კინოხელოვნება

კატასტროფა, რომელიც მუდმივად ჩვენ გვერდით არის

22 სექტემბერი, 2011 • 1902
კატასტროფა, რომელიც მუდმივად ჩვენ გვერდით არის

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი უკვე დასასრულს უახლოვდება. საკონკურსო პროგრამით ნაჩვენებ მხატვრულ ფილმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ალექსანდრე მინდაძის „შაბათი“ იყო, რომელიც წლევანდელ ბერლინალეზე უჩვენეს პირველად. აქამდე თავისი სცენარებით ცნობილმა ავტორმა უკვე მეორედ გადაიღო ფილმი – ამჯერად ჩერნობილის კატასტროფაზე, თუმცა  ეს უკანასკნელი მხოლოდ ფონია.

ფილმის მოქმედება ერთი დღის, ერთი ჩვეულებრივი შაბათის განმავლობაში მიმდინარეობს. მაგრამ ეს „ჩვეულებრიობა“ მხოლოდ მოჩვენებითია, ადამიანთა ცხოვრებაში გარეგნულად არაფერი იცვლება – ისინი საყიდლებზე მიდიან, ქორწილს ზეიმობენ, სვამენ, მღერიან, ერთობიან… სინამდვილეში ეს დღე არაჩვეულებრივია – ატომური სადგური აფეთქდა, რასაც ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს და ხალხს არ აცნობებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მთავარი გმირი, რომელიც შემთხვევით იგებს კატასტროფის შესახებ, თავის შეყვარებულთან ერთად გაქცევას აპირებს, მაგრამ ვერ გარბიან; არა იმიტომ, რომ განსაკუთრებული წინააღმდეგობები ხვდებათ, არამედ თითქოს მაინცდამაინც არც ინდომებენ, უმნიშვნელო, ყოფითი საქმეების კეთებით არიან დაკავებულნი და ამასობაში კატასტროფის გლობალური მასშტაბი ეკარგებათ, ფაქტიურად, ვერ ხედავენ.
ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებლის დიდი ნაწილი ერთსა და იმავე კითხვას სვამდა – რატომ არ გარბიან გმირები? არ გარბიან ერთგვარი უდარდელობის, ინფანტილურობისა და რეალური საშიშროების გაუაზრებლობის გამო (სხვათა შორის, რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მინდაძე აღნიშნავდა, რომ ამდენი კატასტროფების მიუხედავად, ადამიანის საფრთხეებთან დამოკიდებულება არ იცვლება: „იაპონელები ფუკუსიმადან 30 კილომეტრის მოშორებით გავიდნენ, მაგრამ არ გარბიან. ამერიკელები არ გაქცეულან ნიუ-ორლეანიდან მანამდე, სანამ ქარიშხალი მას მთლიანად არ დატბორავდა. რუსი ტურისტები ძველებურად ილტვიან ეგვიპტეში, სადაც ქუჩაში ადამიანებს კლავენ…“); არ გარბიან იმიტომ, რომ გარემო, სისტემაა უმოძრაო, სტაგნაციური, სადაც გაქცევა, გადაადგილება შეუძლებელია, ან აზრი არ აქვს; არ გარბიან იმიტომაც, რომ, როგორც თავად რეჟისორი ამბობს, „პრინციპში საკუთარ თავს ვერ გაექცევი.“
ჩერნობილის კატასტროფა ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იყო კიდევ ერთი, უფრო დიდი აფეთქების – საბჭოთა კავშირის დაშლის, რომელშიც ძალით შეჩერებული და ჩაწნეხილი მოძრაობა აუცილებლად ამოხეთქვით დამთავრდებოდა. ამიტომაც მოქმედებენ ინერციით ამ ჩაწნეხილ გარემოში გაზრდილი გმირები. მათ არ იციან, როგორ მოიქცნენ, სად გაიქცნენ – მათ მოძრაობა არ იციან. მოძრაობამდე კი ფიქრი/განსჯა ეზარებათ, ან არც ის იციან. ამიტომაც ვერც გადაწყვეტილებას იღებენ – ხელისუფლებასა და პარტიას ხომ არ მიუცია მათთვის ინსტრუქცია.
ფილმი, რომელიც ერთ კონკრეტულ მოვლენას ეყრდნობა, ფიზიკურად შესაგრძნობს ხდის და ანზოგადებს მთელ ეპოქას. მასში არც ამ მოვლენის ქრონოლოგიური განვითარება ჩანს, თვითონ სიტყვა „ჩერნობილიც“ კი არ არის ნახსენები, მაგრამ არაჩვეულებრივი სიცხადით, თითქმის დოკუმენტური სიზუსტითაც კი აცოცხლებს იმ გარემოს, იმ ყოფით ატმოსფეროს, რაც 80-იანი წლების საბჭოეთში სუფევდა. აღსანიშნავია, რომ „შაბათის“ ოპერატორი თანამედროვე რუმინული კინოს „ახალი ტალღის“ დასაწყისის – კრისტიან მუნჯუს „4 თვე, 3 კვირა, 2 დღისა“ და სერგეი ლოზნიცას „ჩემი ბედნიერების“ ოპერატორი, რუმინელი ოლეგ მუტუა, რომლის ფილმებსაც აერთიანებს ატმოსფეროს არაჩვეულებრივი შექმნა/შეგრძნება და დოკუმენტური მინიმალიზმი. ეს არის ფილმი, რომელიც ისტორიის შეხსენებითა და გააზრებით თანამედროვეობაზე ყვება, კონკრეტული ისტორიული მოვლენა კონკრეტული ადამიანების ამბავში (ისტორიაში) აირეკლება.
სამწუხაროა, რომ თანამედროვე ქართული კინო ჯერ კიდევ ან „მოდელირებული რეალობით“, ან საკუთარი ეგოცენტრიკული სამყაროთია გართული და კონკრეტული (რეალური) ამბავი, მოვლენა არ აინტერესებს. თუმცა ამ მხრივ მხოლოდ თანამედროვე ქართული ფილმები არ გამოირჩევა. მსგავსი ტრადიცია  ქართულ კინოში, ფაქტიურად, არ არსებობს; ამა თუ იმ ისტორიული პერიოდისა თუ მოვლენის რეფლექსირება, ისტორია, როგორც ნარატივი, თითქმის არ გვხვდება. ეს, ცხადია, გარკვეულწილად ობიექტურმა ფაქტორებმაც განაპირობა: სოცრეალიზმის დაკვეთამ, რომელიც არა რეალურად სოციალური უსამართლობის მხილებაში, არამედ კლასობრივი დაპირისპირების (ადრეულ ეტაპზე) ან გამარჯვებული, ყოველთვის მართალი მშრომელების პლაკატურ ასახვაში გამოვლინდა და რომელიც ისტორიას შავ-თეთრში „დაბეჭდილ“ კონსპექტად აქცევდა, არა მხოლოდ სოციალურისადმი,  არამედ, საერთოდ, კონკრეტული ფაქტისადმი, ისტორიული მოვლენებისადმი  გულგრილობა და მასთან სრული დისტანცირება წარმოშვა. შემთხვევითი არ არის, რომ ქართული კინო სწორედ იგავური ფორმით, რომანტიკული, პარალელურ (საკუთარ) რეალობაში მცხოვრები პერსონაჟებით გახდება ყველაზე მეტად ცნობილი. საბოლოოდ კი, იგავურ-განყენებულ ენაში გამოკეტილი ქართული ფილმის მსგავსად, რეჟისორები საკუთარ მიკრო-სოციუმს  მიჯაჭვულები აღმოჩნდნენ.
ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ნაჩვენებმა ამ ფილმმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ საავტორო კინო მხოლოდ საკუთარ (ხშირად სხვისთვის უინტერესო) „აღსარებას“ და პირობით-განყენებულ ენას (ასევე ხშირად სუმბურულსა და ბუნდოვანს, რომელიც არტ-ჰაუსის პრეტენზიით არის შენიღბული) არ ნიშნავს. საქართველოში საკმარისად დაგროვდა „აფეთქებული“ თუ „ფეთქებადი“, დიდი თუ მცირე „ჩერნობილები“, რომლის ასახვამ საბოლოოდ მართლა შეიძლება გამოიწვიოს ქართული კინოს „ახალი ტალღაც“.
მაგრამ ჯერ თვალის ახელით უნდა დავიწყოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი