იაფი რუსული ბენზინი საქართველოში ევროპულის ფასად იყიდება – კონკურენციის სააგენტო

კონკურენციის სააგენტოს ცნობით, იმის მიუხედავად, რომ მსხვილ იმპორტიორებს საწვავი რუსეთიდან იაფად შემოჰქონდათ, ბენზინგასამართ სადგურებზე ფასი ევროპიდან იმპორტირებული ბენზინის ფასს უტოლდებოდა.

„დგინდება, რომ რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული რეგულარის, პრემიუმის და დიზელის ტიპის საწვავი გამოირჩევა მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულებით რუმინეთიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით, თუმცა მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, საცალო ფასი განსაზღვრულია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავის მსგავს ნიშნულზე“, – წერია კონკურენციის სააგენტოს საავტომობილო საწვავის ბაზრის კვლევის მორიგ ანგარიშში, რომელიც 17 აგვისტოს გამოქვეყნდა.

სააგენტოს თანახმადვე, თვითღირებულებაში სხვაობა შეადგენს საშუალოდ 20-70 თეთრს 1 ლიტრ საწვავზე.

უწყება აღწერს 2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდის გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის ზრდის ტენდენციას:

სააგენტო ასევე წერს, რომ საავტომობილო საწვავი წარმოადგენს „ჰომოგენურ პროდუქტს“ – ბაზარზე მოქმედი ყველა ეკონომიკური აგენტისთვის ფასწარმოქმნაზე მოქმედებს მსგავსი ფაქტორები.

„მიუხედავად ამისა, მსხვილ კომპანიებსა და მცირე ქსელებს შორის საცალო ფასწარმოქმნის კუთხით არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება, კერძოდ, ერთი და იმავე ტიპის საწვავზე ფასი შესაძლოა განსხვავებული იყოს 30-60 თეთრით 1 ლიტრზე და, ამავდროულად, განსხვავებულია ფასის ცვლილების დროითი შუალედები“, – წერს კონკურენციის სააგენტო.

სააგენტოს განმარტებით: „ის ფაქტი, რომ ბაზარზე ხელმისაწვდომია მსგავსი და რიგ შემთხვევებში იდენტური საწვავი გაცილებით დაბალ ფასად, მომხმარებლისთვის დამატებით ბენეფიტს წარმოადგენს, თუმცა, არა მათი უმრავლესობისთვის“.

მეორე მხრივ, სხვაობა მსხვილ ქსელებსა და მცირე ქსელების სეგმენტს შორის, უშუალოდ საწვავის მიმართულებით, შესაძლოა იყოს რამდენიმე, კერძოდ:

სააგენტო ასევე ამბობს, რომ „ბრენდირებული“ და „არაბრენდირებული“ ავტოგასამართი სადგურები მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, მაღალია სხვაობა ფასებს შორის.

„მაგალითად, აშშ-ში „ბრენდირებულ“ და „არაბრენდირებულ“ ავტოგასამართ სადგურებს შორის საფასო სხვაობა მერყეობს 5-15 ცენტის ფარგლებში 1 გალონ საწვავზე, რაც შეადგენს 4-12 თეთრს 1 ლიტრზე, ხოლო საქართველოს შემთხვევაში სხვაობა შეადგენს საშუალოდ 30-60 თეთრს 1 ლიტრზე“, – წერია ანგარიშში.


11 აგვისტოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელ ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რის შემდეგად მინისტრმა დავითაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის მოლოდინით, აგვისტოს ბოლოსთვის ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები „საგრძნობლად შემცირდება“.

11 აგვისტოსვე ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო „როიტერსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი 2022 წლის მარტის ნიშნულამდე ჩამოვიდა და ერთ გალონზე (დაახლოებით 4.5 ლიტრი) 4 აშშ დოლარი შეადგინა.