საქართველო და ისრაელი ინფრასტრუქტურულ სფეროში ითანამშრომლებენ

საქართველო და ისრაელი  ინფრასტრუქტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. ეს გადაწყვეტილება რეგიონული განვითარების და ინფრასრტუქტურის მინისტრმა  რამაზ ნიკოლაიშვილმა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ისრაელის გზებისა და წყლის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდერ ვიზნიცერმა მიიღეს. 

შეხვედრაზე მხარეებმა იმ მემორანდუმზე იმსჯელეს, რომელიც მომავალ თვეში ისრაელის ინფრასტრუქტურის მინისტრის უზი ლანდაუს საქართველოში ვიზიტის დროს უნდა გაფორმდეს. მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.  ვიზიტის ფარგლებში  ისრაელის გზებისა და წყლის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ერთად ბორჯომსა და ბაკურიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.