – თბილისური ღამის ცხოვრება ფოტოწიგნად

“ბევრს ვმოგზაურობ და დიდი ხნის განმავლობაში ვერც ერთ ადგილს სახლს ვერ ვარქმევდი; ახლა თბილისში თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. წიგნის შესაქმნელად საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა, რადგან მინდოდა ყველა დეტალი ზუსტად ისე ყოფილიყო, როგორც ჩავიფიქრე. თბილისთან განსაკუთრებულ ემოციურ კავშირს ვგრძნობ და მინდოდა ეს ყველაფერი წიგნშიც ასახულიყო,” – ამბობს ანტუან დ’აგატა. ის ბოლოს თბილისში 2015 წლის ფოტოფესტივალზე იმყოფებოდა. ამ დრომდე დაბრუნება ვერ შეძლო, ამიტომ წიგნის პრეზენტაცია მის გარეშე ვერ იმართებოდა.

მაგნუმის ფოტოსააგენტოს წევრის, ფრანგი ფოტოგრაფის, ანტუან დ’აგატას ფოტოწიგნი “დაბნელება” საქართველოშიც ხელმისაწვდომია. “დაბნელება” 2009 და 2013 წლებში საქართველოში გადაღებული ფოტოების სერიას აერთიანებს. წიგნში 98 ფოტოა, რომელსაც თან ახლავს ანტუან დ’აგატას ტექსტები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ანტუან დ'აგატას წიგნის პრეზენტაცია. 26.04.16

ანტუან დ’აგატას წიგნის პრეზენტაცია. 26.04.16

ანტუან დ'აგატას წიგნის პრეზენტაცია. 26.04.16

ანტუან დ’აგატას წიგნის პრეზენტაცია. 26.04.16

“დაბნელება” თბილისის ფოტოფესტივალისა და Rooms Hotels-ის ერთობლივი პროექტია. ის პირველი ფოტოწიგნია, რომელიც უმაღლესი სტანდარტების გამოყენებით თბილისში დაიბეჭდა. წიგნის დიზაინი ლატვიელ დიზაინერს, ტომას მრაზაუსკას ეკუთვნის, რომელსაც წიგნების განსაკუთრებული დიზაიანისა და ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისათვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებულია. მრაზაუსკასი გასულ წელს თბილისის ფოტოფესტივალს თავადაც სტუმრობდა და სწორედ იქ დაიგეგმა, რომ დ’აგატას კრებულზე ემუშავა.

ანტუან დ’აგატას ფოტოწიგნი პირველად 2015 წელს გამოიცა და მისი პრეზენტაცია პარიზის ფოტოგრაფიის საერთაშორისო პლატფორმაზე, Paris Photo-ზე შედგა. ახლა წიგნი პარიზის, ამსტერდამის, ტოკიოსა და თბილისის წიგნის მაღაზიებში იყიდება. წიგნის ფასი 50 ლარია და ამ ეტაპზე მისი შეძენა გალერეა “კონტეინერშია” შესაძლებელი.

“ანტუანი არაჩვეულებრივი ფოტოხელოვანია. მისი დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ ყველა დეტალში ჩანს,” – ამბობს გალერეა “კონტეინერის” დამაარსებელი, ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი.

ანტუან დ'აგატას წიგნის პრეზენტაცია. 26.04.16

ანტუან დ’აგატას წიგნის პრეზენტაცია. 26.04.16

ანტუა დ’აგატას ფოტოწიგნი თბილისის ფოტოფესტივალის გამომცემლობის Tbilisi Photo Festival Publishing-ის პირველი  პროექტია. როგორც ფესტიალის დირექტორი ნესტან ნიჟარაძე აცხადებს, გამომცემლობა მომავალში ყველა იმ ფოტოხელოვანის ფოტოებს გამოსცემს წიგნად, რომლებთანაც ბოლო წლების მანძილზე ფესტივალი თანამშრომლობდა.

“ჩვენ ასევე ვიწყებთ არტისტული რეზიდენციების პროგრამას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ყველა ფოტოგრაფს, რომ საქართველოში იმუშაონ, გადაიღონ, რაც სურთ. ეს იქნება მათი გზა საერთაშორისო არტისტული სივრცეებისაკენ,” – ამბობს ნესტან ნიჟარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი