კინოხელოვნება

კიდევ ერთხელ „ბოროტი ქალური გენიტალიის“ შესახებ

20 სექტემბერი, 2011 • 2832
კიდევ ერთხელ  „ბოროტი ქალური გენიტალიის“ შესახებ

დღეს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მესამე დღეა. ურსულა ანტონიაკის საკონკურსო ფილმი „ლურჯი კოდით“ შთაგონებული,  ისედაც ვაპირებდი სტატიის დაწერას, რისი ინსპირაცია კიდევ უფრო გამიმძაფრა ლაშა ბუღაძის სტატიამ „მკოცნელ მოხუცთა რაზმეულები“, რომელიც, სასტუმროში დაბრუნებულს, ფეისბუკზე აქტიურად „დაშეარებული“ დამხვდა.

ავტორი მისთვის დამახასიათებელი ხატოვანებით აღწერს, მისი თქმით, ბოლო დროს მომრავლებულ „ასაკოვან მკოცნელ ქალთა რაზმეულებს“, რომლებიც „ამაღელვებელი სიმსუნაგით ეტანებიან“ პრეზიდენტს, თუმცა იმასაც დასძენს, რომ „მკოცნელ ქალბატონთა რაზმეულებს არასდროს ვუჩიოდით – კოცნიდნენ გამსახურდიას, კოცნიდნენ შევარდნაძეს, კოცნიდნენ ასლან აბაშიძეს…“. ამ შემთხვევაში ნამდვილად არ მაინტერესებს, ვის მეტად კოცნიდნენ და ვის – ნაკლებად. ჩემი ყურადღება მიიპყრო იმ ტენდენციამ, თუ როგორ ხდება ქალის ისტერიზებული სახის მეთოდური გამეორება/გამრავლება. „თუკი დადუმებული სააკაშვილის ნახვა გინდათ, მას მკოცნელი მოხუცები უნდა მიუსიოთ“ – გვეუბნება ლაშა. „შავკალგოტკიანები“, „მდედრიონი“, „კარვის ქალები“ – ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო აგრესიული ტერმინებია, რაც პოსტსაბჭოურ „თავისუფალ“ საქართველოში დამკვიდრდა და რის შემდეგაც მედია გამუდმებით ახდენს მის ტირაჟირებას. უშუქობის გამო ქუჩები გადაიკეტა? ოპოზიციონერთა მიტინგია? –  ქალების გაკაპასებული „ბრბოს“კადრები და კაცი/სუბიექტის „სინქრონი“. ხელისუფლებისადმი ხალხის საყოველთაო სიყვარულის ჩვენება გვინდა? – მაშინ ქალებისკენ მივმართოთ მიკროფონი. ის, რაც ირაციონალურს, ემოციურს უკავშირდება, როგორც წესი, ქალებს „მიანდობენ“ რეპრეზენტატორობას, მაშინ როდესაც სხვა შემთხვევაში ის უპიროვნო მასაშია გაბნეული.  ამ შემთხვევაში ქალი კოლექტიური ლიბიდოს გამომხატველია, რომელიც მიმართულია ლიდერის მიმართ, თუმცა მასობრივ ფსიქოზში არც დიქტატორული რეჟიმების დროს და არც დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოში მხოლოდ  ქალები არ ყოფილან ჩართულნი, მით უმეტეს მხოლოდ „მოხუცი ბებოები“ ანუ  „კლიმაქსიანი ქალი“ (გაგახსნებთ, პარლამენტის დარბაზიდან ქ.-ნი სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოთქმული „პოლიტიკური“ კრიტიკა ხშირად ამ დისკრიმინაციულ-სალაღობო ფრაზეოლოგიაში ვლინდებოდა).  „… ყველა ბებოს ნდობაც არ შეიძლება. ჯერ კარგად უნდა დავაკვირდეთ, რა გვკოცნის და მერეღა დავუთმოთ პოლიტიკური სხეული“ – ასე ამთავრებს ლაშა თავის წერილს, სადაც სიტყვა „რა“-ს გამოყენება ძალიან სიმპტომურად მეჩვენა.
ქალის სუბიექტივიზაცია (ანუ „ვინ-ად ქცევა“), ძირითადად, მაშინ იწყება, როდესაც ის ხდება სექსუალური ანუ განიხილება სექსუალობასთან კავშირში. თუმცა, რაც უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, სწორედ ამაზე მოეთხოვება კიდევაც მას პასუხი და ისჯება. ქალი არის (ყოველთვის) პრობლემა – იმის მიუხედავად, მას „დამანგრეველი ლიბიდო“ აქვს (ფატალური ქალი) თუ არა (ფრიგიდული ქალი), უჩნდება (დეფლორაცია) თუ დაკარგა (კლიმაქსი) – მაშინ როცა, მამაკაცის ორგანიზმში მიმადინარე ფიზიოლოგიურ ცვლილებას კულტურა პრობლემურად არ განიხილავს. ისტერიულიულობა ქალის იდენტიფიკაციის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და უძველესი „არქეტიპია“, რომელთან განშორება/დისტანცირებას ხშირად თავად ქალების უმეტესობა ვერ ახდენს.
ნიდერლანდელი  რეჟისორი ქალი  ურსულა ანტონიაკი „ლურჯ კოდს“ მარტოხელა მედდის რუტინული ცხოვრების აღწერით იწყებს, რომელიც აბსოლუტურ სუბლიმაციას ახდენს პაციენტებისადმი მზრუნველობასა და მოვლაში. ერთხელაც მას უცნობი მამაკაცი მიიზიდავს. მას მამაკაცის სუნი ახსენდება და აქ მთავრდება გმირის „დედა ტერეზობაცა“ და ანგელოზური სათნოებაც – სექსუალობა/“წმინდანობის“ დისპოზიცია სახეზეა. გაუგებარია, რატომ აბობოქორდება მთავარ გმირში ასე უეცრად დაუოკებელი ლიბიდო, რომელიც არა მარტო მას ანგრევს, არამედ, ფაქტიურად, მკვლელად აქცევს – ის თავის მოხუც პაციენტებს ნემსს უკეთებს და კლავს. მედდის ემპათიურობა სადღაც ქრება და ფანჯრიდან დანახული ახალგაზრდა ქალის ჯგუფური გაუპატიურების სცენაც მასში თუ რამე განცდას ბადებს, ისევ და ისევ ვნებაა.
ფილმმა რამდენიმე ეპიზოდში ჰანეკეს „პიანისტი ქალი“ გამახსენა ქალის სექსუალობის ძალზე კონტრავერსულად ჩვენების გამო. თუმცა ელინეკისეული ტექსტისა თუ ეკრანიზაციისგან განსხვავებით, სადაც ხისტად და შოკისმომგვრელი სითამამით ხდება სტერეოტიპებისა თუ ტაბუირებული თემების ახსნა/გახსნა, „ლურჯი კოდი“ ისტერიული ქალის სტერეოტიპს მხოლოდ ამყარებს. ქალის სექსუალობის დესტრუქციულობასთან გაიგივება ფინალში „ამაღელვებლად“ დასტურდება – სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულების შემდეგ მის უმოძრაო ფიგურას შარავანდედი დასციმციმებს და ფილმში პირველად შემოდის მუსიკა: საგალობლის მშვიდი, ჰარმონიული მელოდია.
ქალმა სექსუალობა დაკარგა – ის ანგელოზად იქცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი