ხელოვნება

თბილისი | მტკვარი – ვარშავა | ვისლა

29 სექტემბერი, 2011 • 1511
თბილისი | მტკვარი – ვარშავა | ვისლა

ქართულ-პოლონური კულტურული თანამშრომლობის საფუძველზე ყოველწლიურად იმართება ფესტივალი “არტ ზონა”.

“არტ ზონის” ფარგლებში, 1 და 2 ოქტომბერს მდინარე მტკვრის და მდინარე ვერეს შესართავთან არსებულ ეკოლოგიურად დაცულ ჭალაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრ-თბილისის, ფონდ „სხვა სივრცის“ ორანიზებით და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება 2–დღიანი პროექტი River to River, რომელიც სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს: 

1 ოქტომბერს მომავალი საგამოფენო სივრცის დასუფთავების აქციაა დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობის მიღება 14:00-დან 18:00სთ-მდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მტკვრის ჭალა, სადაც ხორციელდება პროექტი, მდებარეობს მდინარე მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან, „ლაგუნა ვერეს“ მახლობლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. 2 ოქტომბერს კი, 02:00 – 21:00 საათამდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი და უცხოელი არტისტების ნამუშევრები, ასევე გაიმართება ფილმების – Tender Transitory Transport-ის (კოკა რამიშვილი/გამოსახულება, ნიკაკოი/საუნდი, Patricia London Ante Paris / ტექსტი, 2008, 10წთ) და ვატო წერეთელისა და გიორგი ჟორჟოლიანის ერთობლივი ვიდეო ნამუშევრის ჩვენებები.

პოლონელი არქიტექტორისა და არტისტის, ალექსანდრა (ოლა) ვასილევსკას ნამუშევარი – Kura Market – რომლის ხილვაც, აგრეთვე, 2 ოქტომბერს იქნება შესაძლებელი, წარმოადგენს ხის კონსტრუქციას, რომელიც სპეციალურად აიგო აღნიშნული პროექტისთვის. ამავე სივრცეში იგეგმება გიო სუმბაძის წიგნის პრეზენტაცია; გიორგი ჟორჟოლიანისა და დიმა დადიანის ერთობლივი სპეც. პროექტი. წარმოდგენილი იქნება: ტასმანიელი მხატვრისა და სკულპტორის გეი ჰოუკსის, მამუკა ჯაფარიძის, ედიშერ ბერაძის, გიორგი მოზგოვოისა და გეგი ხაბურზანიას ნამუშევრები.

ორდღიანი აქცია ვერის ჭალაში, ორგანიზატორების თქმით, ამ ეკოლოგიურად დაცული ტერიტორიის ქალაქის სივრცეში ინტეგრაციას ემსახურება და ასეთი გამოფენა პარალელურ რეჟიმში ვარშავაში, ვისლას სანაპიროზეც განხორციელდება. 1-2 ოქტომბრის გამოფენა ფესტივალ “არტ ზონის” შემადგენელი ნაწილია, თავად ფესტივალი კი, რომელიც 2008 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება თბილისში, 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი