ხელოვნება

„ნათურა“ საფესტივალო ცხოვრებას იწყებს

27 სექტემბერი, 2011 • 1076
„ნათურა“  საფესტივალო ცხოვრებას იწყებს

გასულ შაბათს ბათუმში საავტორო კინოს მე–6 საერთაშორისო ფესტივალი დაიხურა. ჟიურის მიერ პრიზებით აღნიშნულ სურათებს შორის ერთადერთი ქართული ფილმიც მოხვდა. მოკლემეტრაჟიანი სამგანზომილებიანი ანიმაციური ფილმის ავტორი დავით კოპალეიშვილია. იდეა ფილმისთვის ექსტრემალურ პირობებში კინოცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის 2 დღეში დაიბადა და ჩამოყალიბდა „სტუდიო რეალითი”-ში, რომელიც უკვე 3 წელია მუშაობს გრაფიკული დიზაინისა და სამგანზომილებიანი ტექნოლოგიების ათვისების მიმართულებით.

გამოსახულების რეალისტურობის მაღალი ხარისხის მიუხედავად, 3-წუთიანი სურათი მეტაფორული  ჩანახატია  გამორჩეული ადამიანის ხვედრზე და სოკრატეს ციტატის ხორცშესხმას ცდილობს: „ყოველ ჩვენგანში არის მზე, ოღონდ მიეცით საშუალება ანათოს“. ფილმი, მოლოდინის საპირისპიროდ,  ტექნიკურად ძალიან დახვეწილია  და 3D ტექნოლოგიების ათვისების ხარისხის მხრივ შეიძლება ქვეყნის მასშტაბით ანალოგიც არ ჰყავდეს.

ფილმი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებითაა შექმნილი (16 000ლარი). მისი ბიუჯეტი მთლიანობაში 25 000 ლარია და მის შექმნაში ათამდე ადამიანი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.

რეჟისორის თქმით, შემოქმედი გამუდმებით პროგრესის მიმდევარი უნდა იყოს, იმისთვის, რომ საინტერესო იდეების ტექნიკურად განხორციელების პრობლემის გადაჭრა შეძლოს. პირადად მისთვის ამ ფილმის გაკეთება ნიშნავდა დამტკიცებას, რომ საქართველოში  საჭირო ფინანსური მხარდაჭერის პირობებში იდეის რთული ტექნიკური გადაწყვეტის განხორციელებაც შესაძლებელია.

დავით კოპალეიშვილი უკვე 7 წელიწადია გრაფიკული დიზაინის სფეროში მუშაობს და მიიჩნევს, რომ მიუხედავად ამ სფეროში ტრადიციების არარსებობისა, გრაფიკული დიზაინის სკოლის ჩამოყალიბების შემთხვევაში  წარმატებების მიღწევა მალე საქართველოშიც იქნება შესაძლებელი.

ფილმის პროდიუსერის ნინო ჯინჭარაძის აზრით, საქართველოში კომპიუტერულ გრაფიკაში ხარისხიანი გნათლების მიღება ძნელია. მისი აზრით, ამ მიმართულებით ქართველი ანიმატორებისა თუ გრაფიკოსების განვითარების ერთ-ერთი მთავარი გზა, აგრეთვე, საფესტივალო სივრცის უფრო ნაყოფიერად გამოყენებაა. მეტი ვორკშოფები და მასტერკლასები! – რომლებიც ხშირად საკმაოდ დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას იძლევიან. ამ მხრივ შარშანდელ კინოფესტივალ “თოფუზს” „ნათურის“ შემქმნელები განსაკუთრებით აღნიშნავენ.

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ 2009 წელს დაარსდა ანიმაციის განვითარების ფონდის მიერ და მასზე საკუთარი ნამუშევრის წარდგენა ნებისმიერ ანიმატორს, რეჟისორსა და პროდიუსერს შეუძლია. „თოფუზი“ ტრადიციულად ოქტომბერი ან ნოემბერში ქალაქ ბათუმში ტარდება.

2011 წლის სელექციისთვის ნამუშევრების წარდგენის ვადა ახლახანს დასრულდა. ბათუმის კინოფესტივალის პრიზიორი ანიმაცია „ნათურა“ უკვე გაიგზავნა „თოფუზზეც“. ავტორების თქმით, ”ნათურა” საფესტივალო ცხოვრებას ახლა იწყებს. ”თოფუზი 2011“-ის შემდეგ ავტორები, სავარაუდოდ, ფილმს საზღვარგარეთის ფესტივალებზეც გააგზავნიან.

ანიმაციური ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი ”თოფუზი” წელს 2-5 ნოემბერს გაიმართება. საფესტივალო ქალაქად შერაცხული ბათუმი ამჯერად ანიმაციის ფესტივალს უმასპინძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი