მემორანდუმს ხელი ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და ეკონომიის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის მხრიდან კი სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვგან აბდულაევმა მოაწერეს.
კომპანია “სოკარი” გაზრდილი საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში 2017 წლამდე დამატებით 100 ათასი ოჯახის გაზიფიცირებას განახორციელებს.
ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, ამ პერიოდისთვის მთელი ქვეყნის მოსახლეობის 75 პროცენტს შესაძლებლობა ექნება, ბუნებრივი აირით ისარგებლოს.
კალაძის თქმით, უკვე შემუშავებულია 2014 წლის გეგმა, ხოლო დანარჩენი წლების გეგმის დამუშავება ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების გათვალისწინებით, თითოეულ მუნიციპალიტეტთან მჭიდრო კონსულტაციების ფარგლებში მოხდება.
ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “სოკართან” გაფორმებულ მემორანდუმს უმნიშვნელოვანესს უწოდებს:
“ეს არის უმნიშვნელოვანესი სოციალური დატვირთვის პროექტი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანულ კომპანიასთან ურთიერთობა, გამომდინარე იქიდან, რომ ის უმნიშვნელოვანესი ინვესტორია საქართველოსთვის. გარდა აღნიშნული პროექტისა, “სოკარი” აპირებს უახლოეს წლებში კარბამიდის ქარხნის აშენებას, რომელიც არის დაახლოებით მილიარდამდე დოლარის ინვესტიცია. მის მშენებლობაზე 5 ათასამდე ადამიანი დასაქმდება”.
