კინოთეატრები ინტერნეტპორტალების წინააღმდეგ – ორმაგი სტანდარტი

თბილისის კინოთეატრები “ამირანი“ და „რუსთაველი“ ინტერნეტპორტალს ფილმების უკანონოდ განთავსების გამო სასამართლოში უჩივიან და ზიანის ანაზღაურებას თხოვენ, თუმცა სარჩელი არ შეაქვთ ყველაზე ცნობილი avoe.ge -ს წინააღმდეგ.

თბილისის კინოთეატრები “ამირანი“ და „რუსთაველი“ ინტერნეტპორტალს ფილმების უკანონოდ განთავსების გამო სასამართლოში უჩივიან და ზიანის ანაზღაურებას თხოვენ, თუმცა სარჩელი არ შეაქვთ ყველაზე ცნობილი avoe.ge -ს წინააღმდეგ.

სარჩელის ავტორებმა საგანგებო პრესკონფერენცია 4 ოქტომბერს გამართეს.

საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარის გიგა კობალაძის თქმით, საიტების მიერ ფილმების უკანონოდ განთავსების გამო კინოთეატრებს ხუთი ათასი ლარის ზიანი მიადგათ. სწორედ ამ ოდენობის ანაზღაურებას თხოვენ ისინი სასამართლოს.  სარჩელი მომზადდა 6 ვებგვერდის წინააღმდეგ.

ზიანის ანაზღაურების გარდა, სარჩელის მოთხოვნა ფილმების უკანონოდ განთავსების აკრძალვაა. საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია საქმეში კინოთეატრების თხოვნით ჩაერთო.

ტერენს მალიკის 2011 წელს გადაღებული სურათი “სიცოცხლის ხე” თბილისის კინოთეატრებში 9 ივნისს გამოვიდა. ის ერთ-ერთ ქართულ  ვებგვერდზე  gom.ge 19 სექტემბერს განთავსდა და 4 ოქტომრისთვის 1221 –ჯერაა გადაწერილი. gom.ge ერთ-ერთი მათგანია იმ ხუთი ვებგვერდიდან, რომლებსაც კინოთეატრები უჩივიან.  ვებ გვერდებს შორის იყო allshare.ge -ც, რომელიც მოგვიანებით ამოიღეს სარჩელიდან და მიზეზად საიტთან შეთანხმება დაასახელეს. 

მეორე სურათი, რომლის გამოც კინოთეატრები აცხადებენ, რომ იზარალეს, არის “რანგო” [Rango], რომლის თბილისური პრემიერა 6 ივნისს შედგა. ისიც განთავსებულია ქართულ ვებგვერდებზე.

კინოთეტრების ქსელის წარმომადგენელი  ირინა კილასონიძე აცხადებს, რომ  ამის გამო კინოთეატრებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ ინტერნეტპორტალების მხრიდან:

„ადრე ვახერხებდით საერთო ენის გამონახვას ქართულ ვებ–საიტებთან, მაგრამ ბოლო დროს სერიოზულად ვზარალდებით. რამოდენიმე საიტთან შეგვექმნა პრობლემა და დასახმარებლად მივმართეთ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას“.
რას ნიშნავს საერთო ენის გამონახვა, მთლად ნათელი არ არის. მაგალითად, საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარის გიგა კობალაძე ამბობს, რომ სხვა ვებგვერდებთან მოხდა შეთანხმება, რომ აღნიშნულ ფილმებს არ განათავსებენ საიტებზე.

avoe.ge, “კავკასუს ონლაინის” ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც ფილმების ყველაზე დიდი და პოპულარული რესურსია,  არ მოხვდა იმ საიტების ჩამონათვალში, რომლის წინააღმდეგაც კინოთეატრებს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. ირინა კილასონიძე ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ იმ დროს, როცა კინოთეატრებში ზემოთდასახელებული ორი ფილმი გადიოდა, avoe.ge-ზე ფილმები განთავსებული არ იყო. ეს წარმოადგენს სიმართლეს, რადგან, მაგალითად, “რანგო”, თბილისურ პრემირამდეა ატვირთული საიტზე. პრემიერა 6 ივნისს შედგა, პირველი კომენტარები საიტზე განთავსებულ ფილმზე კი 2 ივნისსაა გაკეთებული.

4 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც კინოთეატრებმა სარჩელის თაობაზე პრესკონფერენცია გამართეს, იმის მიუხედავად, რომ სარჩელში avoe.ge – ზე საუბარი არ იყო, „Caucasus online”-ის წარმომადგენელმა „რუსთავი–2“–ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ისინი ცდილობენ მათ ვებ–საიტებზე არ დაიდოს არალინცენზირებული პროდუქცია და ამისთვის ისინი თანამშრომლობენ როგორც კინოთეატრებთან, ასევე საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციასთან.

ამ განცხადების მიხედვით, გამოდის, რომ “კავკასუს ონლაინი” ყიდულობს იმ ათასობით ფილმის ვებგვერდზე განთავსების ლიცენზიას, რაც ავოე.ჯი -ზეა განთავსებული. ამჟამად საიტის ადმინისტრაციას “ნეტგაზეთი”, მცდელობის მიუხედავად, ვერ დაუკავშირდა, თუმცა 2010 წელს “კავკასუს ონლაინის” თანამშრომელმა  დავით ჯაშმა  “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნა, რომ ისინი ფილმებს უცხოური საიტებიდან იწერენ და შემდეგ ვებგვერდებზე ტვირთავენ:

„რა აინტერესებს კლიენტს ინტერნეტში? უპირველეს ყოვლისა, გართობა“ , – სვამს კითხვას „კავკასუს ონლაინის“ თანამშრომელი დავით ჯაში და პასუხსაც თავად სცემს. ქართული გასართობი ვებ–გვერდები www.gol .ge, www.avoe.ge დაwww.bude.ge 2003-2004 წლებში სწორედ იმ მიზნით შეიქმნა და „კავკასუს ონლაინის“ ფარგლებში გაერთიანდა, რომ მომხმარებელს გართობის საშუალება ჰქონოდა. დავით ჯაშის თქმით, თუკი უცხოური სერვერებიდან ჩამოტვირთული ფილმი ადგილობრივ სერვერზე დევს, „გზა ფაილისკენ გაცილებით უფრო ახლოსაა“. ამ მიზნით, საიტებისთვის უცხოური სერვერებიდან ფილმების ჩამოწერა დაიწყეს.

გამოდის, რომ avoe.ge -ისევე უკანონოდ ათავსებენ ფილმებს, როგორც დანარჩენი ვებგვერდები.

„უსამართლო იქნება, თუ ყველა ვებგვერდი არ დაისაჯა ანალოგიური ფაქტის გამო და მათ შორის avoe.ge-ც, რომელზეც  ეს პრობლემა არის. ჩვენ ვატყობინებთ „კავკასუსს“,  ხსნიან ისინი ფილმებს, შემდეგ ისევ ამატებენ”, ამბობს კინოპროდუქციის უფლებათა დაცვის თავმჯდომარე ნინო გამრეკელი.  მისი თქმით, საქმე უფრო რთულადაა ისეთ საიტებზე, სადაც მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, ატვირთონ ფილმები.

ამ საკითხს სამართლებრივად არეგულირებს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლიკა წიკლაური ამბობს, რომ სწორედ ეს კანონი ითვალისწინებს დაზარალებულთა დაცვას: “ ამ შემთხვევაში კინოთეატრებმა უნდა იჩივლონ სასამართლოში და ისე მიაღწიონ მიზანს. სხვა ორგანო,  რომელიც კონკრეტულად ამ საკითხს დაარეგულირებს, არ არის“ .

საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონის გარდა , საავტორო უფლებებს კანონით ასევე იცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 157 და 239 მუხლები .

გარდა ამისა, არის საერთაშორისო შეთანხმებები, რომლის წევრიცაა საქართველო. აღნიშნული შეთანხმებები ავალებს ქვეყანას, დაიცვას საავტორო უფლებები, მაგ: „ლიტერატურისა და ხელოვნების დაცვის ნაწარმოების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვეცია (1995 წლის 16 მაისიდან არის საქართველო მისი წევრი).

ევროკავშირის წინაშე საქართველოს ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში რეფორმების გატარება. ეს ერთ-ერთი პირობაა იმისათვის, რომ წლის ბოლოს დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან. ამიტომ საქართველომ უნდა შექმნას ეფექტური მექანიზმები ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ აღსრულების შესაძლებლობის დონეზე. ასეთი  პირობებში კი ვეღარ იარსებებს საიტები ლეგალურად, განსაკუთრებით ისეთები, რომელთა მფლობელების ვინაობაც ყველასათვის ცნობილია, რომლებიც უკანონოდ მოახდენდნენ საავტორო უფლებებით დაცული პროდუქციის ტირაჟირებას. მათ შორის avoe.ge-ც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბესო კუნელაური