საქართველოს სინგაპურიზაციაზე ხელისუფლება 2004 წლიდან საუბრობს. ქვეყნის ეკონომიკური კურსის შეფასებისას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სინგაპურის მაგალითებს მუდმივად განიხილავს.
“დღეს ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი სამუშაო ადგილი. საქართველო გახდება ცენტრი რეგიონში იმიტომ, რომ აქ არ არის კორუფცია, არის შრომისმოყვარე საზოგადოება და ეფექტური მთავრობა. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, როგორც ეს განვაცხადეთ 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმით, რომ უმუშევრობა საქართველოში დავიდეს 10 პროცენტზე ქვემოთ. მართალია, ჯერ არ ვართ სინგაპური, მაგრამ ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ სიღარიბე, რომელიც არსებობს, დავივიწყოთ,” – სააკაშვილმა ეს განცხადება 2012 წლის 2 აპრილს საგარეჯოში ვიზიტისას გააკეთა.
კავკასიის ეკონომიური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია ამბობს, რომ „საქართველოში ეკონომიკის და ბაზრის რეგულაციები ბევრად მყიფეა. მოსაზრება იმის შესახებ, რომ სინგაპურის ბაზარი არ რეგულირდება, მცდარია. სინგაპურში ამ კუთხით უფრო მეტი შეზღუდვა არსებობს. ქვეყანას აქვს შესაბამისი კანონმდებლობა. საქართველოს ბაზარზე მონოპოლიები თითქმის ყველა სექტორშია. მთავრობა კანონპროექტს ორი წელი წერდა, ახლა კი პარლამენტი 6 თვეა განიხილავს.“
კავკასიის ეკონომიური და სოციალური კვლევების ინსტიტუტმა სინგაპურის ეკონომიკური კურსი და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა შეიწავლა.
ამ ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი კვლევის თანახმად, სინგაპური თავისუფალი ეკონომიკის ქვეყანას განეკუთვნება და ჰონგ–კონგის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზე დგას.
ეკონომიკის ინდექსმა 2011 წელს 100–დან 87,2 ქულა შეადგინა. მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით გაანგარიშებული მშპ–ს მოცულობა 2010 წელს 291.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით სინგაპური მსოფლიოში 41–ე ადგილზე იყო. მშპ–ს მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე 62 100 აშშ დოლარს შეადგენდა და მსოფლიოში მეხუთე ადგილი ეკავა.
სინგაპურის მშპ–ს მოცულობაში უდიდესი წილი – 71,7 პროცენტი მომსახურების სფეროს უჭირავს. ხოლო დანარჩენი 28,3 პროცენტი – მრეწველობას. სოფლის მეურნეობა ქვეყანაში პრაქტიკულად არ არის წარმოდგენილი, გარდა თევზჭერისა.
2010 წელს სინგაპურში უმუშევრობის დონე 2,2 პროცენტი იყო და მსოფლიოში მე–17 ადგილი ეკავა. ჯინის ინდექსი (საოჯახო მეურნეობათა შემოსავლების განაწილება) 2009 წელს 47,8 პროცენტს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით სინგაპური მსოფლიოში 28–ე ადგილზეა. დათო ნარმანიას შეფასებით, ეს არასახარბიელო პოზიციაა.
კვლევამ აჩვენა, რომ სინგაპურის საგარეო ვალი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2011 წელს დასაწყისისათვის საგარეო ვალი 21,82 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა (74-ე ადგილი მსოფლიოში), რაც ქვეყნის მშპ–სთან მიმართებაში 9,8 პროცენტია. ამის მიუხედავად, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი ბოლო წლებში დადებითია.
სინგაპურში მედია სრულიად სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება. რვა ადგილობრივ სამაუწყებლო ტელევიზიას მართავს სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია „მედია კორპი“. სატელიტური მაუწყებლობა ქვეყანაში აკრძალულია. 18 რადიოსადგური ასევე ზემოხსენებული სახელმწიფო კომპანიის მიერ იმართება, ხოლო დანარჩენი 4 მჭიდროდ არის დაკავშირებული მმართველ პარტიასთან და იმართება სინგაპურის შეიარაღებული ძალების რეზერვისტთა ასოციაციის მიერ.
ქვეყანაში მაუწყებლობს მალაიზიური და ინდონეზიური ტელე და რადიოარხი, ასევე, სხვადასხვა საკაბელო ტელევიზია. ქვეყანა დემოკრატიის ხარისხით, 2010 წლის მონაცემით, 82-ე ადგილზეა და ე.წ. „ჰიბრიდულ რეჟიმად“ იწოდება, რადგან დემოკრატიის შეფასების რამდენიმე კომპონენტი (საარჩევნო პროცესები და პლურალიზმი; პოლიტიკური კულტურა) დაბალია.
სინგაპურში ბაზრის და სხვადასხვა სექტორის რეგულირებისათვის 65 სხვადასხვა სამინისტრო და საბჭო არსებობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნოდარ ხადურის შეფასებით, „გავრცელებული მითი სინგაპურის ბაზრის საყოველთაოდ ღიაობის და რეგულაციების არარსებობის შესახებ მხოლოდ პირობითია. მაგალითისათვის რამდენიმე საინტერესო სააგენტოს დასახელება და ძირითადი ფუნქციებიც კი საკმარისია“ .
კავკასიის ეკონომიური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის კვლევის თანახმად, სინგაპურში ზოგიერთი სპეციფიკური რეგულაციების მოკლე ჩამონათვალი ასეთია: არქიტექტორთა საბჭო, კაზინოების რეგულაციის სააგენტო, ტოტალიზატორთა საბჭო, ცენტრალური სადაზღვევო ფონდი, კონკურენციის კომისია, ქონების სააგენტოთა საბჭო, ეკონომიკური განვითარების საბჭო, სასტუმროების ლიცენზირების საბჭო.
ნარმანიას თქმით, სინგაპურში 15 ორგანოა, რომელიც ბაზრის სხვადასხვა სეგმენტის რეგულაციას ახორციელებს.
სინგაპურის კონკურენციის პოლიტიკის გატარებისათვის უმთავრესი საკანონმდებლო დოკუმენტი „კონკურენციის კანონია“, რომელიც 2007 წელს იქნა მიღებული და 4 წელიწადში მასში სამი ცვლილება შევიდა.
„ამ კანონით აკრძალულია ანტიკონკურენტული შეთანხმებები, გადაწყვეტილებები და საქმიანობა. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. კომპანიების შერწყმა და შეძენა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კონკურენციას“, – ამბობს ნოდარ ხადური.
მისი შეფასებით, სინგაპურის კანონმდებლობით, კარტელურ გარიგებად ითვლება კომპანიათა საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ფიქსირებული (შეთანხმებული) ფასების დაწესებას პირდაპირი და არაპირდაპირი შეთანხმების საფუძველზე. გარიგებად ითვლება ასევე ხელოვნური შეზღუდვები ან კვოტების დაწესება წარმოებაზე (გამოშვებაზე), აუქციონის გაყალბება ან ტენდერებში უკანონო ქმედებები და შეთანხმებები, ასევე, ბაზრის გადანაწილების შეთანხმება.
ნარმანიას შეფასებით, ჩატარებული კვლევის საფუძველზე ცალსახად გამოიკვეთა, რომ „დიდი ქვეყნებისაგან განსხვავებით, პატარა ქვეყნებში მონოპოლიების, ოლიგოპოლიების რეგულირების ღონისძიებები უფრო გამკაცრებულია და ინსტრმუმენტებიც განსხვავებული. ვინაიდან საქართველო პატარა ქვეყანას მიეკუთვნება, აუცილებელია ბაზრის რეგულირების სპეციფიკური ინსტრუმენტების არსებობა“.