ეკონომიკაკომენტარი

ეკონომისტი ხსნის, რა მოხდება, თუ ბანკები აშშ-ის სანქციებს არ დაემორჩილებიან

18 სექტემბერი, 2024 •
ეკონომისტი  ხსნის, რა მოხდება, თუ ბანკები აშშ-ის სანქციებს არ დაემორჩილებიან

ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ თუ საქართველოს საბანკო სისტემა აშშ-ის ფინანსურ სანქციებს არ აღასრულებს, მაშინ ამისგან ზიანს მთელი ქვეყანა იგრძნობს.

ამის შესახებ მან ნეტგაზეთს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის(OFAC)  მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის დასანქცირებაზე საუბრისას განუცხადა.

„ეს სანქციები ნიშნავს იმას, რომ დასანქცირებულ ადამიანებს არ აქვთ უფლება ისარგებლონ ამერიკული ფინანსური სისტემის სერვისებით, როგორიც არის ვიზა და მასტერქარდი,  SWIFT-ით გადარიცხვის მექანიზმი და ა.შ. ეს ავტომატურად ეხება მათთან ასოცირებულ კომპანიებს“, – აცხადებს აკაკი ცომაია.

SWIFT  დაცული სისტემაა, რომელიც ერთმანეთთან 11 000 ფინანსურ ინსტიტუტს აკავშირებს 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე. SWIFT ბანკებს აწვდის ინფორმაციას ტრანზაქციის განხორციელებისას. მარტივად რომ ვთქვათ, ეს სისტემა უზრუნველყოფს ბანკებს შორის ფულად ტრანზაქციებს.

აკაკი ცომაიას თქმით, ახლა კომერციული ბანკები არჩევანის წინაშე დგანან –  შეასრულონ ეროვნული ბანკის რეგულაცია, რომელიც საქართველოს დასანქცირებულ მოქალაქეებზე გამონაკლისს აწესებს, თუ საერთაშორისო სანქციები აღასრულონ.

მისი თქმით, საჭიროა, რომ  კომერციულ ბანკებში დასანქცირებული პირების ანგარიშები დაიხუროს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ამ ბანკებს ემუქრებათ სანქცირება, თუკი ისინი დასანქცირებული პირების მომსახურებას გააგრძელებენ.

„მე ვფიქრობ, რომ ბანკებს სხვა გამოსავალი არ აქვთ [გარდა სანქციების აღსრულებისა], როგორც ფარცხალაძის შემთხვევაში მოიქცნენ და ეროვნული ბანკის რეგულაცია პრინციპში არ შეასრულეს, ისე მოიქცევიან ახლაც. ფარცხალაძის შემთხვევაში მთავარი ფაქტი იყო ის, რომ მისი ანგარიშების მთლიანად დახურვა მოხდა. ფარცხალაძემ მთლიანად დახურა ყველანაირი ბიზნესი, რაც საქართველოში ჰქონდა და საბანკო ანგარიშებიც. ფარცხალაძის შემთხვევაში რომ არ შეასრულეს [სებ-ის რეგულაცია], რამე პრობლემა შეექმნათ? იმდენად ზიანდება საზოგადოების ინტერესი, რომ ეროვნულ ბანკს ურჩევნია, ამაზე თვალი დახუჭოს. სებ-მა უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება და რადგან ვერ ახდენს, მაშინ ბანკებმა უნდა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აცხადებს აკაკი ცომაია.

როგორც აკაკი ცომაია ამბობს, ბანკებისთვის პრობლემაა ისიც, რომ სანცქიები შსს-ს ორ მოქმედ თანამშრომელს ეხება, რომელთაც ხელფასი „თიბისი ბანკში“ ერიცხებათ. ეკონომისტის თქმით, ამ შემთხვევაშიც გამოსავალი მათთვის ანგარიშების დახურვაა.

„ხელფასის ჩარიცხვა ბანკში არის პრობლემა, რადგან როცა მას თანხა საბარათე ანგარიშზე ერიცხება, ჩვეულებრივად სარგებლობს ვიზა და მასტერქარდით. ამიტომ კომერციულმა ბანკმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ალბათ, მიიღებს რომ ამ ადამიანებს ანგარიშები დაუხურონ“, – აცხადებს აკაკი ცომაია.

აკაკი ცომაიას თქმით, საქართველოს კომერციულ ბანკებს სანქციებისგან თავის არიდება გაუჭირდებათ, რადგან საერთაშორისო გადარიცხვების სისტემაში არიან ჩართული  და ამისათვის  საკორესპონდენტო ბანკები (უცხოური პარტნიორი ბანკები) ჰყავთ, რომლებიც საერთაშორისო გადარიცხვებში შუამავლის როლს ასრულებენ.

როგორც აკაკი ცომაია ამბობს, ქართულ საბანკო სისტემა რამდენიმე ამერიკულ ბანკზეა მიერთებული, ამერიკის ხაზინას სანქციების კონტროლი კი მაღალ დონეზე აქვს აყვანილი.  ამიტომ, თუ ქართული ბანკები სანქციებს არ დაიცავენ, ეს არამხოლოდ ბანკებს, მთლიანად საზოგადოებას შეუქმნის პრობლემას.

„იმისათვის, რომ უცხოეთში ფული გადაირიცხოს, აქაურ ბანკებს ჰყავთ საკორესპონდენტო ბანკები ანუ პარტნიორი ბანკები. მათი მეშვეობით ხდება საერთაშორისო ტრანზაქციები. იმ ბანკებს აქვთ სანქცირებულების სია და ცხადია, რომ ეს ამერიკის ხაზინის მკაცრი კონტროლის ქვეშ ხდება. ამიტომ, იმათმა თუ დაიწყეს საქართველოდან გადარიცხვების დეტალების შემოწმება, ეს ნიშნავს ოპერაციების დაყოვნებას. შესწავლა სჭირდება თითოეულ საკითხს და დროში იწელება.

მაგალითად, ადამიანს როცა აქვს ბიზნესი და უცხოეთიდან უნდა ჩამოუვიდეს საქონელი, რომლისთვისაც ფული უნდა გადარიცხოს, ის ფული არ მიდის და გარკვეული პერიოდი არ უჯდება სხვას ანგარიშზე, ეს ბიზნესში იწვევს უკვე სერიოზულ პრობლემებს. ეს არ არის მარტო საფინანსო სისტემის პრობლემა. ეს არის მთლიანი საზოგადოების პრობლემა და ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

თუ საბანკო სისტემა არ დაექვემდებარება ვალდებულებებს და შეეცდება სანქცირებული პირის მომსახურებას, ის ყოველთვის დგას დიდი რისკის წინაშე, რომ მისი დასანქცირებაც მოხდება, რაც უბრალოდ გააჩერებს „თიბისი ბანკს“ და „საქართველოს ბანკს“, – აცხადებს აკაკი ცომაია.

„თიბისი ბანკის“ საკორესპონდენტო ბანკები

როგორც აკაკი ცომაია ამბობს, თუკი დაიწყო ტრანზაქციების დაყოვნების პროცესი, ეს ყველა ტრანზაქციას პრობლემურს გახდის, მათ შორის უცხოეთიდან ფულად გზავნილებსაც.

„თუ ბანკები არ დაემორჩილებიან სანქციების შესრულების ვალდებულებას,  ასეთ შემთხვევაში SWIFT-ზე უარი უნდა ვთქვათ და „რუსკი მირს“ შევუერთდეთ [Мир რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბანკო საბარათო სისტემაა, ვიზას და მასტერქარდის მსგავსი და საქართველოში ოფიციალურად არ გამოიყენება]. აქ ბიზნესიც აღარ იქნება დაცული და, შესაბამისად, არავის გადარიცხვები არ იქნება დაცული.

ცხადია, რომ არავის უნდა ამ სისტემის პირობებში ქვეყანასთან საქმიანობა. ჩინურ ბანკებსაც კი, რომლებიც რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობენ, რეალურად ეშინიათ აშშ-ის ხაზინის სანქციების. საქართველოს შემთხვევაში, რომელიც მთლიანად მიბმულია ამერიკულ სისტემაზე, გლობალურ მსოფლიოზე, ეს ძალზედ დიდი დარტყმა იქნება“, – აცხადებს აკაკი ცომაია.

რა ხდება

16 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო, საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა.

დასანქცირებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლები- ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

სანქცირება შემდეგ შეზღუდვებს გულისხმობს:

  • სანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ქონებაში მათი წილები შეერთებულ შტატებში დაყადაღებულია.
  • დაყადაღებულია სუბიექტები, რომლებიც 50% ან მეტით, პირდაპირ თუ ირიბად, სანქცირებული ფიზიკური პირების საკუთრებაშია.
  • აკრძალულია ნებისმიერი ტრანზაქცია აშშ-ში, რომელიც სანქცირებული პირების საკუთრებას ან ინტერესებს ეხება. ამ წესიდან გამონაკლისი მხოლოდ აშშ-ს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ნებართვით იქნება დაშვებული.

ზვიად ხარაზიშვილის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში აქვს ჩაბარებული, მას საბანკო ანგარიში „თიბისი ბანკში“ აქვს. სწორედ „თიბისი ბანკში“ ერიცხება მას ხელფასი.

ამასთან ზვიად ხარაზიშვილი არის  კერძო დაცვის კომპანიის „სარანგის“ 50%-იანი წილის მფლობელი.

ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით რეგულაცია  2023 წლის შემოდგომაზე შეცვალა – როცა აშშ-მა  საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

ამ ცვლილების მიხედვით, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

მას შემდეგ კი, რაც 16 სექტემბერს აშშ-მა ფინანსური სანქციები საქართველოს 4 მოქალაქეს დაუწესა, გაჩნდა კითხვა, როგორ აღასრულებენ სანქციებს ბანკები.

საბანკო ასოციაციის განცხადებით, საბანკო სისტემა „განუხრელად დაიცავს“ საერთაშორისო სანქციებს.

თავად ეროვნულ ბანკს ამ დრომდე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს აშშ-ის ფინანსური სანქციების აღსრულება და მოხდა თუ არა სანქცირებული პირებისთვის ანგარიშების გაყინვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი