ხელოვნება

Gotan Project-ის შოუ თბილისში

28 სექტემბერი, 2011 • 1507
Gotan Project-ის შოუ თბილისში

2 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზი Gotan Project-ის დაუვიწყარი შოუს მომსწრე გახდება – ფრანგული ბენდის თბილისური გასტროლის ორგანიზატორი, ფრანგულ ინსტიტუტთან ერთად, საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტსია”.

„თაგის არტსი“ სხვადასხვა დროს იყო რიშარ გალიანოს, იაპონელი ჯაზ-პიანისტის ჰირომი უეჰარასა და სეზარია ევორას მასპინძელი თბილისში. თუმცა კონცერტის დაუვიწყარობის გარანტად თავად ბენდის სახელიც შეგვიძლია მივიჩნიოთ.

Gotan Project-ი 1999 წელს პარიზში ჩამოყალიბდა და მისი დამაარსებლები ფრანგი, არგენტინელი და შვეიცარიელი მუსიკოსები არიან, რომელნიც ტანგოს ელექტრონული ბიტების, ჯაზის, ბლუზის და თრიპ-ჰოპის ელემენტთან კომბინირებას ახდენენ. პროექტს Gotan Project-ი 1982 წელს გამოსული ძალიან წარმატებული ალმობის Tango Project-ის საპატივცემულოდ ეწოდა, რომელმაც რამდენიმე ამერიკელი კლასიკოსი მუსიკოსი ტანგოს ალბომის ჩასაწერად გააერთიანა და, შეიძლება ითქვას, 80-იან წლებში ტანგოს პოპულარობის ახალი ტალღა გამოიწვია.

Gotan Project-ი 2 ოქტომბრის კონცერტით 2011 წლის მსოფლიო ტურნეს ასრულებს. Tango 3.0 – ბენდის 2010 წლის ალბომის სახელწოდებაა, რომელმაც ფენომენური წარმატება და პოპულარობა დაიმსახურა. თბილისში ჩამოსვლამდე მუსიკოსები წარმოდგენებს მოსკოვსა და კიევში გამართავენ.  საათნახევრიან თბილისურ წარმოდგენაზე ალბომში შემავალ კომპოზიციებთან ერთად ძველი ჰიტებიც შესრულდება.

2005 წელს „თაგის არტსმა“ სეზარია ევორას უმასპინძლა. სწორედ სეზარია ევორასთან მუშაობდა ადამიანი, რომლის ხელშეწყობითაც დაიწყო მოლაპარაკება Gotan Project-ის საქართველოში მოწვევის შესახებ.  თითქმის 5–წლიანმა მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო და კონცერტამდე ხუთიოდე დღეღა რჩება. ბენდის დამაარსებლები – ფილიპ სოლა და ედუარდო მაკაროფი 1 გიტარისტის, 1 ვოკალისტის, 1 პიანისტის, მევიოლინისა, ბანდონეონზე დამკვრელისა (ბანდონეონი – არგენტინული ტანგოს უმნივნელოვანესი ინსტრუმენტია)  და 7 ტექნიკური რეჟისორის თანხლებით შაბათს, 1 ოქტომბერს, უკვე თბილისში იქნებიან – სულ 14 კაცი.  მოგვიანებით კი ჩამოვა 1 ტონაზე მეტი წონის  ტვირთი, წარმოდგენის ტექნიკური აპარატურა და რეკვიზიტი.

კონცერტზე დასასწრები ბილეთები 19 სექტემბრიდან მოყოლებული ფილარმონიის სალაროებში იყიდება და ფასები 40-დან 150 ლარამდე მერყეობს. „თაგის არტსის“ გენერალური დირექტორის ანი ლაღიძის თქმით, პროექტის თაყვანისმცემლებს შორის 2 ოქტომბრის შოუს მოლოდინი იმდენად დიდია, რომ ყველანაირი ფასის ბილეთი განურჩევლად იყიდება. „ეს იქნება სრულფასოვანი წარმოდგენა….. დაუვიწყარი….“ – პირდება ქართველ მსმენელს ორგანიზატორი.

თუ ცნობილი რადიოწამყვანისა და დიჯეის ჟილ პეტერსონის სიტყვებს ვენდობით, Tango 3.0-ის წარმოდგენით 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში „ბუენოს აირესის მტვრიანი ქუჩებისა და პარიზის რეფლექციური განწყობები და ატმოსფერო“ უნდა შეიჭრას.

მასალების გადაბეჭდვის წესი