სამინისტრო ოფიციალური მიღების მენიუში შესწორებების შეტანას დაინტერესებულ მხარეებს თავისი შეხედულების მიხედვით სთავაზობს.
სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ოფიციალური მიღების მენიუს გასაჯაროების მიზეზი მიზანმიმართული კამპანია გახდა, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების კრიტიკა გრძელდება:
“ეს მენიუ იმიტომ გამოვაქვეყნეთ, რიმ დაინტერესებულმა მხარეებმა, ვინც ფიქრობს, რომ დიდი თანხა იხარჯება, მენიუში ცვლილება შეიტანოს. თუ უმრავლესობა იტყვის, რომ სტუმრებს მარტო ჩაი დაალევინეთო, ასე მოვიქცევით.”
მიმდინარე წლის 23-25 აპრილს, პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოში იმართება აზიის განვითარების ბანკის (ADB) სახელმწიფო ვალის მართვის რეგიონალური ფორუმი.
ფორუმში მონაწილეობს 120 წარმომადგენელი 35 ქვეყნიდან, რომელთა უმრავლესობა პირველადაა ჩვენს ქვეყანაში. ფორუმის მასპინძლები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და აზიის განვითარების ბანკი.
ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ოფიციალური ღონისძიებების გარდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ქართული კულტურის წარმოსაჩენად და 120 სტუმრის პატივსაცემად გეგმავს ანსამბლ „რუსთავის“ მოწვევას და ოფიციალური მიღების გამართვას.
მენიუ 120 კაცზე:
(ერთი პორციის ფასი)
მენიუს ვარიანტი გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mof.ge, აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
“ამიერიდან, ფინანსთა სამინისტრო გამოგზავნილი წინადადებების გათვალისწინებით გაუმასპინძლდება სტუმრებს, რომლებიც პირველად არიან ქვეყანაში – არ იცნობენ ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს და ქართულ სამზარეულოს. ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომავალშიც წინასწარ გამოაქვეყნდება ოფიციალური დელეგაციების პატივსაცემად გასამართი მიღებების მენიუები, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს სამინისტროს წინააღმდეგ დაგეგმილი მიზანმიმართული და სამარცხვინო კამპანია”– ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროში ჯერ ვერ აზუსტებენ, თუ რა თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან ფორუმის ფარგლებში მოწვეული სტუმრებისთვის გამართულ ოფიციალურ მიღებაზე: “როცა დაზუსტდება მენიუ, ხარჯების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება”– აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.