ხელოვნება

არდიფესტის პირველი დღე

1 ივლისი, 2011 • 1486
არდიფესტის პირველი დღე

30 ივნისს  სამეფო უბნის თეატრში გიორგი ჯიქიას, შალვა გოგოლაძის და ნინი ჩაკვეტაძის ერთმანეთისგან ჟანრულად რადიკალურად განსხვავებული სპექტაკლებით გაიხსნა 25- წუთიანი სპექტაკლების მე–3 ახალგაზრდული ფესტივალი „არდიფესტი“

ორგანიზატორების მიერ შერჩეული პროგრამა, სავარაუდოდ, სხვადასხვა თეატრალური ჟანრების მოყვარულებზე იყო გათვლილი და ამიტომაც გამოირჩეოდა ერთგვარი სიჭრელით. გიორგი ჯიქიას სპექტაკლი „ეშმაკის მონოლოგი“ ჩეჩენი მწერლის, ისა კოაძოას მოთხრობის თავისუფალი ინსცენირებაა. რუსი გენერლის (მსახიობი ირაკლი გოგოლაძე) პირით მოვისმინეთ ცინიზმით შეზავებულ გრძელი  მონოლოგი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გატეხო თავისუფალი ადამიანის სული, როგორ დაიმონო კავკასიელები. საბოლოო ჯამში. დრამატურგიული ხარვეზებით გამორჩეული ტექსტის სცენაზე გაცოცხლება რეჟისორმა და მსახიობებმა არცთუ ურიგოდ მოახერხეს, თუ არ ჩავთვლით ოდნავ გადაჭარბებულ პათეტიკას, რომელსაც დამაჯერებლობა აკლდა და ჩანაფიქრის განხორციელებას ხელს უშლიდა.

სიზმარი“ – ასე ჰქვია მეორე სპექტაკლს, რომელიც თავის გუნდთან ერთად შალვა გოგოლაძემ შემოგვთავაზა. შეგახსენებთ, რომ ისინი შარშანდელ „არდიფესტზე“ სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ. წლევანდელი სპექტაკლში ნაკლები იყო ეფექტური ტრიუკები,  ცეკვა, მაგრამ სამაგიეროდ იყო მცდელობა, სიუჟეტის ირგვლივ აეგოთ წარმოდგენა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ფიზიკური თეატრის ან თანამედროვე ცეკვის მოყვარულ მაყურებელს ჯგუფმა ვერ შესთავაზა საინტერესო სანახაობა. მსახიობების ფიზიკური მომზადების დონე ნამდვილად მაღალია, თუმცა, რეჟისურა/ქორეოგრაფია მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ უკანასკნელს.

დღის ბოლო სპექტაკლი „არა უშავს!“ დევიდ აივზის ცნობილი პიესის მიხედვით დადგა ნინი ჩაკვეტაძემ.  სპექტაკლი მინიმალისტურია, მაგრამ ეფექტურად არის ათვისებული სივრცე, ორი მსახიობის, შაკო მირიანაშვილისა და იაკო ჭილაიას, ზუსტად შერჩეული დუეტი, ეს ყველაფერი რეჟისორს საშუალებას აძლევს, აივზის ძირითადად სკეტჩის სახით დადგმული, საკმაოდ გაცვეთილი პიესა მაყურებელს ახლებურად დაანახოს. სპექტაკლში შიგადაშიგ სევდიანი ნოტებიც ისმის, იგი სცდება მარტივ, სიტუაციურ კომედიას და განზოგადებულ სახეს იღებს. მასში  ორი მარტოსული ადამიანის ამბავია მოთხრობილი,  რომლებიც ყველაფერს აკეთეენ იმისათვის, რომ მარტო არ დარჩნენ. მსახიობების მიერ ერთ ამოსუნთქვაზე, თითქმის უხარვეზოდ ნათამაშები ეს სპექტაკლი „არდიფესტის“ პირველი დღის სასიამოვნო დასასრული გახდა.

დღეს, 1 ივლისს, 19:30–ზე მაყურებელი იხილავს შემდეგ სპექტაკლებს:

თევზის იავნანა“ (პიესის ავტორი და რეჟისორი – ალექსანდრე ლორთქიფანიძე); „სრულიად საქართველოს მოსახლეობის აზრი“ (პიესის ავტორი და რეჟისორი – იოსებ ბაკურაძე) და „Wodka GorbatchoW” (პიესის ავტორი დათო ჩიხლაძე, რეჟისორი თეონა მესტუმრე)

მასალების გადაბეჭდვის წესი