მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ შეიცვლება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5 პროცენტს შეადგენს.

ნოემბერში დაფიქსირებული 10.5-პროცენტიანი წლიური ინფლაციის მაჩვენებელში სურსათის გაძვირების წვლილი დაახლოებით 9.1 პროცენტულ პუნქტს აღწევს. აღსანიშნავია, რომ მომსახურებაზე ფასების წლიური ზრდა 0.6%–ს შეადგენს, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის სიმცირეზე მიუთითებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომის შემდეგ ეროვნული ბანკის ინფლაციის პროგნოზი არ შეცვლილა.

ფულადი აგრეგატების წლიური ზრდის ტემპს ბოლო პერიოდში კლების ტენდეცია აქვს. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოსათვის ფართო ფულის მასის წლიური ზრდის ტემპი კიდევ უფრო შემცირდება. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება. ბოლო პერიოდში გაიზარდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხები.

ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას. ამ მიზნით მიღებულია გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო ნორმის ეტაპობრივად 15%–მდე გაზრდის შესახებ. დასაწყისისთვის, მომავალი წლის 20 იანვრიდან აღნიშნული სარეზერვო ნორმა 10%–მდე გაიზრდება. სარეზერვო მოთხოვნების ზრდა არ შეეხება კაპიტალსა და მასთან გათანაბრებულ გრძელვადიან რესურსს. ამასთან, ეროვნული ბანკი მომავალში განიხილავს სხვა გრძელვადიანი რესურსის მოზიდვის ხელშეწყობის ღონისძიებებს. 

ფულადი ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკი ამცირებს საპროცენტო განაკვეთის კორიდორს 4–დან 3 პროცენტულ პუნქტამდე, კერძოდ ერთდღიან სესხებზე/დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება, როგორც პოლიტიკის განაკვეთს პლიუს/მინუს ერთნახევარი პროცენტული პუნქტი. აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის მერყეობის კიდევ უფრო შემცირებას და ფულადი ბაზრის აქტივობის ზრდას.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

მონეტარული  პოლიტიკის კომიტეტის მთავარი ამოცანაა, ოპერატიულად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების პროცესში წამოჭრილი საკითხების ირგვლივ. კომიტეტი შედგება 11 წევრისაგან. მას თავმჯდომარეობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას და სხდომებს. 

მონეტარული  პოლიტიკის კომიტეტი იკრიბება თვეში ერთხელ წინასწარ ცნობილი კალენდრის შესაბამისად (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა) და იღებს გადაწყვეტილებებს მიზნობრივი ინფლაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით და, აგრეთვე, ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შესახებ სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც დელეგირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ. კერძოდ, ღია ბაზრის და სხვა ფულად–საკრედიტო და სავალუტო ოპერაციების, საკუთარი ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მიმოქცევის, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესების განსაზღვრასთან დაკავშირებით; ეროვნული ბანკის სასესხო, სადეპოზიტო და სხვა ფულად–საკრედიტო ოპერაციებზე (გარდა ბოლო ინსტანციის სესხისა) საპროცენტო განაკვეთების დადგენასთან დაკავშირებით; მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრასთან დაკავშირებით; ფულად–საკრედიტო, სავალუტო და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2011 წლის 18 იანვარს გაიმართება.