პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23 პროცენტი ფინანსურმა სექტორმა მიიღო

2011 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 174 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობიდან 67 პროცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.

სტატისტიკის თანახმად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 1 პროცენტი სოფლიოს მეურნეობაზე მოდის, 2 პროცენტი – ჯანდაცვაზე, 1 პროცენტი – ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე, 2 პროცენტი – სასტუმროებისა და რესტორნების სექტორზე, 8 პროცენტი– მშენებლობაზე, 11 პროცენტი– ენერგეტიკაზე, 23 პროცენტი – ფინანსურ სექტორზე.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ, სადაც ბიზნესებს ხელსაყრელ ბიზენს–კლიმატს, სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას, ლიბერალურ სავაჭრო რეჟიმს, კვალიფიციურ სამუშაო ძალას და ამავე დროს გადასახადებიდან გათავისუფლებას სთავაზობენ. ამჟამად სამი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოქმედებს – ფოთში, ქუთაისსა და თბილისში. თუმცა ზონები არ ფუნქციონირებენ და მათი გავლენა მთლიან შიდა პროდუქტზე ნულის ტოლია.

“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კრიზისის შემდეგ საქართველოს ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა კერძო ინვესტიციების მოზიდვაა.  ამიტომ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ხელისუფლებას შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს: ‘’მთავრობამ აქცენტი იმ რეფორმებზე უნდა გააკეთოს, რომლებიც ადგილობრივი დანაზოგების ზრდას და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს სოფლის მეურნეობას, ვინაიდან ეს დარგი წარმოადგენს დასაქმების და იმპორტის ჩანაცვლების მთავარ წყაროს. ჩვენი რეკომენდაცია იქნება საირიგაციო და დრენაჟის სისტემების მოწესრიგების დაწყება. საფინანსო სექტორში საჭიროა ისეთი რეფორმა, როგორიცაა უმუშევრობის და ინფლაციის დაძლევა გრძელვადიანი სტაბილური ზრდის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკა ფოკუსირებული უნდა იყოს ინფლაციის შემცირებაზე და ადგილობრივი  ბაზრის  გაღრმავებეზე. რაც თავის მხრივ ქვეყნის საბანკო სისტემაში დოლარიზაციის დონეს შეამცირებს. ფისკალური დეფიციტი კვლავ მაღალია, ხოლო სახელმწიფო ვალი სტაბილიზებას საჭიროებს. ამიტომ მთავრობამ ფოკუსირება საიმედო ფისკალური პოლიტიკის გატარებაზე უნდა მოახდინოს, რათა ბაზრისადმი ნდობა აღდგეს.“