ეკონომიკა

პრემიერი, „თათა ჯგუფი“ და სამი ჰესი შუახევში

24 სექტემბერი, 2013 • 3152
პრემიერი, „თათა ჯგუფი“ და სამი ჰესი შუახევში

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი,  ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ბიორნ ბრანდზაგი, „Tata Power “-ის აღმასრულებელი დირექტორი ანილ სარდანა, „Clean energy Group“-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბორდ მიკელსენი და IFC-ის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ჟულიენ ტიურო, საქართველოში აკრედიტებული ნორვეგიის, ინდოეთის, თურქეთის ელჩები, დონორი ორგანიზაციების, აზიის განვითარების ბანკის, EBRD -ის და USAID -ის მენეჯერები აჭარაში, დაბა შუახევში 16 სექტემბერს „შუახევჰესის“  საფუძვლის ჩასაყრელად ჩავიდნენ.

 

 

პრემიერ-მინისტრმა კაფსულაში ჩადებული ეტრატი, რომელზეც აჭარაში მშენებარე სამ ჰესზე ინფორმაცია იყო მოცემული, საკუთარი ხელით ჩააბეტონა „შუახევიჰესის“ საძირკველში. პრემიერს კაფსულის ჩაბეტონებაში „Tata Power “-ის აღმასრულებელი დირექტორი ანილ სარდანა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საინვესტიციო ოფიცერი ჟულიენ ტიუროც დაეხმარნენ.

 

 

„ეს ინვესტიცია, საქართველოში დღემდე განხორციელებული უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა და ექსპორტიდან შემოსული თანხით, ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყარო იქნება,“ – განაცხადა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენელმა ჟულიენ ტიურომ ცერემონიალზე.

 

 

ინვესტიცია, რომელიც შუახევში სამი ჰესის მშენებლობისათვის განხორციელდა, 600 მილიონს აღწევს. „შუახევიჰესისა“ და „სხალთაჰესის“ მშენებლობისათვის 300 მილიონი, ხოლო „კორომხეთიჰესისათვის“ 250 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება.

 

 

აჭარისწყლის შენაკადებზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ინდური კომპანია „Tata Power “ (40%), ნორვეგიული კომპანია „Clean energy Invest“  (40 %) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია „IFC“ (20%) ახორციელებს. მდინარეებზე: ჩირუხისწყალზე, სხალთასა და აჭარისწყალზე აიგება სამი კაშხალი, რომლებიც ერთმანეთს სადერივაციო გვირაბის მეშვეობით დაუკავშირდებიან.

 

 

საქართველოს პრემიერმინისტრი და თათაჯგუფი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით „თათა ჯგუფის“ მენეჯმენტი საქართველოში ინვესტიციების ჩადებით დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეხვედრის შემდეგ დაინტერესდა.

 

„თათა ჯგუფი“, რომლის კომპანიაცაა „Tata Power“, 1868 წელს დაარსებული უმსხვილესი ინდური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი 300 ათასამდე თანამშრომლით.

 

გაზეთ „ბათუმელების“ კითხვას, გამომდინარე იქიდან, რომ ჰესებში განხორციელებული ინვესტიცია მომგებიანია, პრემიერის ან ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის ოჯახი ხომ არ აპირებს სამომავლოდ ამ ბიზნესში ჩართვას, პრემიერმა ასე უპასუხა:

 

„მე არ მაქვს კონკრეტული გეგმები, მაგრამ 30-ში დაფუძნდება ის ფონდი, რაზეც მე ვსაუბრობ. ჩვენ გვექნება პრეზენტაცია თანაინვესტირების ფონდის, რომელიც იყო ჩემი იდეა, რომელშიც, არ ვიცი ბოლო შედეგებით, ხუთი თუ ექვსი მილიარდი არის გაცხადებული კაპიტალი. იქ არის ჩემი კაპიტალიც. ამ ფონდის იდეაა ის, რომ ყველა უცხოელს და არამარტო უცხოელს, ვისაც სურვილი ექნება ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციები გააკეთოს, გამზადებული ფონდი, ძალიან მაღალი დონის მენეჯმენტით, იქნება, რომელსაც შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ რენტაბელურ პროექტში. ეს არ არის სოციალური პროექტი, ესაა რენტაბელობაზე გათვლილი. მე არ გამოვრიცხავ, რომ იმ ფონდიდან ნაწილი ჰესების მშენებლობაში ჩაიდოს. რაც მთავარია, ძალიან ძლიერი ფონდი იქმნება და ძალიან გააიოლებს ეს ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში, რამეთუ უცხოელებს ყოველთვის დიდი სურვილი აქვთ ადგილობრივი პარტნიორი ჰყავდეთ. ადგილობრივი პარტნიორი ეყოლებათ ძალიან მაღალი დონის მენეჯმენტით. ევროპული ტიპის გამჭვირვალე მენეჯმენტით, და ეს ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოდინების დაჩქარებას,“ –  განაცხადა პრემიერმა. 

 

 

ივანიშვილის განცხადებით საქართველოს უჩნდება შანსი, გახდეს ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა და ელექტროენერგია გაიტანოს ექსპორტზე. პრემიერის განცხადებით ეს პროექტი არ დააზარალებს გარემოს. მას მაგალითად შვეიცარია, ნორვეგია და ავსტრია მოჰყავს.

 

 

„ჩვენ შევინარჩუნებთ საუკეთესო ნაწილს ბუნების, მაგრამ რაღაც პატარა მსხვერპლი უნდა გავიღოთ იმისათვის, რომ ქვეყანას მარტო ბუნება არ ჰყოფნის და ჭირდება შესაბამის ეკონომიკა. ეკონომიკა კიდევ ენერგიის გარეშე არ იქნება,“ –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

პროექტში ჩართული კომპანიები და საჩივრები

 

 

პროექტის განმხორციელებელი კომპანიები Tata Power,  Clean energy Invest  და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFჩ  პირობას დებენ, რომ ჰესების კასკადის მშენებლობაზე ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან. მათივე ინფორმაციით დღეისათვის შუახევში შექმნილია გადამზადების ცენტრი, რომელშიც დასაქმების მსურველები სპეციალურ კურსს გადიან. ამ ეტაპისთვის 458 სტუდენტია გადამზადებული, ხოლო 104 სწავლობს.

 

 

„თათა“  ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ კომპანიისTata Tea Limited  – ის წინააღმდეგ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ომბუდსმენთან ამჟამად საჩივარია შეტანილი. საჩივარში საუბარია ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ჩაის პლანტაციებში მომუშავე და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მუშათა უფლებების დარღვევაზე. მომჩივნები კომპანიას ხანგრძლივი სამუშაო დღის, არასათანადო კომპენსაციის, ცუდი ჰიგიენური და ჯანდაცვის პირობების, ასევე მუშათა გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის გამო უჩივიან. საჩივრის ერთ-ერთი ნაწილი მუშათა მიერ კომპანიის აქციების ყიდვას ეხება. მომჩივანთა მტკიცებით მუშებმა ზეწოლის შედეგად იყიდეს კომპანიის აქციები და მათთვის არავის აუხსნია ინვესტირების რისკი. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ომბუდსმენმა საქმე წარმოებაში მიიღო და ამჟამად მისი განხილვა მიმდინარეობს.

 

 

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს. კითხვაზე, რა გარანტიები და ბერკეტები არსებობს იმისათვის, რომ კომპანიებმა კეთილსინდისიერად იმუშაონ და მსგავსი შემთხვევები გამოირიცხოს, ენერგეტიკის სამინისტროში განგვიმარტეს, რომ „თათა“  ჯგუფი პროექტში „Clean energy “-მ ჩართო. შესაბამისად კითხვაზე პასუხი სწორედ ამ კომპანიის პრეროგატივა იყო. 

 

 

„ყველას შრომითი უფლებები დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობით. იცით ალბათ, რომ ჩვენ გვაფინანსებს საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, რომელიც არის მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და მას აქვს საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველანაირად გავითვალისწინოთ და ეს დასაქმება არ გადაიზარდოს მონობრივ ექსპლუატაციაში,“ – განუცხადა „ბათუმელებს“` Clean energy ჯგუფში შემავალი კომპანიის „აჭარისწყალი ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა ნინო დიასამიძემ. 

 

საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია „ IFC“,  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი ორგანიზაციაა. იგი პროექტის ერთ-ერთი ინვესტორია. ეს ორგანიზაცია საქართველოში სხვა პროექტებშიც მონაწილეობდა. ერთ-ერთი პროექტი. რომელშიც IFC -მ 250 მილიონი ამერიკული დოლარი ჩადო, ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი იყო. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის წინააღმდეგ „CAO “-ში, მრჩეველი ომბუდსმენის ოფისში საქართველოდან 25 საჩივარია შესული. საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა მიზეზით ჩიოდნენ კომპანიის წინააღმდეგ, მათ შორის კომპენსაციის გაუცემლობისა და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. 

 

 

„როდესაც IFC  აფინანსებს პროექტს, კომპანია ვალდებული ხდება შეასრულოს მსოფლიო ბანკის/ IFC -ის მოთხოვნები, მისი პოლიტიკა. როდესაც პოლიტიკა ირღვევა, დაზარალებულს აქვს უფლება შეიტანოს საჩივარი IFC -ის ომბუდსმენთან, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC ) დამოუკიდებელ დამხმარე მექანიზმს (საჩივრების განხილვის მექანიზმს). პროექტში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ჩართულობა, ზოგადად, ნიშნავს, რომ კომპანიას მოეთხოვება ეროვნულზე (ქართულზე) უფრო მაღალი სტანდარტების შესაბამისად მუშაობა, მაგრამ არ გამორიცხავს ამ მოთხოვნებთან შეუსაბამობას პრაქტიკაში, პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისას,“ – აცხადებს ასოციაცია  „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე.

 

ადგილობრივი მოსახლეობა და დასაქმება

 

16 სექტემბერს, „შუახევიჰესის“ პრეზენტაციის დაწყებამდე, იმ ადგილიდან მოშორებით, სადაც ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი, სოფელ ბესელაშვილებში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე იყო შეკრებილი. მათ შორის იყო ნოდარ დიასამიძეც, რომელიც დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა.

 

 

„მე სამოცდაათი წელია აქ ვცხოვრობ, არსად არ წავალ და ზარალი არ მოგვეცემა. ორმოცი მოსახლე ცხოვრობს გაღმა სოფელში. ზარალი რომ მიეცეს, სად წავიდეთ ხალხი მერე. არასწორი მოქმედებაა ესა. რომ აკეთებენ, მოსახლეობას თუ დაეკითხნენ, სადმე არ წავა ეს ხალხი,“ –  უთხრა „ბათუმელებს“ სოფელ ბესელაშვილებში მცხოვრებმა ნოდარ დიასამიძემ.

პრემიერ-მინისტრმა „შუახევიჰესის“ დაფუძნების ცერემონიალის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის აპირებდა ადგილობრივებთან გასაუბრებას. მოსახლეობა, რომელიც პრემიერს იქვე, ჰესის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა, მადლობას უხდიდა იმისათვის, რომ „ასეთი კარგი საქმე დაიწყო“ და დასაქმებას სთხოვდნენ.

 

 

„ჩვენ გვინდა, რომ ამ პროექტის მშენებლობაში დასაქმებული იყოს ადგილობრივი მოსახლეობა. ამ მიზნით გავხსენით შუახევში პროფესიული გადამზადების ცენტრი. ჩვენთვის რომ მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობა, არც გავაკეთებდით ამ ცენტრს. დაგეგმილია 600-მდე ადამიანის გადამზადება. თუმცა ყველა ვერ დასაქმდება. მაქსიმალურად ვეცდებით იმ სოფლების მოსახლეობა იყოს დასაქმებული, სადაც ეს პროექტი ხორციელდება,“  –  უთხრა „ბათუმელებს“ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა ნინო დიასამიძემ.

 

 

 

ჰესების გავლენა გარემოსა და მოსახლეობაზე

 

„შუახევიჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით „შუახევიჰესის“ პროექტი ითვალისწინებს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას და ოპერირებას, საერთო დადგმული სიმძლავრით – 185 მვტ. გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაცია უპირატესად მოხდება თურქეთის ენერგობაზარზე, ხოლო ენერგოდეფიციტის პერიოდში (დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში) ელექტროენერგიის მიწოდება მოხდება საქართველოს ენერგოსისტემაში.

 

 

რამდენად უსაფრთხოა ჰესი და შეცვლის თუ არა მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებთა საბინადრო გარემოს? „შუახევიჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტში ვკითხულობთ:

 „აჭარაში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად შეიძლება გზებსა და ხიდებს პრობლემა შეექმნას. არსებობს გზების გადაკეტვის და ხიდების ამორტიზაციისა და მწყობრიდან გამოსვლის რისკები, რამაც შესაძლებელია სოფლებთან კომუნიკაციის გაწყვეტა გამოიწვიოს. პროექტის უშუალო ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც პრაქტიკულად ზემოაღნიშნული პრობლემების მიმართ მოწყვლადი არიან, წარმოადგენს სოფლები კვატია, დიდაჭარა, მახალაკიძეები, დაბა ხულო, დაბა შუახევი და დაბა ქედა“.

 

 

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლის თქმით, რისკები გათვლილია და მინიმუმამდეა დაყვანილი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, კომპანია ვალდებულებას იღებს, ზიანი აღმოფხვრას.

„თუ რაიმე ზიანი მიადგება, ვთქვათ, მშენებლობის პერიოდში მძიმე ტექნიკის მოძრაობის დროს დაზიანდა რაიმე, მაგალითად, ან სახლი დაუზიანდა, ან გვირაბის გაყვანის დროს წყალი დაიკარგა, ან რაღაცა ესეთი შემთხვევები, კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ აანაზღაურებს ზარალს,“ –  ამბობს ნინო დიასამიძე.

 

 

ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა შუახევში 2016 წელს უნდა დასრულდეს.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი