ვატიკანზე რვაჯერ დიდი – ივანიშვილის მიწები საქართველოში [რუკა/ინფოგრაფიკა]

ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და ყოფილ პრემიერთან დაკავშირებული კომპანიები საქართველოში სულ მცირე 198 მიწის ნაკვეთს ფლობენ. ივანიშვილის სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო მიწების საერთო ფართობი, ჯამში, 3692922.4 კვადრატული მეტრია, შესაბამისად, 369 ჰექტარზე  ცოტა მეტი.

ბიძინა ივანიშვილს საქართველოში უძრავი ქონების დიდი ნაწილი 2012 წლამდე აქვს შეძენილი, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კიდევ არაერთი ტერიტორია იყიდა. დასავლეთ საქართველოში მიწის ნაკვეთების უმეტესობა ციცინო ივანიშვილზე (დედა) იყო რეგისტრირებული, რომელიც ყოფილ პრემიერს ეტაპობრივად გადაჰქონდა ჯერ თავის სახელზე, ხოლო შემდეგ- ბერა ივანიშვილისა და მისი კომპანიების კუთვნილებაში. მაგალითად, 2012 წლის იანვარში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მიწის ნაკვეთების უდიდესი ნაწილის მესაკუთრე ბერა ივანიშვილი გახდა, ხოლო 2017 წლის თებერვალში თითქმის მთელი ეს ქონება ყოფილი პრემიერის შვილმა შპს ურეკი რეზიდენსის სახელზე გადააფორმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი მიწების უდიდეს ნაწილს თბილისში ფლობს, კერძოდ: სოლოლაკის ქედის, კოჯრის გზატკეცილის, ბოტანიკურ ბაღის მიმდებარედ და იპოდრომის ტერიტორიაზე. მეორე ადგილზეა გურიის მხარე – სოფელი ნატანები და შეკვეთილი. თბილისისა და გურიის შემდეგ იმერეთი ლიდერობს, კერძოდ, სოფელი ჭორვილა, სადაც ბიძინა ივანიშვილი დაიბადა.

შენიშვნა: სტატიაში ასახულია ინფორმაცია საჯარო რეესტრის ამონაწერებისა და ყოფილი პრემიერის 2013 წლის ქონებრივ დეკლარაციის მიხედვით. ჩვენ მოვიძიეთ როგორც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის, ასევე, “პანამა ფეიფერსის” მიხედვით, მასთან დაკავშირებული კომპანიების სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთების რაოდენობა.

მასალის გამოყენების პირობები