ბუენოს აირესელი ხელოვანი თავისი მინიმალისტური გამომხატველობის ენითაა ცნობილი. თავად რეჟისორი ამბობს, რომ მას არ უყვარს “ხელოვნური ატმოსფერო და ტექსტის ორგანიზება”, რადგანაც ეკრანის იქით მაინც არაფერი ხდება.
ფილმში მართლაც არაფერი ხდება, ადამიანები მიდი–მოდიან, მუსიკას უკრავენ, ჭამენ–სვამენ, სძინავთ, ტუალეტის კართან დგანან, მანქანის საჭესთან სხედან, ნამზეურს იღებენ, ლიფტით მგზავრობენ, ტელეფონს პასუხობენ, საუბრობენ არაფერზე, დადიან ფსიქიატრთან, ეძებენ დაკარგულ ძაღლს. ერთადერთი დასამახსოვრებელი ქმედება, რომელიც ეკრანზე ხდება, ესაა თინეიჯერი მარიანოს მიერ ეზოში ბალახის გასხვლის დროს მიწაში ჩაფლული რევოლვერის პოვნა, მერე – საძინებელ ოთახში თვითმკვლელობა, ორი გასროლა თავსა და მუცელში და კედელში ორი ნატყვიარი. სუიციდი, რომელიც სიკვდილით არ სრულდება. არც სისხლი–ტკივილი ჩანს და არც მთელი ფილმის განმავლობაში თავად მთავარი გმირი, რომლის არსებობა დედამისის, ძმისა და უცხო ადამიანების უაზრო მიმოსვლაში გავიწყდება კიდეც. როგორც “მთავარი გმირი” განმარტავს, “თავის მოკვლა იმიტომ უნდოდა, რომ იმ დღეს უბრალოდ ძალიან ცხელოდა”.
მართინ რეჯთმენის პირველი ფილმი “თავგადახოტრილი” (1992), რომელიც მოტოციკლეტისტი ყმაწვილის ცხოვრების ერთ ეპიზოდს აღწერს და რომელმაც ლოკარნოს კონოფესტივალზე “ოქროს ლეოპარდიც” დაიმსახურა, კრიტიკოსებმა მოიწონეს (კინოკრიტიკოსების ჯილდოც გადასცეს, ოღონდ ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან ხუთი წლის შემდეგ), თუმცა მას მერე მათმა კეთილგანწყობამ საგრძნობლად იკლო. არადა თავიდან ამ რეჟისორს ჯარმუშსა და აკერმანს ადარებდნენ, მერე კი რეჯთმენის ფილმები დროის მოკვლის მტანჯველ საშუალებად გადაიქცა, ერთგვარ ნატურალიზმად უსასრულო პაუზებით, მოქმედი პირების ლეთარგიული ძილითა და ერთმანეთთან დაუკავშირებელი მიზანსცენებით.