ყაზახეთში ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება აღინიშნება

ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულტან ნაზარბაევის განცხადებით, ყაზახეთის ეკონომიკა 2010 წლის ბოლო ცხრა  თვის განმავლობაში  7,5 %–ით, ხოლო მრეწველობის წარმოება 10%–ით გაიზარდა.

მისი თქმით,  ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება. გადამამუშავებელი მრეწველობა იზრდება 20 %–ით, ქიმიური-77%–ით, მანქანათმშენებლობა–56 %–ით; გარდა ამისა, წლის დასაწყისში  200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

”ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება  არა მარტო ყაზახეთის დედაქალაქში,  არამედ ქვეყნის ყველა რეგიონში აღინიშნება, სადაც მოსახლეობის ფულადმა შემოსავლებმა   10%–დან 30 %–მდე იმატა”– განაცხადა ნაზარბაევმა.

მისი თქმით, გვალვის მიუხედავად, ხორბლის მოსავალმა 13,7 ტონა შეადგინა, რის შედეგადაც ქვეყნის ექსპორტულმა პოტენციალმა 7 მილიონ ტონას მიაღწია. ბრინჯის მოსავალი  წელს 25 %–ით მეტია, ვიდრე შარშან.

ამ წელს ყაზახეთში  25 სკოლა აშენდა, გაიხსნა 10 უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულება  და წინა  წლებთან შედარებით  457 ახალი საბავშვო ბაღის  და სკოლამდელი აღზრდის მინი–ცენტრების დაარსებას ჩაეყარა საფუძველი.