ხელოვნება

არდიფესტი, დღე მეოთხე – კამერული დასასრული

4 ივლისი, 2011 • 2140
არდიფესტი, დღე მეოთხე – კამერული დასასრული

3 ივლისი „არიდფესტის“ ბოლო საკონკურსო და, ალბათ, საუკეთესო დღე იყო. სულ ვიხილეთ 4 სპექტაკლი: ბეკეტის „კრეპის უკანასკნელი ფირი“ (რეჟ. დავით ჩხარტიშვილი), „ტკბილი სახლი“ (ავტორი და რეჟისორი დათა ფირცხალავა), გლოვაცკის „ახლა დაიძინებ“ (რეჟ. მაია დობორჯგინიძე) და სემ შვარცის „მიაუ“ (რეჟ. მიშა ჩარკვიანი). საინტერესოა, რომ ორგანიზატორებმა სწორედ კამერული სპექტაკლები შემოინახეს ფესტივალის დასასრულისთვის, სცენაზე იმ დღეს მხოლოდ 6 მსახიობი იდგა 4 სპექტაკლში.

ბეკეტის ლეგენდრული მონოპიესის დაძლევას შეეცადა ახალგაზრდა რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი. მისი  არასტანდარტული არჩევანი მდგომარეობდა იმაში, რომ ბებერი კრეპის როლს ახალგაზრდა მსახიობი, პაატა ინაური ასრულებდა. ზომიერი, პაუზებით სავსე დადგმა, მუსიკალური გაფორმება და მსახიობის მცდელობა ნამდვილად დასაფასებელია. თუმცა, რეჟისორის ამ გაბედულ განაცხადს, დაედგა ასეთი ცნობილი პიესა, ადეკვატური გააზრება/გადაწყვეტა, სამწუხაროდ, ვერ უმაგრებდა ზურგს.

ტკბილი სახლი“ – დათა ფირცხალავამ საკუთარი პიესის მიხედვით დადგა. მშობლებგარდაცვლილი ორი ძმის ამბავი, აბაზანაში რომ სხედან და იქვე ცხოვრობენ, ესაა მათი ერთადერთი საარსებო სივრცე. ერთი ძმა მეორეს აიძულებს, თავი მოიკლას და ამ გზით ხელში ჩაიგდებს მთელ ავლა–დიდებას. ფირცხალავას დრამატურგია სხარტი და შავი იუმორით გაჯერებულია. ავტორი მშვენივრად ახერხებს პათეტიკური სცენების განმუხტვას მოულოდნელი და გაბედული იუმორით. როგორც ჩანს, ოჯახის, როგორც ერთ–ერთი უპირველესი ქართული ტრადიციული ღირებულების  ხელმეორედ გააზრება ავტორის მთავარი ამოცანა იყო და მან ეს თითქმის ძალდაუტანებლად მოახერხა. შეიძლება ითქვას, კონკურსში მონაწილე ქართულ პიესებს შორის „ტკბილი სახლი“ უდავო ფავორიტია.

რეჟისორმა მაია დობორჯგინიძემ იანუშ გლოვაცკის პიესის მელოდრამატული ვნებებით სავსე ვერსია შემოგვთავაზა. თამაში განათებით და ხმამაღალი მუსიკით,  მუდამ დაჭიმული, დაძაბული და ექსცენტრიკაში გარდამავალი მსახიობებით,(მერე რა, რომ კარგად უძლებდნენ დადგმის ასეთ რიტმს და თავს არ ზოგავდნენ), საბოლოო ჯამში, მაინც ვერ იქცა საინტერესო სპექტაკლად. „ახლა დაიძინებ“ ის შემთხვევაა, როცა „მეტისმეტად ბევრი ნოტი“ გესმის, არადა, სულ რამდენიმეა საჭირო იმისთვის, რომ მუსიკას მოვუსმინოთ.

 

ფესტივალის ბოლო საკონკურსო სპექტაკლი რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა შემოგვთავაზა, სემ შვარცის პიესის მიხედვით „მიაუ“. მონოსპექტაკლი, მაყურებლის რეაქციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ლამის ტრიუმფად იქცა ავტორებისთვის და განსაკუთრებით მსახიობ გაგა შიშინაშვილისთვის. იგი შესაშური უბრალოებით და ამავდროულად, უზუსტეს დეტალებამდე გააზრებულად თამაშობს მარტოხელა, ქვრივი კაცის როლს, რომელსაც ძმისშვილები კატის კნუტს აჩუქებენ. კაცსა და კატას შორის ნამდვილი, უსათუთესი გრძნობებით ნასაზრდოები რომანი გაჩაღდება. დასასრული კი ტრაგიკულია – კატას წაართმევენ, შეარცხვენენ და ავამდყოფი ხარ, იმკურნალეო, ეუბნებიან. არადა, მას მართლა უყვარდა თავისი კატა – ემილი. ეს ერთდროულად სასაცილო და სევდიანი ამბავი სპექტაკლის ავტორებმა თითქმის ფსიქოლოგიურ დრამად წარმოგვიდგინეს (რამდენიმ მცირე გადახვევას თუ არ ჩავთვლით). და სწორადაც მოიქცნენ. ფინალურ სცენაში, როცა გმირი თხრობას ამთავრებს და თავს იკლავს ნატიფი და ამავდროულად ტრაგიკული მუსიკის (კომპოზიტორი ნიკა ფასური) ფონზე, შეიძლება ითქვას, ინსტინქტურად წევ ხელებს და უკრავ ტაშს. არც „ბრავოს“ დაძახების შეგრცხვება და ისიც გიხარია, რომ ფესტივალის საკონკურსო პროგრამა ასეთი კარგი სპექტაკლით დამთავრდა.

დღეს, 4 ივლისს, ფესტივალის ოფიციალური დახურვის ცერემონია შედგება.  სამეფო უბნის თეატრი ცერემონიამდე, 19 საათსა და 30 წუთზე,  წარმოადგენს სარეპერტუარო სპექტაკლს „ბრმა ფერი“ (პიესის ავტორი პენელოპე სკინერი, რეჟისორი ნინი ჩაკვეტაძე).

შეგახსენებთ, რომ ფესტივალის ჟიური (თემურ ჩხეიძე, თეიმურაზ მურვანიძე, დავით დოიაშვილი, მანანა გეგეჭკორი, გიორგი ცინცაძე, ზურაბ გეწაძე) 7 ნომინაციაში გამოავლენს გამარჯვებულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი