კინოხელოვნება

ნანი მორეტის წითელი პერსონაჟები

27 სექტემბერი, 2011 • 1673
ნანი მორეტის წითელი პერსონაჟები
როდესაც მიშელ პიკოლი დაიბადა, უხმო კინოს კლასიკური შედევრები უკვე შექმნილი იყო. მომდევნო წლებში კიდევ რამდენიმე შეიქმნა და სწორედ მაშინ, როცა კინოენის სრულ დახვეწილობაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა, კინოში ხმა მოვიდა, ხმამ კი თავისი შედევრები მოიტანა: ახალი კლასიკური ნაწარმოებები. რას გულისხმობენ ადამიანები, როდესაც ფილმების და რეჟისორების შესახებ საუბრისას „კლასიკას“, „კლასიკოსს“ ან სულაც „კლასიკურს“ ახსენებენ? ხშირად ასეთი შეფასებები იმ ხელოვანების  მიმართ გამოიყენება, რომლებიც უკვე დიდი ხანია კინემატოგრაფის პანთეონში განისვენებენ, ან რომლებიც ასაკობრივი ჩარჩოებით ზემოთ ნახსენებ შესანიშნავ ფრანგ მსახიობს, მიშელ პიკოლის  უახლოვდებიან. ლინგვისტური განმარტებების ჩამოთვლის შეურაცხმყოფელ პროცედურას თავს თუ ავარიდებთ და თუ გავიხსენებთ, რომ კლასიკოსზე საუბრისას ჰა–ჰა, 60-იანი წლების დასაწყისში სახელოვნებო ასპარეზზე გამოსული რეჟისორი იგულისხმება, ხოლო დვდ დისტრიბუტორები კინოკლასიკის სერიის ათვლას მინიმუმ ამავე პერიოდში გამოსული ფილმებით იწყებენ, მაშინ ძნელი იქნება თანამედროვე ფილმზე თქვა კლასიკური ნამუშევარიაო. და მაინც, მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნანი მორეტის ბოლო ფილმი,  „პაპი გვყავს“, კინოკლასიკაა! ამას პირველ რიგში მორეტის ფილოსოფიური ხედვა, თემის დრამატურგიული მსვლელობა და სრულყოფილი ვიზუალური ნარაცია განსაზღვრავს. ეს არის ერთადერთი შეფასება, რომელსაც მორეტი იმსახურებს, როდესაც უყურებ თუ როგორ ახერხებს იგი რომის პაპის მომლოდინე მასების მღელვარების და ცალკეული ფიგურის სულის მღელვარების ვიზუალურ და მნიშვნელობით ურთიერთდაპირისპირებაში გადმოცემას. ეს სიტყვა – „სული“ – ფილმში ბევრჯერ მეორდება: სულის გადარჩენა, სულისთვის ლოცვა, სულის სევდა… მთავარი პერსონაჟი სწორედ სულია, რომელიც ხეტიალში ცდილობს ადამიანებთან და ღმერთთან მისასვლელი გზის გაკვლევას და არა ვატიკანის მეწამულ ხავერდებში გაწყობილი ინტერიერების უძრაობაში. მორეტიმ მოახერხა, რომის პაპი შორი ხედით დანახული თეთრებში გამოწყობილ მოხუცის სტერეოტიპულ სახედ კი არა, ადამიანად წარმოედგინა, რომელიც ორჭოფობს, ეჭვობს, რომელსაც ეშინია და რომელიც საკუთარ თავს ეძებს. მაგრამ იტალიელი რეჟისორის კლასიკოსობა მხოლოდ მასებისა და პერსონების მღელვარების გადმოცემის ოსტატობაში კი არ ვლინდება, არამედ მათთან ერთად მაყურებლისაც და რაც მთავარია, მანიპულირების არაიაფფასიანი მეთოდებით.

ამბავი ძალიან მარტივია – რომის კათოლიკური ეკლესია ახალ პაპს ირჩევს. არჩევნების პროცედურა ახალი პაპის ხალხში გასვლით უნდა დაგვირგვინდეს. „ხალხში გასვლა“ კი, საეკლესიო ეტიკეტის მიხედვით, აივნიდან წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ადამიანებთან მისალმებას ნიშნავს. მთელი ფილმი ამ ნაბიჯის გადადგმის პროცესიაა. სხვანაირად ვერ მოყვები, მშრალად რომ ვთქვათ, სულ ეს არის. ის, რასაც ნანი მორეტი აკეთებს, ამ პროცესის ძალიან მონუმენტური და ამავდროულად, ძალიან ინტიმური მსვლელობის გადმოცემაა. პაპი ხალხში მართლაც გადის, ოღონდ არავატიკანურად. როდესაც კომუნიკაცია არა ემოციებით გაერთიანებულ და აღგზნებულ მასასთან მყარდება, არამედ პიროვნებებთან და როცა პაპი ნერვული კრიზისის ზღვარზე მყოფ ადამიანებს ელაპარაკება, ძალაუნებურად ქრისტე გახსენდება.
ძნელია თქმა, რომ მორეტი პაპს, უფრო სწორად ადამიანს, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მწყემსად აირჩიეს, აიდეალებს, მაგრამ ფაქტია, რომ პერსონაჟის მიმართ რეჟისორის პოზიცია ცალსახად სიმპათეტიურია. სამაგიეროდ წინააღმდეგობრივია დამოკიდებულება, რომლითაც იგი დანარჩენ ეკლესიას აჩვენებს. ნანი მორეტი ძალიან ფრთხილად მოძრაობს კარდინალების მიმართ მაყურებელში გამოკვეთილად დადებითი და უარყოფითი დამოკიდებულების გამომუშავების ზღვარზე. შეიძლება ითქვას, კატისებრი ოსტატობით სხლტის. როგორც კი გგონია, რომ შაყირობს, მაშინვე საპირისპირო მიმართულებით გადაგისვრის  და ამით დელიკატურ ბალანსს ინარჩუნებს, პოზიციის დაფიქსირების არჩევანს მაყურებელს უტოვებს.
საერთოდ, ფილმი მთელი რიგი დაპირისპირებებისგან შედება. დაპირისპირება ხდება როგორც მსოფლმხედველობით, ისე ვიზუალურ დონეზე. საეკლესიო ოფიციოზის გარეგნულ პომპეზურობას თანდათანობით ფსიქოანალიტიკოსის (ნანი მორეტი) მიერ ეკლესიის მსახურთა ცხოვრების წესში წახალისებული უბრალოება ცვლის. რენესანსის ინტერიერებში მოქცეული სასულიერო პირები, რომლებსაც ფილმის მხატვარი ისე წარმოაჩენს, თითქოს ცოცხალ ადამიანებს კი არა ფერწერულ ტილოებს ვუყურებდეთ, მხატვრული კომპოზიციების თაღოვანი ნიშებიდან ეტაპობრივად გადმოდიან. ტრადიციული სიმბოლური ფორმები ახალ განზომილებაში გადადიან. იკონოგრაფია ირღვევა.
„პაპი გვყავს“ არც „რომაული არდადეგებია“ და არც „მეფის სიტყვა“. მორეტის ფილმს არც პირველის რომანტიკულობისა სცხია რამე და არც მეორის შემართება მაყურებლზე ტოტალური გამარჯვებისთვის. ასეთი კინო ფუფუნებაა და ფუფუნებაა საფესტივალო ჟიურიც, რომელიც მას სათანადოდ შეაფასებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი