ხელოვნება

ბათუმში „Golden talent 2011“დაიწყო [video]

8 სექტემბერი, 2011 • 1222
ბათუმში „Golden talent 2011“დაიწყო [video]

„Golden talent 2011“–მა  სტარტი ბათუმის ახალ ბულვარში აიღო. ოქროს ნიჭის მქონე მომღერალს 18 ქვეყნის  მონაწილეს შორის 19–წევრიანი ჟიური შეარჩევს. ჟიურის თავმჯდომარე კომპოზიტორი დავით ევგენიძეა. იგი ამბობს, რომ ფავორიტი კონკურსანტი ჯერ არ ჰყავს, რადგანაც,  რეპეტიციების მიუხედავად, მთავარი საკონკურსო დღეები წინაა.

„რეპეტიციებზე კი მოვუსმინე ყველა მომღერალს, მაგრამ ფავორიტი ჯერ არ მყავს. შესაძლოა, კონკურსანტმა რეპეტიციაზე კარგად იმღეროს, თუმცა კონკურსის დღეს ნერვიულობის ან სხვა მიზეზის გამო მაყურებლის წინაშე კარგად ვერ წარსდგეს. მთავარი ჯერ კიდევ წინ არის“, – ამბობს დავით ევგენიძე.

ფესტივალი მონაწილეთა საერთო სიმღერით „We are the world” გაიხსნა. შემდეგ სცენა ქართულმა ჯგუფმა „ელდრაინმა“ დაიკავა. მოგვიანებით მაყურებლის წინაშე აზერბაიჯანული ჯგუფი „სასტრო პროჯექტი“ წარსდგა. ფესტივალის დასაწყისის კულმინაცია კი ბრიტანული ჯგუფის „ბლუ“-ს 45 –წუთიანი საკონცერტო პროგრამა იყო.

„ძალიან მომეწონა თქვენი ქალაქი და აუცილებლად დავბრუნდებით  უკან. მაყურებელს დღეს უფრო დახვეწილ მუსიკას ვთავაზობთ და ჩვენს ჰიტებს შევასრულებთ“, – განაცხადა „ბლუს“ ვოკალისტმა ეუბ საიმონმა.

„ძალიან მომეწონა ფესტივალის გახსნა. მგონი, მსგავსი ტიპის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში  პირველად ტარდება. სასურველი იყო, უფრო ბევრი ხალხი ყოფილიყო, რადგან ყოველდღიურად ნამდვილად არ გვაქვს საშუალება, მოვუსმინოთ ასეთი დონის ვარსკვლავებს  ჩვენსავე ქალაქში“,  – ამბობს მაყურებელი მარიამ ჯახუტაიშვილი. ფესტივალზე ყოველდღიურ დასწრებას აპირებს თაკო კოსტავა. მას უკვე ჰყავს საკუთარი ფავორიტი ამ კონკურსში: „ძალიან მომეწონა გახსნა და ვაპირებ, ყოველდღიურად დავესწრო ამ ფესტივალს. რა თქმა უნდა, საქართველოს წარმომადგენელს ვგულშემატკივრობ. იმედია, გაიმარჯვებს. ძალიან მომეწონა ბრიტანეთის წარმომადგენელიც. ძალიან კარგი ხმა ჰქონდა. ყველა კარგი მონაწილეა, მაგრამ ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს“, – ამბობს თაკო კოსტავა.

ფესტივალის გახსნით კმაყოფილი, თუმცა მაყურებლის დისციპლინით უკმაყოფილო დარჩა „გოლდენ ტალანტ 2011“-ის გენერალური პროდიუსერი ეკა ჩიტიშვილი. მისი თქმით, მაყურებელმა დარბაზში დისციპლინა დაივიწყა და ცეკვა დაიწყო, რაც ამ ტიპის ფესტივალისთვის მიუღებლად მიაჩნია. „ეს ცოტა სხვა ტიპის ფესტივალია და ფეხზე ადგომა და ცეკვა არ უხდება. იმედი მაქვს, ხვალ უფრო კარგად მოიქცევა მაყურებელი. ფესტივალის გახსნით და შემოქმედებითი თვალსაზრისით კმაყოფილი ვარ. საკონკურსო დღეები მოდის და მონაწილეებს დარბაზის და ორგანიზატორების მაქსიმალური მხარდაჭერა ჭირდება“.

საკონკურსო დღის დაწყების წინ ღელავენ თავად კონკურსანტებიც.  2011 წლის მსოფლიო ოქროს ტალანტის მოპოვებას  ისინი თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმის წარმოჩენით აპირებენ.

სალომე ქათამაძე, საქართველოს წარმომადგენელი: „ძალიან მიხარია, რომ ეს კონკურსი საქართველოში ტარდება. აუცილებლად გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ გავიმარჯვო, რადგან კონკურსი ჩემს ქვეყანაში ტარდება. თუ ვერ გავიმარჯვებ, შევეცდები, რომ საპატიო ადგილი მაინც ავიღო, რადგან ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენ“ .

კონკურსში გამარჯვების იმედი აქვს იტალიელ გუერინო პაპასაც. მას მსგავს კონკურსებზე მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა მაინც ღელავს.

ფესტივალის გახსნას 4 ათასი მაყურებელი უნდა დასწრებოდა, თუმცა ზღვისპირა ღია დარბაზში ხალხის სიმცირე იგრძნობოდა. ბილეთების მცირე რაოდენობის გაყიდვის გამო ორგანიზატორები იძულებულნი გახდნენ, კონცერტზე მოსული მაყურებელი დარბაზში უფასოდ შეეშვათ. ბათუმის მერიის, როგორც ფესტივალის მხარდამჭერის, მხრიდან ნაკლები ყურადღების გამო უკმაყოფილო დარჩნენ ფესტივალის ორგანიზატორები. ბრიტანული ჯფუფის „ბლუ“-ს საუნდ ჩეკის დროს სტუმრებმა სასმელი წყალი ითხოვეს,  თუმცა ორგანიზატორებმა მისი მიწოდება ვერ მოახერხეს. რამდენიმე საათის განმავლობაში  სასმელ წყალს ითხოვდნენ კონკურსანტებიც, მაგრამ მერიამ მათთვისაც  ვერ მოახერხა წყლის მიწოდება. მოუწესრიგებელი იყო, ასევე, საპირფარეშოების პრობლემაც.

პარტნიორების მხრიდან პირობების შეუსრულებლობის გამო გულდაწყვეტილმა ფესტივალის ავტორმა და გენერალურმა პროდიუსერმა დარბაზში რამდენჯერმე იტირა.

„Golden talent 2011“-ის ორგანიზატორები Georgian art fest-ი და ბათუმის მერიაა. ფესტივალი 10 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებულ კონკურსანტს „მსოფლიო ოქროს ტალანტის“ სტატუსთან ერთად 20 ათასი დოლარის საპრიზო ფონდი ერგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი