ხელოვნება

Altervision Newcomers 7 ოქტომბერს გაიმართება

27 სექტემბერი, 2011 • 1167
Altervision Newcomers 7 ოქტომბერს გაიმართება

7 ოქტომბერს თბილისში უკვე მესამედ გაიმართება მუსიკალური ფესტივალი  Altervision Newcomers. ფესტივალის მონაწილეების შერჩევა ოგრანიზატორებისადმი საკუთარი სიმღერების ჩანაწერების  გაგზავნის შემდეგ კონკურსის საფუძველზე ხდება.

წელს კონცერტში მონაწილეობის სურვილი  45-მდე მუსიკალურმა ჯგუფმა გამოთქვა, რაც შარშანდელ ციფრს ბევრად ჩამოუვარდება. პროექტის ორგანიზატორის, აჩიკო გულედანის თქმით, შარშან 100-ზე მეტმა ბენდმა შემოიტანა საბუთები.

„ჩვენ არ მოველით, რომ ყოველ წელს ეს ციფრი გაიზრდება. ზრდა სხვა კუთხით შეინიშნება:  არის პოზიტიური ცვლილებები, თუნდაც, მუსიკოსების შესრულების მხრივ.“

18 მოწონებული ბენდიდან საბოლოოდ ვისი ხილვის საშუალება ექნება მაყურებელს, კონცერტზე გაირკვევა, მათი ცოცხალი შესრულების (შოუ ქეისი) მოსმენის შემდეგ.

აჩიკო გულედანი მუსიკოსისთვის Altervision Newcomers-ში მონაწილეობის მნიშვნელობას შემდეგი მიზეზებით ხსნის: „აქ გამოსულ ბენდებს რჩებათ ძალიან კარგი პრომო-მასალა: აქვთ მინიმუმ ერთი ლაივ-ტრეკი. მთავარია, მათ გამოიყენონ ეს მასალები. ძალიან ცოტაა ისეთი ჯგუფი, ვისაც ლაივის ასეთი ხარისხის ვიდეო აქვს. გარდა ამისა, ისინი შეიძლება მოხვდნენ უფრო დიდ ფესტივალებზე  (მაგ. Tbilisi Open Air), გახდნენ უფრო პოპულარულები, გაიჩინონ მეტი მსმენელი.“

Newcomers AlterVision-ის ფეისბუქის გვერდზე უკმაყოფილება გამოთქვეს იმ ბენდთა გულშემატკივრებმა, რომლებიც ვერ მოხვდნენ შოუ-ქეისზე გამსვლელთა სიაში. ისინი ორგანიზატორებს არაობიექტურობაში ადანაშაულებენ.

„ორმოცივე ბენდზე ვერ იმუშავებ. ეს წარმოუდგენელია. ვირჩევთ იმას, ვინც თითქმის მზადაა ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ ყველაფერს ვაქცევთ ყურადღებას: კომპოზიციას, შესრულებას, არანჟირებას… ყველა ჯგუფს აქვს თავისი პლუსი და მინუსი. არჩევანის გაკეთება რთულია, მაგრამ აქ არც კობეინი მოსულა და არც მორისონი. ძალიან ბევრი ბენდი, საერთოდ, არაფრად ვარგოდა პირველ წელს, მეორე წელს კი ბევრად გაიზარდა.  ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ყველას ვუთხრათ, ჩვენი აზრით,  რა არის მათი მინუსი. “

რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეარჩიეს შოუ-ქეისისთვის ის ბენდები, რომლებიც წინა ფესტივალზე უკრავდნენ და წესით ნიუქამერები აღარ ეთქმით, გულედანი ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა შემსრულებლის სტაჟს: მთავარია, მან ახალი, წინა წლებისგან განსხვავებული მუსიკალური ნამუშევარი შესთავაზოს ორგანიზატორებს.

Landmark  ორჯერ უშედეგოდ ეცადა AlterVision Newcomers-ის ფესტივალში მონაწილეობის მიღებას. წელს კი შოუ-ქეისზე მოხვდა. ჯგუფის ვოკალისტის, ბასკი ასათიანის თქმით, კონცერტზე გამოსვლა იმიტომ უნდა, რომ მეტმა მსმენელმა გაიცნოს მისი ბენდი:

„კლუბებთან შედარებით, ამ ფესტივალზე უფრო ბევრი ხალხი მოდის. გარდა ამისა, დიდ სცენაზე დაკვრა საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილებაც არის.“

კონცერტი ამჯერად ღია ცის ქვეშ, სპორტის სასახლესთან გაიმართება.  იქნება თუ არა კონცერტზე დასწრება უფასო, ჯერ არ არის გადაწყვეტილი. თუმცა, პროექტის ორგანიზატორები  მომხრენი არიან, რომ ბილეთები გაიყიდოს.

ისევე როგორც შარშან, წელსაც Altervision Newcommers თბილისობის დღესასწაულს ემთხვევა.

„ეს არის ალტერნატიული ღონისძიება იმ ხალხისთვის, რომელსაც თბილისობის აღნიშვნა განხვავებულად უნდა,“ – ამბობს აჩიკო გულედანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი