ხელოვნება

„როდემდე უნდა ყაროთ კონცერტებში ფული?“

21 ივნისი, 2011 • 1146
„როდემდე უნდა ყაროთ კონცერტებში ფული?“

ჩვენი სტრატეგიული და მხარდამჭერი ქვეყნის, ლატვიის გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო საესტრადო კონკურსის „ახალი ტალღის“ ტიპის ღონისძიებების გამართვის მაგალითზე ჩვენი ქალაქისთვის დიდი პოპულარობის მომტანი იქნება, ქალაქი ავტომატურად ერთვება მსოფლიო მასმედიის ყურადღების ქვეშ, რადგანაც იგი ატარებს საერთაშორისო ხასიათს”, _ ასე უპასუხა ბათუმის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სურგულაძემ დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერ ირაკლი ჩავლეიშვილის რეპლიკას, „როდემდე უნდა ყაროთ კონცერტებში ფული?“

ბათუმიის მერიის ბიუჯეტიდან 160 000 ლარი გამოიყო ფესტივალ-კონკურსისთვის, რომელიც სექტემბერში გაიმართება. ამ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით ევგენიძეა.

160 000 ლარიდან 17 000 ლარი 23 ივნიის შიდა კონკურსის ორგანიზებითვის დაიხარჯება, ანუ გამოვლინდებიან ის მომღერლები, რომლებიც საქართველოს წარადგენენ ამ ფესტივალზე. მთლიანობაში კი ეს თანხა ასეა გადანაწილებული: ტრანსპორტი_ 10 000, სასტუმრო-კვება _ 20 000, სცენა-გახმოვანება-განათება _ 50 000, დეკორაცია _ 30 000, საორგანიზაციო ხარჯები _ 10 000, პრიზები _ 23 000 ლარი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, სულ რა ღირს ფესტივალის მომზადება და დარწმუნებულია თუ არა ნათია სურგულაძე, რომ წლის ბოლოს დოკუმენტაციაში სარეზერვო ფონდებიდან, გასული წლების მსგავსად, მერიას უფრო მეტი თანხა არ ექნება დაფიქსირებული? პასუხობს – “ვერაფერს გეტყვით”.

2010 წლის ივლისში მაია ქეის კონცერტზე ბათუმის მერია ირწმუნებოდა, რომ მხოლოდ 3 ათასი ლარი გამოყო ტრანსპორტირებისთვის, მაგრამ წლის ანგარიშებში 3 ათასის ნაცვლად 348 793 ლარია დაფიქსირებული.

ბათუმის მერია ფიქრობს, რომ მუსიკალურ-სატელევიზიო ფესტივალ-კონკურსი “ოქროს ტალანტი” ბათუმისთვის ტრადიციული გახდება, რადგან ეს ფესტივალი 2014 წლამდეა გაწერილი.

პროექტის თანახმად, 2012 წელს ბათუმის მერია ფესტივალსთვის 230 000 ლარს გამოყოფს, 2013 წელს – 250 000 ლარს, 2014 წელს– 255 000 ლარის გამოყოფა აქვს დაგეგმილი.

ბათუმის მერია ამ პროექტის თანადაამფინანსებელია, მაგრამ კულტურის სამსახურის ხელმძღვანელისთვის ჯერ უცნობია, ვინ იქნება ჟიურის შემადგენლობაში.

ფესტივალში 24 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ბათუმში გამართულ კონცერტებში, ამ კონცერტების სარეკლამო რგოლებსა და საახალწლო ღონისძიებებში ბოლო წელიწადნახევარში 6,4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი