საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე იზრდება | კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ კვლევის თანახმად, 2022 წელს გაიზარდა საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, დამოკიდებულების ზრდა 2023 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა.

იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია. 2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.2% იყო, როცა 2022 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 11.7%-ს შეადგენდა.

„რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს“, — მიიჩნევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.

„TI-საქართველოს“ კვლევის ძირითადი მიგნებები:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ აზრით, რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება.

რადგან ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რთულია და სწრაფად ვერ განხორციელდება, კვლევის ავტორების აზრით, მთავრობას უნდა გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის.

კვლევა მომზადდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით, თუმცა შეიძლება ის არ ასახავდეს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეხედულებებს. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.