ეკონომიკა

ჩაშლილი პროექტების გამო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტს 54,5 მილიონი ლარი აკლდება

6 ივლისი, 2015 • • 2376
ჩაშლილი პროექტების გამო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტს 54,5 მილიონი ლარი აკლდება

ფინანსთა მინისტრის მოდგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ძირითადად მცირდება დონორის დაფინანსებული პროექტები და შესაბამისი თანადაფინანსების თანხები: 

 

“თანხების შემცირება დაკავშირებულია პროექტების შესრულებიდან გამომდინარე სახსრების მოსალოდნელი ათვისების გათვალისწინებით, რაც ძირითადად უკავშირდება წინასატენდერო, სატენდერო და საპროექტო სამუშაოების დროს პროცდურების გაჭიანურებითა და სხვადასხვა ხარვეზების გამოვლენით.”

 

რატომ მცირდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 54,5 მლნ ლარით, რა ხარვეზებია ტენდერებში და რატომ ვერ ასრულებენ გამარჯვებული კომპანიები აღებულ ვალდებულებებს, ამ კითხვაზე პასუხის მიღება დარგობრივი ეკობომიკის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტარმა (კომიტეტის თავმჯდომარე) ზურაბ ტყემელაძემ სცადა.  

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თენგიზ შერგილაშვილის განმარტებით, ბიუჯეტის შემცირებას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს: 

 

“ხარჯების შემცირება დაკავშირებულია ავტობანის მშენებლობის ცალკეული ლოტების მშენებლობასთან. ეს არის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 0-დან 50 კილომეტრის გზის მონაკვეთის მოდერნიზაცია- მშენებლობა, რომელსაც აკლდება 41 მილიონი. ყველაზე მსხვილი არის ეს. ამაში გამარჯვებული კომპანიაა შპს ალტკომი, რომელიც დაბალი ტემპებით ასრულებს სამუშაოებს. ეს პრობლემული პროექტია და არ არის მოსალოდნელი, რომ წლის ბოლომდე ამ მოცულობის სამუშაოები შესრულდება. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შემცირებული იყოს გეგმა ამ პროექტთან დაკავშირებით. ასევე მსხვილია აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი. ცოტა გვიან დაიწყო ამ პროექტის განხორციელება კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ 10 მილიონი ლარის სამუშაო იყოს მოკლებული. ეს არის ძირითადად დონორების თანხები და თუ რომელიმე პროექტში იქნება წინსვლა და შესრულება უფრო მაღალი, აქ ფინანსური პრობლემები არ შეიქმნება”.

 

შერგილაშვილის განმარტებით, ვერ განხორციელდება ქუთაისში 4-მილიონიანი პროექტი მინდიას ქუჩაზე, გეგუთის ვაკის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია:

 

“აქ ოდნავ შეყოვნდა საპროექტო დოკუმენტაცია და ექსპერტიზის ჩატარება მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ აქ არის გათვალისწინებული  თანხის შემცირება.” 

 

ზურაბ ტყემალაძის კითხვაზე, თუ რატომ ხდება პროექტების შეფერხება, შერგილაშვილი ასე პასუხობს: 

 

“ვალდებულება რაც აქვს ამ კომპანიას, თუ შესაბამისი სამუშაოები არ შესრულდა აგვისტოში, შეგვიძლია დავიწყოთ ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურები, საგარანტიოს მოთხოვნის და ასე შემდეგ. გარკვეული პერიოდი აქვს იმისთვის, რომ ვალდებულება შეასრულოს. ის, რომ მშენებლობა დასრულდეს, გამორიცხულია. მინისტრის პოზიცია, რომ აქცენტი კეთდებოდეს ფაქტობრივ შესრილებაზე. ამიტომ კონსერვატულად ვუდგებით ამ რიცხვებს, რომ  იყოს რეალური.” 

 

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე  57 კმ-ია. პროექტის დონორია – ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).


სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა 4 ლოტად განხორციელდება. ამ გზის პირველი ლოტის (11.5 კმ-იანი მონაკვეთის) მშენებლობაზე სატენდერო პროცედურები 2013 წელს დასრულდა. სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში 2014 წელს შევიდა. აღნიშნულ მონაკვეთზე უნდა აშენდეს ახალი მიმართულების 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა.
 

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის სამშენებლო მონაკვეთის სიგრძეა 11.5 კმ. პირველი ლოტის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია 26 მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მოწყობა და 8 სახიდე გადასსასვლელის მშენებლობა, მათ შორის 3 ხიდი და 1 რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდი ესტაკადა. 

 
სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს კომპანია შ.პ.ს. ალტკომი.სამშენებლო პერიოდი 30 თვეა.

 

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის (მეოთხე ლოტი) სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე – 9.5 კმ-ია. დონორი – ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB). პროექტით გათვალისწინებულია 9,5-კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი მიმართულების 4-ზოლიანი ასფალტობეტონის გზის მშენებლობა. 



სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს კომპანია „China Railway 23rd”. სამშენებლო პერიოდი 24 თვეა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საგზაო მშენებლობა ალტკომი უკრაინის მოქალაქეების მიერ არის დაფუძნებული 2014 წლის იანვარში სამტრედიაში. კომპანიის დირექტორია ალექსანდრე ვალუიკინი, რომელიც ასევე უკრაინის მოქალაქეა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი