კინოხელოვნება

პირველი “შუაღამე ბათუმში”

17 სექტემბერი, 2011 • 1673
პირველი “შუაღამე ბათუმში”
კადრი ფილმიდან შუაღამე პარიზში
ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ვუდი ალენის ბოლო ფილმით “შუაღამე პარიზში” გაიხსნა. “ვუდი ალენი კარგ ფორმაშია და პარიზი დიდებულად გამოიყურება დროში მოგზაურ ამ მხიარულ ფანტაზიაში” –  წერდა “ჰოლივუდ-რეპორტერი” ფილმის კანის საერთაშორისო ფესტივალზე გამართული პრემიერის შემდეგ. პარიზი მართლაც დიდებულია, ზედმეტად გლამურული და ბრწყინვალეც კი, თუმცა რამდენად “კარგ ფორმაშია” ერთ-ერთი ყველაზე უფრო ირონიული ამერიკელი, ეს ნამდვილად საკამათოა. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ვუდი ალენისთვის უჩვეულო სიტკბოება და იუმორის ნაკლებობა გიჩენს იმედგაცრუებას, რაც, ალბათ, უმთავრესი ნაკლია ამ კულტურულ/ტურისტული გაიდისა და 20-იანი წლების ბოჰემური პარიზისადმი ნოსტალგიის ნაზავში.

ჰოლივუდის ახალგაზრდა სცენარისტი და მწერალი თავის ცოლთან ერთად ჩადის პარიზში. მორცხვი და არაკომუნიკაბელური ჯილი (ცხადია, ეს პერსონაჟი ვუდი ალენის ალტერ-ეგოა, რომელსაც ამჯერად არა თვითონ, არამედ ოუენ ვილსონი ასრულებს) პარიზის ვიწრო ქუჩებში მარტო ხეტიალს ამჯობინებს. ერთ საღამოსაც ის ძველმოდური მანქანით მოსიარულე (ჯადოსნური დროის მანქანა) უცნაურ კომპანიას გადაეყრება, რომლებიც თავისთან წვეულებაზე მიიპატიჟებენ. აქედან იწყება დროში და 20-იანი წლების პარიზის კულტურულ ცხოვრებაში მოგზაურობა, სადაც თავი მოეყარა ერნსტ ჰემინგუეისა და სკოტ ფიცჯერალდს, გერტრუდა სტაინსა და პიკასოს, სალვადორ დალისა და ლუის ბუნუელს… ეს ყველანი ფილმში ჩნდებიან, როგორც ოცნებაში, და ცოტა არ იყოს მოზარდის მიერ შედგენილ ცნობილი ადამიანების სიას ემსგავსებიან _ ადამიანებისა, რომლებმაც მასზე შთაბეჭდილება მოახდინეს. ვუდი ალენი, რომლის პერსონაჟსაც ყოველთვის ახასაითებს ერთგვარი ინფანტილიზმი, ამჯერად ირონიისა და თვითირონიულობის გარეშე ტკბება პარიზის ხედებითა და გლამურული პარიზული ცხოვრებით. რჩება შთაბეჭდილება, რომ რეჟისორმა, რომელმაც დაძლია თავისი ფობიები და როგორც იქნა დატოვა ნიუ-იორკის ქუჩები, უეცრად აღმოაჩინა, რომ სამყაროში კიდევ ბევრი რამ არის მომხიბვლელი. თუმცა მანამდე ბარსელონაში გადაღებული “ვიკი, კრისტინა, ბარსელონა” მოკლებულია ამ გადაჭარბებულ პიეტეტს. რეჟისორი ერთდროულად სიყვარულს უხსნის ესპანეთს და ამავე დროს ინარჩუნებს თავის განუმეორებელ ირონიულობას, რაც თანაბარი ხარისხით არის მიმართული ტურისტული სტერეოტიპების გავლენის ქვეშ მყოფი ამერიკელებისა და სტერეოტიპულად მგზნებარე ესპანელებისადმი.

ეს ერთგვარი სენტიმენტალურობა, ცხადია, მე-20 საუკუნის, ალბათ, ყველაზე უფრო მომნუსხველ დროსა და სივრცეში მოგზაურობამაც განაპირობა. სხვადასხვა რეალობაში გადასვლის თემა ვუდი ალენმა ჯერ კიდევ 1985 წელს გადაღებულ “კაიროს მეწამულ ვარდში” გამოიყენა და, ჩემი აზრით, გაცილებით საინტერესო ფორმაც მოუძებნა. ის არა ზოგადად ხელოვნებაში შეყვარებული და ცნობილი ადამიანების აჩრდილებით მოჯადოებული ინტელექტუალის (წარმოსახული) მოგზაურობაა, არამედ ტიპური სინეფილის (რომელიც ფილმის გმირშია შეყვარებული) ზმანება, სადაც თავისუფლად შეიძლება, პერსონაჟი ეკრანიდან დარბაზში გადმოვიდეს და პირიქით _ მაყურებელი მოულოდნელად ეკრანულ მოქმედებაში შეიჭრას.

ვნახოთ, რამდენად მოგვაჯადოვებს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე ნაჩვენები ფილმები, რომლებიც საკონკურსოს გარდა (მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმები 20-ზე მეტი ქვეყნიდან) სხვადასხვა პროგრამით იქნება წარმოდგენილი: “აბრეშუმის გზის ქვეყნები”, რეტროსპექტივა, “ოსტატების კოლექცია” და სხვ. სწორედ ამ უკანასკნელში ჩართული ფილმები _ ლარს ფონ ტრიერის “მელანქოლია” (რომელსაც კანის წლევანდელ ფესტივალზე რეჟისორის მიერ პრესკონფერენციაზე გამოთქმული არაპოლიტკორექტული აზრის გამო ატეხილმა აჟიოტაჟმა საკმაოდ წარმატებული რეკლამაც გაუკეთა) და მაიკლ ლის “კიდევ ერთი წელი” (რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, ბოლო წლების არა მხოლოდ ბრიტანული, არამედ თანამედროვე კინოს ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია) – იწვევს წინასწარ მაყურებელთა განსაკუთრებულ ინტერესს.

მოგზაურობა კინოს პარალელურ რეალობაში ერთ კვირას გასტანს.
დღეს ფესტივალის გახსნა საკმაოდ არაორგანიზებული იყო -იგი ორი საათის დაგვიანებით დაიწყო და  პირველი ფილმიც, ვუდი ალენის “შუაღამე პარიზში” ბათუმის კინოფესტივალზე საკმაოდ ცუდი ხარისხით აჩვენეს. იმედია ფესტივალის ორგანიზატორები მომდევნო დღეებში გაითვალისწინებენ და მაყურებელს უკეთესი ტექნიკური ხარისხით შესთავაზებენ  ფილმებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი