თბილისის მერიის განმარტებები 1000 ჯიხურის პროექტის ირგვლივ შექმნილ პრობლემებზე

 

თბილისის მერიის პრესსპიკერი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი მიზნად ისახავდა იმ ბარიერების მოსპობას, რომელიც დედაქალაქში ჯიხურების ჩადგმის პროცესს უშლიდა:

 

„ჩვენი გათვლა ოყო ის, რომ მაქსიმალურად მოგვესპო ის ბიუროკრატია და ნაცნობობის პრინციპი. ასე ხდებოდა ადრე ამ ჯიხურების ლეგალიზება. იყო უამრავი პრობლემა, ნაცნობი უნდა გყოლოდა მერიაში, რომ ჯიხური სადმე ჩაგედგა. 1000 ჯიხურის პროექტის ფარგლებში ამ სფეროში ქაოსი დასრულდა“. 

 

თბილისის მერიამ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით “1000 ჯიხურის“ პროექტის განხორციელება გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. გამოცხადებული აუქციონის ფარგლებში პირველი ვაჭრობა 7 ნოემბერს შედგა, სადაც ვაჭრობის ფასი 1000-დან 36 ათას ლარამდე დაფიქსირდა. 

 

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის 900 ლოტიდან მხოლოდ 244-ია იჯარით გაცემული. აუქციონში, რომელიც პრესის გავრცელების ძველი ჯიხურების ნაცვლად ახალი სავაჭრო ჯიხურების დადგმას ითვალისწინებდა დედაქალაქის მასშტაბით, ისეთმა კომპანიებმა (“ნუგეში”, “კოდა”, “კუმისი”) გაიმარჯვეს, რომლებსაც არანაირი შეხება არ ჰქონიათ პრესის გავრცელებასთან.

 

პირველივე აუქციონის შემდეგ, 2011 წლის დეკემბერში თბილისში პრესის გამავრცელებელი კომპანიების – “მაცნეს” და “პლანეტა–ფორტეს” ჯიხურები აიღეს. მათ ჩასანაცვლებლად კი დედაქალაქის მერიამ “1000 ჯიხურის” პროექტის ფარგლებში შემდეგი აუქციონი გამოაცხადა. 

 

„მაცნეს“ და „პლენეტა ფორტეს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ პროექტის შედეგად მათი ბიზნესი დაზარალდა, რადგან იჯარის გადასახადი მაღალია და აღებული ლოტები უკან დააბრუნეს.  კომპანიებმა ბიზნესის  შემცირების ფონზე თანამშრომლები სამსახურიდან გაუშვეს.

 

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში დაბალი აქტივობის მიუხედავად, თბილისის მერიის პრესსპიკერი მიიჩნევს რომ „1000 ჯიხურის“ პროექტი წარმატებულია:  

 

„250 ლოტი არის გასხვისებული, 1000-მდე ადგილი არის  შერჩეული. იჯარის ფასი წელიწადში 1000 ლარია. მოიჯარეს თვეში 80 ლარის გადახდა უწევს.

 

რაც შეეხება ჯიხურის დამზადებას, დიზაინი არის, ნებისმიერ მოქალაქეს შუძლია მისვლა ბანკში და 5 წლიანი განვადების გაკეთება,  რომელიც ასევე თვეში 100 ლარის ფარგლებშია. ის სეგმენტი, რომელიც ამ ბიზნესში მუშაობს აქვს მინიმალური დანახარჯი, ამიტომ ეს გადასახადი სავსებით სამართლიანია.”

 

„1000 ჯიხურის“ აუქციონებში ბიზნესის დაბალ აქტივობას ბაჩო დოლიძე, ბაზარზე არსებულ მოთხოვნა–მიწოდებას და ბიზნესკომპანიების მიერ არასწორ გათვლას უკავშირებს:

 

„პირველად თამასა აწეული იყო ვაჭრობის დროს, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალ ფასად იღებდნენ. ბევრი კომპანია არც უყურებდა ფასს ისე იღებდა ლოტებს. ნაკლებად იყო მანდ ბიზნესგათვლა.“

 

მერიის პროექტს მედიისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, იმ მოტივით, რომ ამ პროექტმა პრობლემები შეუქმნა თავისუფალი პრესის გავრცელებას. ამის შემდეგ, 2011 წლის დეკემბერში შეიქმნა “თავისუფალი პრესის მხარდამჭერი ორგანიზაცია”, რომელმაც პრესის გავრცელების ალტერნატიული პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის თანადამფინანსებელია კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.

 

ამ პროცესების შემდეგ თბილისის მერიის “1000 ჯიხურის” პროექტისადმი ინტერესმა მნიშვნელოვნად იკლო. უფრო მეტიც, როგორც გაირკვა, აუქციონში მოპოვებულ ლოტები გამარჯვებულმა კომპანიებმა უკან დააბრუნეს.

 

ბაჩო დოლიძე „1000 ჯიხურის“ პროექტის ფარგლებში მოგებული ლოტების   უკან დაბრუნების ფაქტს ადასტურებს: „პირველ დღეებში, აქტივობა  მოჭარბებული იყო. არანორმალურად მაღალი ფასი ფიქსირდებოდა. იყო პრეცედენტები, როცა ზოგ ლოტზე 18, 20 ათასი ლარი დაფიქსირდა. ჩვენი გათვლებით ეს არი იყო ლოგიკური ფასი, თუმცა ვიღაცას უღირდა. ნებისმიერ ბიზნესს აქვს თავისი ხედვა. აქედან გამომდინარე ბევრი იყო ისეთი ლოტი, რომელიც დაბრუნდა რადგან მასზე დაფიქსირდა მაღალი ფასი.“

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, „1000 ჯიხურის“ პროექტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა ლოტი არ გაიყიდება.