საქართველოში ინფლაციის მთავარი მიზეზი სურსათზე მაღალი ფასებია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2011 წლის იანვრის ინფლაციის მთავარ მიზეზად სურსათზე მაღალი ფასები სახელდება. პირველ რიგში, ეს გარე ფაქტორებითაა გამოწვეული, კერძოდ კი,  მაღალი საერთაშორისო ფასებით.

საქსტატის ცნობით, მსოფლიოში სურსათზე ასეთი მაღალი ფასები არასოდეს ყოფილა, რაც 2010 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარი ბუნებრივი სტიქიების და მთელი რიგი ქვეყნების მიერ სასურსათო პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვითაა გამოწვეული. ინფლაცია  განსაკუთრებით ეკონომიკურად განვითარებად ქვეყნებზე მოქმედებს, მათ შორის საქართველოზეც, სადაც მოსახლეობის მთელი სამომხმარებლო კალათის 40%-ზე მეტი სასურსათო საქონელზე მოდის.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იტყობინება, რომ აღნიშნული საკითხი მსოფლიო მასშტაბითაც ძალზედ აქტუალურია. მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით სასურსათო საქონლის ინდექსი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

აღნიშნული უწყების ინფორმაციით, საქართველოში ინფლაცია იმითაა გამოწვეული, რომ ქვეყნის  სამომხმარებლო კალათა, ძირითადად, სასურსათო საქონელზეა ორიენტირებული, მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში კალათის შემადგენლობა განსხვავებულია და 10%-ზე ნაკლებს შეადგენს. გაძვირებასთან ერთად სამომხმარებლო კალათაში არსებულ ზოგ პროდუქტზე ინდექსი არ გაზრდილა. მათ შორის, გარკვეულ სასურსათო საქონელზე ფასები შემცირდა კიდეც (კალათაში არსებული 266 დასახელების საქონლიდან 170-ზე ფასები შემცირდა ან უცვლელი დარჩა, რაც მთელი კალათის 64%-ია).

შედარებისთვის, საქსტატი წინა წლის მონაცემებსაც გვთავაზობს; 2007 წელს 11%-ან ინფლაციაში სურსათის გავლენა 5.7% იყო, ხოლო 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის დროს, მაშინ, როდესაც მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად გაძვირდა სურსათი, 12.8%-ან ინფლაციაში სურსათის გავლენა 7.9% იყო. დღეისათვის კი, 12.3%-ან ინფლაციაში სურსათის გავლენა 10.2%-ია.