ხელოვნება

რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

18 ოქტომბერი, 2011 • 1703
რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

მძიმე ავადმყოფობის შედეგად მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბოლო ხნის მანძილზე იგი მეუღლესთან ერთად ჩეხეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა. 28 აგვისტოს მისი მეუღლე ნატაშა ჩხიკვაძე გარდაიცვალა. იგი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული. რამაზ ჩხიკვაძეს მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
რამაზ ჩხიკვაძე 1951 წლიდან რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში მუშაობდა.
მას წილად ხვდა ბედნიერება, ემუშავა უდიდეს რეჟისორებთან – მიხეილ თუმანიშვილთან და რობერტ სტურუასთან.
ჩხიკვაძეს რუსთაველის თეატრის სცენაზე უამავი დასამახსოვრებელი როლი აქვს შექმნილი, მათ შორის: ქოსიკო მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლში – “ჭინჭრაქა, კირილე – “სამანიშვილის დედინაცვალი”, რეჟისორი მ. თუმანიშვილი. ასევე, რობერტ სტურუას სპექტაკლებში “ყვარყვარე” – ყვარყვარე, “კავკასიური ცარცის წრე”– აზდაკი,  “რიჩარდ III” – რიჩარდი, “მეფე ლირი” – ლირი, და სხვ.
სპექტაკლების გარდა მას ასზე მეტი კინოროლი აქვს განსახიერებული.
1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. 1972 წელს კი– სახალხო არტისტის წოდება.
1973 წელს – მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალი, პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (“ნერგები”, რეჟ. რ. ჩხეიძე). 1974 წელს – საქართველოს სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიები – ყვარყვარეს როლის შესრულებისათვის (“ყვარყვარე”, 1974წ. რეჟ. რ. სტურუა). 1978 წელს – საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია აზდაკის როლის შესრულებისათვის (“კავკასიური ცარცის წრე”, 1975წ. რეჟ. რ. სტურუა). 1981 წელს – საქართველოს სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები რიჩარდის როლის შესრულებისათვის (“რიჩარდ III”). 1981 წელს – საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. 1988 წელს – სოციალისტური შრომის გმირის წოდება. 1997 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.
რამაზ ჩხიკვაძეს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი