8 ნოემბერი, 2016 წელი – დეველოპერულ კომპანიას „m2 უძრავი ქონება“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში „m2“ იწყებს საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, რომელიც სრულად იქნება მორგებული სწორედ მათ საჭიროებებზე. ამ ეტაპზე საოჯახო სახლის პროექტი დასრულებულია და იანვრიდან დაიწყება მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ სახლის რემონტსა და კეთილმოწყობას UNICEF-ი უზრუნველყოფს.
საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვა“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში გატარებულ იქნა მნიშვნელოვანი რეფორმები, რაშიც აქტიურად მონაწიოლეობენ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
„განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებზე ზრუნვა კომპანია m2-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია. m2-ის ყველა საცხოვრებელი კომპლექსი სრულადაა ადაპტირებული შშმ პირთათვის. ასევე, ჩვენი კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე 260-მდე პანდუსი მოეწყო. m2-ის თითოეული თანამშრომლისთვის საამაყოა ისეთ საქმეში წვლილის შეტანა, როგორიცაა საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა, რადგან ბავშვები კეთილმოწყობილ გარემოში და ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გაიზრდებიან“ – განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.
ახალი სერვისი საშუალებას მისცემს ბავშვებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისი მიიღონ – როგორც ჯანმრთელობის, ისე ზოგადი განვითარების თვალსაზრისით. ეს მათ განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს, ხელს შეუწყობს ბავშვების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებას.“ – აცხადებს მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.
