ხელოვნება

მეტალ ფესტივალის მოტყუებული მაყურებელი

18 ივლისი, 2011 • • 1618
მეტალ ფესტივალის მოტყუებული მაყურებელი

გუშინ ბათუმში Global east rock festival-ი გაიხსნა. კონცერტი დაახლოებით რვა საათის დაგვიანებით დაიწყო და ყოველგვარი ოფიციალური განცხადების გარეშე, ერთიანად შეიცვალა პირველი დღის მონაწილეთა სიაც. ნაცვლად რვა ჯგუფისა:  Tanelorn (საქართველო), Signs  (საქართველო), Carthagods (ტუნისი), Moribund oblivion  (თურქეთი),Cemetary of scream  (პოლონეთი),W.H.I.T.E.  (უკრაინა), Dark tranquility (შვედეთი) და Sabaton (შვედეთი) – ფესტივალის გახსნაზე მხოლოდ Sabaton, Dark Tranquility  და Moribund oblivion  გამოვიდნენ.

გარდა იმისა, რომ ორგანიზატორებმა თავდაპირველად შეპირებული, ბრაზილიური, Heavy metal ჯგუფის -Sepultura -ს ჩამოყვანა ვერ მოახერხეს, რის გამოც განაწყენებულმა მსმენელმა, ბილეთების ღირებულების ანაზღაურებაც კი მოითხოვეს მათგან,  გუშინ დილით, ყველასათვის მოულოდნელად, ფესტივალის ჩატარების ადგილიც შეცვალეს – ნაცვლად ანგისის სტადიონისა, კონცერტი ერას მოედანზე, რამოდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო.

გარკვეული მღელვარება შეინიშნებოდა კონცერტზე თავმოყრილ ახალგაზრდებშიც, რომელთა უმრავლესობაც უნდობლობას გამოხატავდა ფესტივალის ორგანიზატორების მიმართ და როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე უმიზეზოდ. კონცერტზე ერთ მეტად უსიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი – შვედური, Melodic death metal ჯგუფი – Dark Tranquility, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყო, აპარატურის გაუმართაობის გამო იძულებული გახდა, გამოსვლა თითქმის ერთი საათით ადრე დაემთავრებინა. მათ ბოდიში მოუხადეს მაყურებელს და მხოლოდ სამი-ოთხი სიმღერით შემოიფარგლენ. რის შემდეგაც  კულისებში პირადად შეხვდნენ, ფესტივალის ორგანიზატორებზე გულმოსულ მაყურებელს და მათთან ერთად მოკლე ფოტო-სესიაც კი მოაწყვეს.

მართალია Global east rock festival -ი ძალიან ბევრი ხარვეზით გაიხსნა, მაგრამ მთლიანობაში მსმენელი მაინც ბედნიერი ჩანდა, თავისი საყვარელ ჯგუფებთან შეხვედრით და მათი ცოცხალი შესრულეის მოსმენით, რაც ფესტივალის ორგანიზატორებმა საკმარისად ჩათვალეს და დღეს facebook -ზე Global east rock festival -ის გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ევროპის მოედანზე ფესტივალის ჩატარების ნებართვის არ ქონის გამო,ფესტივალის მე-2 დღე საერთოდ გაუქმებულია.

მოტყუებული მსმენელი, რომელიც უკვე რა ხანია ბილეთების ღირებულების ნაწილის, ანაზღაურებას ითხოვს და სასამართლოში ჩივილითაც იმუქრება ახლაც ვერანაირ ოფიციალურ პასუხს ვერ იღებს –  ფესტივალის ორგანიზატორები მობილურ ტელეფონებს არ პასუხობენ და საორგანიზაციო ჯგუფის RMNA (Rock Music National Association) და Jam Events-ის ოფიციალური ვებ გვერდი http://fest.jam.ge/ საერთოდ გაუქმებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი