ეკონომიკა

ძვირადღირებული სექსი

25 ნოემბერი, 2010 • • 19324
ძვირადღირებული სექსი

მედი – 800-დან 1000 ლარამდე;გია გვარამიას ესთეტიკური მედიცინის ცენტრი – 800-დან 1200 ლარამდე;კუზანოვის კლინიკა – 700 ან 1500 ლარი (ხანგრძლივობის მიხედვით); ჩაჩავა – მსგავსი მომსახურება არ არის. ასე გამოიყურება საქალწულე აპკის აღდგენის (ჰიმენოპლასტიკის) ფასები ყველაზე პოპულარულ პლასტიკური ქირურგიის ცენტრებში.

აღნიშნული ოპერაცია განსაკუთრებით აქტუალური ბოლო ათწლეულებში გახდა. როგორც გაირკვა, პლასტიკურ ოპერციებს შორის საქართველოში ყველაზე გავრცელებული ცხვირის ოპერაციაა, მეორე ადგილზეა მკერდის გადიდება და ლიპოსაქცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, საზოგადოების გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ ქალწულობის აპკის აღდგენის ოპერაციაც საკმაოდ აქტუალურია.

სწორედ ამიტომ დავინტერესდით და შევეცადეთ მოგვეპოვებინა ინფორმაცია, თუ რამდენად ხშირად მიმართავენ გოგონები ექიმებს ქალწულობის აპკის აღდგენის სურვილით.

როგორც კუზანოვის კლინიკის მენეჯერმა, ლელა ოსიყმაშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა, საქალწულე აპკის  აღდგენის მსურველი კლინიკას თვეში დაახლოებით 10-დან 15-მდე პაციენტი ჰყავს, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ჩვენს მიერ მოპოვებულ მონაცემებს შორის. გოგონების ასაკი ძირითადად  20-დან 25 წლამდე მერყეობს, მაგრამ იყო გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც 40 წლის ქალბატონს გაუკეთდა ოპერაცია. ქალბატონი ლელას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია არც ისე იაფი სიამოვნებაა, პაციენტების ასეთი რაოდენობა კლინიკის მიმართ მათი ნდობის შედეგია. აპკის დროებით აღდგენის ფასი 700 ლარია და 4 დღის გარანტია აქვს, ასევე, შესაძლოა მისი მუდმივი აღდგენა სულ რაღაც 1500 ლარად.

შედარებით ნაკლები მსურველი მიდის გია გვარამიას ესთეტიკის ცენტრში, სადაც ოპერაციის ღირებულება 800-დან 1200 ლარამდე, ხოლო პაციენტების ასაკი 18-დან 30 წლამდე მერყეობს. ცენტრის მენეჯერის, გრიგოლ მიქაუტაძის თქმით, ეს ოპერაცია მათ კლინიკაში აქტუალური არ არის. პაციენტების მაქსიმალური რაოდენობა თვეში 4 ან 5-ია, გოგონების ასაკი კი 18-დან 30 წლამდე  მერყეობს.

პაციენტების ყველაზე მცირე რაოდენობა მსგავსი სურვილით Caraps MEDLine-ს აკითხავს, მათი რაოდენობა წელიწადში 1 ან 2-ია. სამაგიეროდ, მათ მსგავსი ოპერაციისთვის შედარებით „ასაკოვან“ პაციენტებთან ჰქონდათ შეხება, ქირურგ კოტე მათითაშვილის თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც  საქალწულე აპკი  45 წლის ქალბატონს აღუდგინეს.

როგორც ვხედავთ, საქართველოში „პატიოსნების“ ყიდვა მინიმუმ 700, ხოლო მაქსიმუმ 1500 ლარად შეიძლება. კარგი იქნებოდა იმაზე დაფიქრებაც, თუ რა არის ყოველივე ამის გამომწვევი მიზეზი  და რატომ აგებენ გოგონები თავიანთ ცხოვრებას ტყუილზე…

მასალების გადაბეჭდვის წესი