საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცახდებით, მთავრობას ამ ინფორმაციაზე წვდომა ვერ ექნება, რადგან ეს კომერციული საიდუმლოა:

 

“როცა ვთქვი, რომ არ გვაქვს ინფორმაცია, სწორედ ამას ვგულისხმობდი. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეს კომერციული საიდუმლოებაა და ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას არ აქვს წვდომა ამ ინფორმაციაზე. შესაბამისად, მე ვერ მივცემ თავს უფლბას, კომენტარი გავაკეთო იმ  თემაზე, რაზეც ინფორმაციას არ ვფლობ.”

 

“მთავრობას არ აქვს ინფორმაცია დიდი ბანკების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ” – ეს კომენტარი ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში განაცხადა: 


“რაც შეეხება ქადაგიძის უწყებას, არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. უბრალოდ, ჩვენ დეტალურ ინფორმაციას ვერ ვიღებთ, კანონმდებლობით არ გვაქვს ამის საშუალება. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმაც განაცხადა, რომ უჭირს რაიმე დეტალებზე ისაუბროს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, თუნდაც ავიღოთ დიდი ბანკების ტრანზაქციები. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და არ ვიცით, ბოლო თვეების განმავლობაში, ბოლო კვირების განმავლობაში თუნდაც, “საქართველოს ბანკის” მიერ, “თიბისი ბანკის” მიერ რა ტრანზაქციები იქნა განხორციელებული. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ყველაფერის ბერკეტი ნამდვილად გააჩნია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. მას ნადვილად შეუძლია ჩაერიოს ამ კონკრეტულ პროცესში და დაეხმაროს მთავრობას, ხელისუფლებას, რომ ეს დიდი პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უდგას, იქნას მოგვარებული”, – განაცხადა კალაძემ.

 

ლარის კურსი შაბათ-კვირის გარდა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის დროს ფორმირდება. ვაჭრობა “ბლუმბერგის” სისტემის ტერმინალის მეშვეობით მიმდინარეობს და ამ პროცესს საქართველოს ეროვნული ბანკი აკონტროლებს. 

 

კომერციულ ბანკებში და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 აშშ დოლარი 2,38 ლარი ღირს. ეროვნულის ბანკის კურსით 15 აპრილს 1 აშშ დოლარი 2.3632 ლარია. 

 

ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, როცა 1 აშშ დოლარი 1.73 ლარი ღირდა. ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ფასი 0.61 ლარით აღემატება გასული წლის ნოემბრის კურსს. საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებით (უკრაინის კრიზისი და სანქციები რუსეთისთვის) არის განპირობებული. ოპონენტების თქმით კი, ამას განაპირობებს მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა.

 

ლარის კურსის გასამყარებლად 240 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა სავალუტო რეზერვებიდან, რამაც კურსის ვარდნის შეჩერება ვერ მოახერხა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *